გამოცხადებული სადიზმი და გამოცოცხლება სიკვდილის შემდეგ! - კვირის პალიტრა

გამოცხადებული სადიზმი და გამოცოცხლება სიკვდილის შემდეგ!

ვცდილობ, ხშირად არ შევაწუხო ჩემი მკითხველი საკუთარი ემოციების გამომზეურებით და ისედაც დამძიმებული ცნობიერება კიდევ უფრო არ დავუმძიმო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ემოციები ერთი ადამიანის გულში აღარ ეტევა და გადმონთხევას ლამობს! დიახ, გადმონთხევას... ამიტომაც შევეცდები, პოლიტიკური წიაღსვლებით არ დაგღალოთ და მხოლოდ ემოციებით გესაუბროთ ამ ჩვენს "გამო(ცოცხ)ლებულ" რეალობაზე.

...ეს არ იყო ე.წ. "სისტემური მარცხი", ეს ბევრად მასშტაბური და თავზარდამცემი ტრაგედია იყო.

...ეს იყო გამოცხადებული სადიზმი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!

...ეს იყო მსოფლიო დონის დისკრედიტაცია, დანაშაული,  სირცხვილი კაცობრიობის წინაშე და უპირველესად ჩვენი ერის ისტორიისა და წინაპრების შეურაცხყოფა. ის კადრები, რომლითაც ხელისუფლებამ (დიახ, ხელისუფლებამ) "თვალები დაგვთხარა" და გაუგონარი სისასტიკე და ხილული ცინიზმი გვაჩვენა (რა მნიშვნელობა აქვს, ეს ვინმემ იცოდა თუ არ იცოდა, თუ არ იცოდა - მით უარესი, იქნებ სხვა სტრუქტურებშიც არიან მსგავსი "უდედო" დოქსოპულოები), დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდხანს არ ამოვა ჩვენი ისედაც მრავლისმნახველი მეხსიერებიდან, მეტიც, ჩვენს გენეტიკურ კოდში სამუდამოდ ჩაიბეჭდება და მომდევნო თაობებსაც არ მისცემს მოდუნების საშუალებას, არასოდეს დაუკარგავს იმის განცდას, რომ ასე ცხოვრება აღარასოდეს შეიძლება... ეტყობა, საზოგადოებას ეს როზგი უნდა ეწვნია, რომ გამოვფხიზლებულიყავით და დავფიქრებულიყავით, სად ვართ...

...ეს იყო ერთგვარი ელექტროშოკი მომაკვდავისთვის, რომელიც რეანიმაციაში შეიყვანეს, ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში, მაგრამ ღვთის ნებით,  ბოროტებაზე გამარჯვებული და მოყვასის სიყვარულის მადლით გა(ცოცხ)ლებული დაბრუნდა უკან.

...ეს იყო "თვალებდათხრილი" საზოგადოების მყისიერი გამონათება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, სიკაშკაშე სულ უფრო მოემატება, ყველა ბნელით მოცულ წყვდიადს ჩასწვდება და ერთხელ და სამუდამოდ ამოაშრობს იმ შმორის სუნს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ასე მწარედ მოგვხვდა ყველას ცხვირში...

...ეს იყო დამცირების, გაბრაზების, გამწარების კვირა, რომელიც, საბედნიეროდ, მებრძოლი ახალგაზრდული სულის ყივილით, უპრეცედენტო სოლიდარობისა და მოყვასისადმი სიყვარულის გულწრფელი ამოფრქვევით დასრულდა... ჩვენ ვცოცხლობთ!

...ეს იყო წამიერი სიკვდილი, რასაც მოჰყვა საყოველთაო გამო(ცოცხ)ლება!

...ეს იყო წამოდგომა, ადგომა, ე.ი. აღდგომა!!! მადლობა ღმერთს, ჩვენ ვცოცხლობთ და აღარასოდეს, აღარასოდეს მოვკვდებით!