რა ელის სამხრეთ კავკასიას - კვირის პალიტრა

რა ელის სამხრეთ კავკასიას

რუსეთის  სამხრეთკავკასიელ მეზობლებს აინტერესებთ, რას შეიძლება ნიშნავდეს მათთვის ტახტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნება.

პუტინის ეს ნაბიჯი სომხეთში მხოლოდ ექსპრეზიდენტ ქოჩარიანს გაახარებს. ამ ორ ადამიანს შორის აშკარა მსგავსებაა: ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ 2008 წელს თანამდებობა ორივემ დატოვა და ხელისუფლება სანდო მემკვიდრეებს გადასცა. ქოჩარიანმა ყოფილი მოკავშირის დაბრუნებაში შეიძლება საკუთარი სახელმწიფო კარიერის განახლების შანსი დაინახოს, თუმცა მნიშვნელოვანი სხვაობაც არსებობს. პუტინი რუსეთში მართლაც პოპულარულია. ქოჩარიანი სომეხთა დიდ ნაწილს თვალში არ მოსდის და მისი დაბრუნების მცდელობას ხალხი წინ აღუდგება. პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეს იცის და შეუძლია დაეყრდნოს ოპოზიციონერ მოღვაწეთა ფარულ მხარდაჭერას.

საეჭვოა, აზერბაიჯანში ილჰამ ალიევმა ეს ამბავი შამპანურით აღნიშნოს. პუტინთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობა მას  2006 წელს გაუფუჭდა, როდესაც მხარი არ დაუჭირა პუტინის გეგმას, საქართველოს იაფი გაზის გარეშე დატოვების შესახებ, თუმცა, 2008 წლის ივლისში, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, მათ რუსეთ-აზერბაიჯანის პარტნიორობისა და თანამშრომლობის უზარმაზარ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

საქართველოში რეალობა გაცილებით მძიმეა. პუტინი და საქართველოს ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს თვალით დასანახად ვერ იტანენ. ეს ორი ქვეყანა ომობდა, და გაისად პუტინის დაბრუნებასთან ერთად მათი მტრობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესების გარანტიაა.

პუტინი პრაგმატიკოსია. მას სხვა და, ჩანს, უფრო სუსტი რუსეთის მართვა მოუწევს, რუსეთისა, რომლის ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია 2008 წლისგან მკვეთრად განსხვავდება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ საკუთარი ძალაუფლების და ავტორიტეტის გამოყენებას შეეცდება იმისთვის, რომ კავკასიის შარლ დე გოლი გახდეს, შესთავაზოს რა თავის პატარა სამხრეთელ მეზობლებს დიდი სტრატეგიული ზავი რუსეთის მხრიდან. ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელი.

"ნეიშნლ ინტერესტი", აშშ