საქართველო პუტინის ფიქრებში - კვირის პალიტრა

საქართველო პუტინის ფიქრებში

მოსკოვის ბიზნესფორუმზე კრემლის ბოსს, ვლადიმირ პუტინს ჰკითხეს, - შევა თუ არა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამ რამდენიმე თვეშიო.პუტინმა უპასუხა, რომ ვაშინგტონის მთავრობა ცდილობს, "ქართულ საკითხს ამოეფაროს", რათა ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრება დაბლოკოს. ამ ცინიკური და აშკარად ყალბი ბრალდებით შეიძლება გავარკვიოთ პუტინიზმის შემდგომი კურსი, რომელიც, თუ კუნთმაგარი კაცი თავისას მიაღწევს, ათწლეულობით გაგრძელდება.

კავკასიაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საქართველო, რომლის დამოუკიდებლობა, ლიბერალური დემოკრატია და შეერთებული შტატების მოკავშირეობა აღიზიანებს კრემლს, მსო-ს წევრია და, შესაბამისად, რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრებას უნდა დაეთანხმოს. პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა არა მხოლოდ აკრძალა ქართული პროდუქტების უმეტესობის იმპორტი, არამედ 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ, მისი ორი პროვინციაც ოკუპირებული აქვს. მოსკოვი გამაოგნებელი წარუმატებლობით ცდილობს, ეს ანკლავები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნონ.

საქართველო აცნობიერებს, რომ ვერ გამოიყენებს მსო-ში გაწევრების პროცესს ამ რეალობის შესაცვლელად, მაგრამ არც ის უნდა, რომ მისი პროვინციების დაკარგვა დაადასტუროს. რუსეთი კი უარს ამბობს ამ ორ რეგიონში თავისი ექსპორტის ნებისმიერ მონიტორინგზე და აცხადებს, რომ არ მოაწერს ხელს არც ერთ შეთანხმებას, რომელიც მისი მსო-ში გაწევრების პირობად იქცევა.

პუტინის განცხადების ცინიზმი ის არის, რომ (და ეს მანაც კარგად იცის) ობამას ადმინისტრაცია რუსეთის მსო-ში გაწევრებას თავის უპირველეს მიზნად მიიჩნევს და პრეზიდენტმა პირადად გადადო თავი ამისთვის. პუტინი კი ამ დროს ამბივალენტურადაა განწყობილი. მან განაცხადა, -”ჩვენ მსო-ში გაწევრების პლუსებსაც ვხედავთ და მინუსებსაცო. ეს იმას ნიშნავს, რომ მან საკითხი საკუთარი მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენოს. პუტინმა განაცხადა: -”თუ აშშ-ს მართლაც უნდა ჩვენი გაწევრება, ამას ერთ ღამეში მოახერხებდაო.”ე.ი. ის ელის, რომ ობამა იძულებით მიაღებინებს საქართველოს რუსეთის პირობებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა გვითხრეს, რომ ეს არ მოხდება. სხვა ფაქტორების გარდა, თეთრ სახლს დასჭირდება საქართველოს მეგობარი კონგრესმენების მხარდაჭერა რუსეთის მსო-ში გაწევრებასთან დაკავშირებული კანონის მისაღებად. მაგრამ პუტინი ორივე შემთხვევაში მოიგებს: თუ საქართველოს არ აიძულებენ, ის შეძლებს საქართველო იმაში დაადანაშაულოს, რომ ვერ გაწევრდა სავაჭრო ორგანიზაციაში, რომელიც კრემლის კორუფციულ ქსელს შეუშლიდა ხელს.

ბატონო პუტინ, თქვენ ოდნავაც არ შეცვლილხართ.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ