აბა, რა ფასი აქვს სამშობლოს! - ყველანი ერთად შვილების გადასარჩენად! - კვირის პალიტრა

აბა, რა ფასი აქვს სამშობლოს! - ყველანი ერთად შვილების გადასარჩენად!

ყველანი ერთად სამართლიანობის გადასარჩენად!

ყველანი ერთად სამშობლოს გადასარჩენად!

საღად მოაზროვნე ადამიანს, მით უმეტეს მშობელს და მამას, არ შეიძლება შვილმოკლული მამის მიმართ, რომელმაც დღემდე ვერ იპოვა სამართალი, თანადგომის, სიბრალულისა და ამავე დროს, ამ ყველაფრის მიმართ უსაზღვრო სიბრაზის განცდა არ გაგიჩნდეს.

კაცი, რომელსაც გვარის გამგრძელებელი საჯიშე ბიჭი დღისით, მზისით მოუკლეს, ექვსი თვე ელოდა სამართლიანობას და პირიქით, ჩვენი მართლმსაჯულების გადამკიდემ, უსამართლობა "იპოვა"! ენით აუწერელია მისი სულისშემძვრელი მდგომარეობა, გაუსაძლისი ტკივილი ღირსების შელახვისა და უსუსურობის განცდა...

კაცმა ისიც კი ვერ დაადგინა, ვინ მოუკლა შვილი. ძალიან მძიმე სურათია, რასაც უსწრაფესად სჭირდება კანონიერი და სარწმუნო განაჩენი, მკვლელების და მათი ხელშემწყობების, დანაშაულის დამფარავების და საქმის ჩამფარცხავების გამოვლენა და უმკაცრესად დასჯა, რომ მსგავსი უბედურება მომავალში მაინც ავიცილოთ თავიდან.

მგონი, მთელი საქართველო თანხმდება იმაზე, რომ ამ საქმეში ჩამფარცხავებიც არსებობენ და დაუსჯელი დამნაშავეებიც. ზუსტად ამას მოჰყვა ის გულწრფელი ემოცია, რაც ჩვენ განაჩენის გამოცხადების დღეს პროკურატურასთან ვიხილეთ, რასაც გადაჰყვა (გადაჰყვა თუ გადააყოლეს, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს) მთავარი პროკურორი, რაც იმ წუთისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გახლდათ.

მაგრამ ის, რაც ჩვენ უკვე მომდევნო დღეებში ვნახეთ, იყო აშკარა და შეუნიღბავი დარტყმის მიყენების მცდელობა ქვეყნის შერყევისა და დესტაბილიზაციისკენ მიმართული, რასაც ასე "ოსტატურად" ჩაუდგნენ სათავეში "ნაცმოძელები". გამოიყენეს რა შვილმოკლული მამის გულწრფელი ემოციები, მზად არიან ქვა ქვაზე არ დატოვონ, ქვეყანა არიონ, თუ დასჭირდათ, სისხლიც დაღვარონ და ამ ნანგრევებზე ისევ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში.

ყოფილი გენპროკურორის მოადგილე გვარამია, რომელიც თავისზე უფროს ქალბატონს საზოგადოების წინაშე უშვერად დედას აგინებს, ხელს ჰკრავს, სუს-ის აგენტს უწოდებს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი იქ დანახვის გამო პროტესტი გამოთქვა, საღამოს გამოდის და საკუთარი ტელევიზიიდან სააგიტაციო დამოძღვრას გვთავაზობს, როგორ უნდა "ვუშველოთ ქვეყანას" და რა ახალი მოთხოვნები უნდა დააყენოს მიტინგმა ხელისუფლების წინაშე, რომ მარტო მთავრობის გადადგომა არ არის საკმარისი და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს სასწრაფოდ; რომ პოლიტიკოსები უფრო თამამად უნდა გამოჩნდნენ მიტინგზე (ვისაც გულისხმობდა პოლიტიკოსებში, ადვილად მისახვედრია) და უფრო მეტი ორგანიზებულობით შეუტიონ ხელისუფლებას. ამ დროს ავიწყდება ის ქალბატონი, რომელიც ცოტა ხნის წინ მთელი ერის წინაშე შეურაცხყო და დედა აგინა.

რაც მთავარია, გვარამიას პოლიტიკოსების გამოძახება ნაწილობრივ გამოუვიდა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, ერჩივნათ საყოველთაო აღშფოთების და ხალხმრავალი მიტინგის ფონზე მომხდარიყო პოლიტიკოსების ჩართვა, მაგრამ მიხვდნენ რა, რომ ხალხი შემოეცალათ, კუპრავამ პროვოკაცია მოაწყო და შეძახილებით, არიქა, მიტაცებენო, წინასწარ განსაზღვრულ გეგმას მიჰყვა (მე ჩემი გზა მაქვს და სარალიძე არ არის ჩემი თანამებრძოლიო) და ედპ-ის ოფისში გადაბარგდა, სადაც მას ელოდნენ კიდეც…

ერთი ფაქტიც მინდა აქვე შეგახსენოთ. 28 აპრილს ამსტერდამში სააკაშვილმა ზუსტად ამ პოლიტიკოსების შეკრება-ტრენინგი ჩაატარა, სადაც, სავარაუდოდ, გასცა განკარგულებები, ვის და როგორ უნდა ემოქმედა. ეს ტექნოლოგიები დღეს იმდენად დახვეწილია სხვადასხვა სპეცსამსახურების კაბინეტებში და არეულობის პროვოცირების იმდენნაირი სცენარი არსებობს, რომ ამ სცენარების სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების პრობლემა არ არის _ არ გამოვა ერთი, მეორეს ჩართავენ, შემდეგ მესამეს და ასე დაუსრულებლად…

ამ ყველაფერში მთავარი და ხაზგასასმელი ის არის, რომ ეს გულზე მჯიღის ცემა და პოლიტიკოსების თუ აქტივისტების ბრაზიანი სახეები და შეძახილები სარალიძისა და მისთანა დაჩაგრული ხალხის დასაცავად კი არ იყო სინამდვილეში მიმართული, არამედ, როგორც თვალნათლივ გამოჩნდა, ყველაფერი არეულობისა და რევანშის დაუოკებელი სურვილით იყო გაჟღენთილი, რასაც საზოგადოება ადვილად მიხვდა.

ორიოდ სიტყვა კუპრავაზეც ვთქვათ, გვარამია ასევე თავის დიდაქტიკურ მონოლოგებში აღნიშნავდა, რომ მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პატრულის ყოფილი თანამშრომელი კუპრავა, რომელიც თურმე შვილმოკლული მამის მეგობარია და პოლიტიკა არ აინტერესებს, არ შეიძლება იყოს "ნაცმოძის" აქტივისტი და ზონდერი იმიტომ, რომ ის ერთი "უბრალო" პატრულის თანამშრომელი იყო, თუმცა, ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს, ეს "უბრალო" მაშინდელი პატრულები რას სჩადიოდნენ რუსთაველზე 7 ნოემბერსა და 26 მაისს. როგორი სისხლის მდინარეები დააყენეს, თვალები დასთხარეს რეზინის ტყვიებით ახალგაზრდებს, "მიშა, მიშას" ძახილით დასდევდნენ სათითაოდ და ხელკეტებით სასტიკად უსწორდებოდნენ. დაგვავიწყდა?!

ეტყობა, ნაპროკურორალ გვარამიას და "ნაცმოძელებს" ჰგონიათ, რომ ხალხს ეს ყველაფერი დაავიწყდა. სად იყვნენ კუპრავა და ძმანი მისნი, როცა სანდრო გირგვლიანს ოქროყანის ტყეში დანებით სერავდნენ და მოკლულ ბუტა რობაქიძეს კრიმინალის იარლიყს აწებებდნენ პატრულის ე.წ. უბრალო თანამშრომლები. რატომ არ აპროტესტებდნენ მაშინ "უფლებადამცველი" კუპრავები?! იმიტომ, რომ მაშინ ასე იყო საჭირო?.. სისტემას და ბელადს ასე სჭირდებოდა?!. თუ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კასრები დაგავიწყდათ, სადაც 25 000 ფაილია ნაპოვნი, რომლებიც სავსეა უდანაშაულო ადამიანების წამებაზე გადაღებული ამაზრზენი ვიდეოებით. ვისაც ეს არ უნახავს, არც ანახოს ღმერთმა, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ვნახე!!!

ვის წარმოედგინა, ყველაზე კეთილ სიზმარშიც კი, მიტინგის ფონზე გადამდგარი ადეიშვილი? ჰოდა, დღეს ეს მოხდა მყისიერად და ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხალხის მთავარი გზავნილი გაიგო და შოთაძე გადადგა. შეიძლება შოთაძეც არ იყოს ბოლო (ვთვლი, რომ ქალბატონი წულუკიანიც გადასაყენებელია არა მხოლოდ ამ ამბის გამო), მაგრამ ის, რომ საზოგადოების გულწრფელ პროტესტს ანგარიში გაეწია, მიმაჩნია, რომ არ არის პატარა მონაპოვარი, რასაც გაფრთხილება სჭირდება, რომ რევანშისა და მოსალოდნელი სისხლის ღვრის სუნით გაბრუებულმა ერთმა ჯგუფმა არ მოახერხოს ქვეყნის არევა, თორემ ესენი რომ ხელისუფლებაში არჩევნებით ვეღარ დაბრუნდებიან, ცხადია!

ახლა, ჩემი აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ხელისუფლებისა და სამართალდამცავების და, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან გაათმაგებული ყურადღება უნდა დაეთმოს, რომ ისევ იმ წრეზე არ წავიდეთ, რაზეც აგერ უკვე 30 წელია დავდივართ. თუ ეს, თუნდაც მცირერიცხოვანი მიტინგები, რომელსაც დღეს უკვე პოლიტიკოსები ჩაუდგნენ სათავეში, პერმანენტულად გაგრძელდა, აუცილებლად მოჰყვება დანარჩენი საზოგადოების მკვეთრი პროტესტი, რაც შეიძლება (ძალიან დიდი ალბათობით) მძლავრ კონტრაქციებში გადაიზარდოს, რასაც, არ არის გამორიცხული, ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვეს.

იქნებ, სწორედ ამას ელოდება ჩასაფრებული მტერიც. აი, ამის შემდეგ დაიწყება, რაც დაიწყება, თუ საერთოდ არ დასრულდა ყველაფერი… ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ ის მრავალჯერ ნასწავლი გაკვეთილები უნდა გამოიყენოს და სიბრძნით და სიმშვიდით აღჭურვილებმა უნდა მოვახერხოთ დაგეგმილი თუ სპონტანური პროვოკაციების თვიდან აცილება.

დაბოლოს, რაც შეეხება ზაზა სარალიძის ტრაგედიას (რომელიც ასე უსინდისოდ მოატყუეს "კუპრავებმა"), გახარიას უწყებამ მაქსიმუმ 1-2 კვირაში უნდა დადოს ისეთი ხელშესახები და სარწმუნო არგუმენტები, რომ დაჩაგრული ადამიანის გასაჭირით აღშფოთებულ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენის უტყუარი განცდა გაუჩნდეს, რაც სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ჩაფარცხვების დრო უნდა დამთავრდეს!.. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი უფრო მძაფრი და შეუპოვარი იქნება, იმიტომ, რომ: აბა, რა ფასი აქვს სამშობლოს, თუ მის მოქალაქეებს მუდმივად უსამართლობის განცდა ახრჩობთ?!

გიორგი თევდორაშვილი