"სარაჯიშვილი" ქართულ ღვინოებს გზას გაუკაფავს - კვირის პალიტრა

"სარაჯიშვილი" ქართულ ღვინოებს გზას გაუკაფავს

პირველი ქართული ალკოჰოლური სასმელების კომპანია, რომელიც შეიძლება რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს, ძვირფასი კონიაკის მწარმოებელი სააქციო საზოგადოება "სარაჯიშვილია".რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, ეს კომპანიის პროდუქციის ხარისხის შემოწმების შემდეგ გადაწყდება. ასე რომ, ახალ 2012 წელს რუსეთის მოსახლეობა შეიძლება ქართული კონიაკით შეხვდეს, რასაკვირველია, თუ ამ საქმეში არ ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ონიშჩენკოს "ვიღაც მანიაკი" უწოდა.

ბათუმში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა "სამტრესტის" თავმჯდომარე ვასილ მანაგაძე - მსოფლიოს ბაზარზე კუს ნაბიჯებით შევდივართო, ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა. როგორც ჩანს, რუსეთის გარდა, ნებისმიერ სხვა ბაზარს გულისხმობდა.

"საქართველოს ღვინის წარმოების უსაზღვრო პოტენციალი აქვს და საერთოდ არ უნდა დადგეს ეს საკითხი - გავალთ თუ არა რუსეთის ბაზარზე", - ბრძანა პრეზიდენტმა. ქართველი ბიზნესმენები კი სულ სხვაგვარად ფიქრობენ. "სარაჯიშვილის" გენერალური დირექტორის თქმით, მან რუსეთში თავისი პროდუქციის დაბრუნების საკითხი 2006 წელს, ქართულ იმპორტზე აკრძალვიდან რამდენიმე თვეში დასვა, მაგრამ მხოლოდ ამ დღეებში მიიღო მოსკოვიდან შეკითხვა, რა პროდუქციას უშვებს კომპანია და შეიძლება თუ არა რუსმა ექსპერტებმა შეამოწმონ მისი ხარისხი. სააქციო საზოგადოება "სარაჯიშვილმა" თანხმობა განაცხადა. კომპანიის გენერალური დირექტორის ელგუჯა ბუბუტეიშვილის თქმით, ლაპარაკია რუსეთის ბაზრისთვის ქართული ელიტური მარკის კონიაკის მიწოდებაზე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ფრანგულ კონიაკს და ღირსეულ კონკურენციას გაუწევს იმ ელიტურ კონიაკებს, რომლებიც ახლა რუსეთში იყიდება.ბუბუტეიშვილის აზრით, საქართველოს მთავრობამ ამ საქმეს ხელი უნდა შეუწყოს, რადგან რაც  მეტ ბაზარს მოიპოვებენ, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.

"სარაჯიშვილის" წარმოებული კონიაკები - "ენისელი", "არაგვი", "ვარციხე", "გრემი", "თბილისი" - ემბარგომდე რუსეთში კარგად იყო ცნობილი, ახლა კი ქართული კონიაკი მიეწოდება უკრაინას, ყაზახეთს, სლოვაკეთს, ბელორუსს, გერმანიას, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს. "რუსული მხარის მოთხოვნით ღვინის მწარმოებელი კიდევ ხუთი კომპანია აგროვებს დოკუმენტაციას", - განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ, რომელიც მწარმოებლებსა და "როსპოტრებნადზორს" შორის შუამავლობს. დეპუტატი ირწმუნება, რომ ახალი წლისთვის რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო შევა და რომ არა ამ პრობლემის საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიზება, მეტი ქართული კომპანია მოინდომებდა რუსულ ბაზარზე დაბრუნებას. ქართველ ღვინის მწარმოებლებსა და რუსეთის იმპორტიორებს შორის პირადად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დგასო, - ამბობს ბატონი კუკავა, რასაც ადასტურებს პრეზიდენტის განცხადება, საქართველო ვიღაც მანიაკ ონიშჩენკოზე არ უნდა იყოს დამოკიდებულიო.

"მოსკოვსკიე ნოვოსტი", რუსეთი