ოლიგარქის მოვლინება - კვირის პალიტრა

ოლიგარქის მოვლინება

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ადრე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი "როსიისკი კრედიტი" ეკუთვნოდა, მიუხედავად ამისა, მაინც მოკრძალებით იდგა განზე და საქართველოს პოლიტიკაში არ ერეოდა. ამით ის ძალზე განსხვავდებოდა რუსეთში გამდიდრებული ქართველი ოლიგარქებისგან, კახა ბენდუქიძისა და ბადრი პატარკაციშვილისგან.

ცხრა წლის წინ მილიარდერი სამშობლოში დაბრუნდა, მშობლიურ ჭორვილაში დაფუძნდა და მილიონების ხარჯვა დაიწყო გზების, ტაძრების, თეატრების მშენებლობაში. თბილისში იაპონელი არქიტექტორის შინ ტაკამაცუს პროექტით აშენებულ ფუტურისტულ ბიზნესცენტრში მას ხელოვნების უნიკალური ნიმუშები აქვს. ბევრი ქართველი აღფრთოვანებულია მისით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვებში 2008-2009 წლებში ის ერთ-ერთი უპოპულარესი პიროვნება იყო.

7 ოქტომბერს მისი დემარში შედგა: ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დრო წავიდა, პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს და პარტიას ქმნის, რომელიც უმრავლესობით გავა მომავალ პარლამენტში. ეს მეხის გავარდნას ჰგავდა. თავდაპირველად, ზოგს ეგონა, რომ ეს ოპოზიციის დასაყოფად გამიზნული მთავრობის სტრატეგია იყო, მაგრამ სამთავრობო წრეები ისეთ შოკში ჩაცვივდნენ, რომ ეს ეჭვი მალე გაქარწყლდა. პარლამენტის წევრებმა ივანიშვილი პუტინის ხაზის გამტარებლად გამოაცხადეს, მაგრამ ესეც არადამაჯერებელი იყო - ივანიშვილი რუსეთში ცხრა წელია არ ყოფილა. ოლიგარქს იმდენი ფული კი აქვს, რომ არავის ემსახუროს, პარტნიორებად კი პროდასავლელი პოლიტიკოსების არჩევა ცხადყოფს, რომ მას მოსკოვთან არაფერი აკავშირებს. ივანიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა. მართალია, ქართველებს არ სურთ პუტინისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიცემა, მაგრამ რუსეთთან ვაჭრობა და იქ თავისუფლად მიმოსვლა ნამდვილად უნდათ.

ხელისუფლების სიხისტე ივანიშვილს ზედმეტი ქულების მოპოვებაში დაეხმარა. ნაცვლად იმისა, მისალმებოდნენ პოლიტიკურ არენაზე გამოჩენილ ახალ მეტოქეს, ბიზნესმენს თავს ესხმიან სახელმწიფო სატელევიზიო ეთერში და "ფულის გათეთრების ბრალდებით" მის ბანკს აყადაღებენ.

საქართველოს მესიების პრობლემა აქვს. ბოლო სამი პრეზიდენტი ხმის უმრავლესობით, თითქმის 90%-ით აირჩიეს. ყველა მათგანი უამრავ დაპირებას იძლეოდა, მერე კი ამომრჩეველს იმედს უცრუებდა. ამიტომაც, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელია, "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა რომ განაცხადა: "მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში და ევროპას გავაკვირვებ საქართველოში შექმნილი დემოკრატიით". საქართველოს კიდევ ერთი მხსნელი არ სჭირდება. მეორე მხრივ, ივანიშვილს აშკარა პოლიტიკური ინსტინქტი აქვს. მან საჯაროდ თქვა ის, რაზეც თბილისში ჩურჩულებენ.

ჯერ ძალიან ადრეა იმის განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს ივანიშვილის დემარში. ამჟამად მისი გამოჩენა პოლიტიკურ სცენაზე გამაჯანსაღებელი შოკია საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ძლიერ გავლენას განიცდის.

ახლა, როცა პოლიტიკური სივრცე გაიხსნა, საქართველოში შეიძლება ნამდვილი შეჯიბრება დაიწყოს.

"ნეიშნლ ინტერესტი", აშშ