არჩევნები და ოლიმპიადა - ცვლილებების კატალიზატორი - კვირის პალიტრა

არჩევნები და ოლიმპიადა - ცვლილებების კატალიზატორი

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ შეცვლილა, მაგრამ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში მომავალმა არჩევნებმა შეიძლება რაღაც ცვლილებები მაინც გამოიწვიოს;თუმცა, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადამდე ეს მაინცდამაინც მოსალოდნელი არ უნდა იყოს.

ბოლო დროს მოსკოვმა მიანიშნა, რომ შეიძლება საქართველოდან მოგლეჯილი სამხრეთ ოსეთის შთანთქმის საკითხიც დააყენოს. ამას ადასტურებს კრემლის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთოსური პოლიტიკური მოძრაობის "სახალხო ფრონტის" განცხადება, რომ თუ მიზეზთა გამო სამხრეთ ოსეთის ახალი ლიდერის ლეგიტიმური არჩევა შეუძლებელი გახდა, მაშინ "სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ხელოვნური საზღვარი უნდა გაუქმდეს, სამხრეთი უნდა მიუერთდეს ჩრდილოეთს", რომელიც რუსეთის ნაწილია.

ამ პროცესის რეალურად ამოქმედებას შეიძლება ხელი შეუწყოს რამდენიმე მოვლენამ - პირველია 13 ნოემბერს სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნები არაერთგვაროვანი იქნება, რადგან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და მიკრონეზიის რამდენიმე შტატმა. დანარჩენი მსოფლიო კი სამხრეთ ოსეთს, ისევე როგორც აფხაზეთს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

საქმე ის არის, რომ ამ რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა ოპოზიციონერი კანდიდატის, ჯამბულათ თედეევის დარეგისტრირებაზე, კოკოითის სასურველი კანდიდატის, ანატოლი ბიბილოვის სასარგებლოდ. კომისიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ცხინვალში, სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში, ხალხმრავალი საპროტესტო აქციებიც გაიმართა. თუ არჩევნების დღეებში კვლავ მსგავსი რამ განმეორდა, რუსეთი ამას ორი ოსეთის გაერთიანების საბაბად გამოიყენებს.

მეორე, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის საბოლოო შთანთქმას, გახლავთ 2011 წლის დეკემბერში რუსეთში საპარლამენტო, ხოლო გაისად მარტში - საპრეზიდენტო არჩევნები. ვლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი ადგილებს გაცვლიან...

მედვედევმა ადრე განაცხადა, ორი ოსეთის გაერთიანების წინა პირობას ვერ ვხედავ, ეს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ხალხის ნება-სურვილზეა დამოკიდებულიო. საქართველოში ეჭვობენ, რომ ეს განცხადება კრემლის მიერ სამხრეთ ოსეთის ანექსიის გაგრძელების მიმანიშნებელია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ახლო მომავალში რაიმე სახის შეიარაღებული კონფლიქტი გამორიცხულია - მიზეზი 2014 წლის ოლიმპიადაა.

რუსეთს უნდა, ამ ოლიმპიადით მსოფლიოს თავისი მნიშვნელობა და სტატუსი აჩვენოს. ამიტომ მოსკოვი კონტრაქტებს აფორმებს მრავალრიცხოვან უცხოურ კომპანიებთან და მათთან ერთად ქმნის ინფრასტრუქტურას, უზარმაზარ თანხებს ხარჯავს რეგიონის ეკონომიკური აღმავლობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ის, რომ სოჭი მოუსვენარ ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოსთვის მოგლეჯილი აფხაზეთის ახლოსაა, კრემლს უსაფრთხოების გაძლიერების განსაკუთრებული ზომების მიღებას აიძულებს. გამოდის, რომ რუსეთის ინტერესებშია მთელ კავკასიაში სიმშვიდის დამყარება, მათ შორის, საქართველოსთან, რათა ხიფათი არ დაემუქროს ესოდენ მნიშვნელოვან ღონისძიებას - 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას.

სტრატფორი, აშშ