ძველი "რეჟისორის" ახალი "კინო" - კვირის პალიტრა

ძველი "რეჟისორის" ახალი "კინო"

წარმოიდგინეთ 5 ან 10 000 კაცი რუსთაველის გამზირზე, სააკაშვილის, ახალაიას, კეზერაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის პლაკატებით რომ სკანდირებენ "მიშა, მიშა"-ს ან "ბიძინას რა?!...", თუნდაც "სალომეს რაა?!...", გეცნოთ სიუჟეტი? ალბათ, არ არის ძნელი წარმოსადგენი, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს "კინო" არცთუ იშვიათად გვინახავს.

მკითხველი იტყვის, კი გვახსოვს, მაგრამ ეგ დრო ხომ დიდი ხნის წინ ჩავაბარეთო წარსულს. დიახ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ "კინოს" ტიტრები უკვე იწერება და "რეჟისორს" ერთი სული აქვს, როდის დაიძახებს "action" ანუ როგორც ძველად იტყოდნენ - "მატოორრრ"!..

უფრო ნათლად რომ დავინახოთ, სურათი, ჩემი აზრით, ასეთია:

ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტი გამოვა და იტყვის (რაც უკვე დაანონსებულია და არ საჭიროებს დაზუსტებას), რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერები, რომლებიც დღეს ამა თუ იმ ბრალდებით გასამართლებულები არიან, ყოფილან პოლიტპატიმრები და რომ 7 ნოემბერიც, 26 მაისიც, ციხეებში ხალხის წამება, ე.წ. სამეგრელოს კასრებში აღმოჩენილი კოლექტიური მეგის ქარდავას მიერ გადაღებული 26000 ფაილი - ყველაფერი იყო დადგმული (ჩემი თვალით მაინც არ მქონდეს ნანახი) და ერთი დიდი სცენარის ნაწილი.

2017 წლის 7 ნოემბერი

სინამდვილეში ეს ხალხი უდანაშაულოა და საქართველოს მოსახლეობა 2012-ში მწარედ შეცდა, როცა ეს "პატრიოტები" ჩამოაშორა ხელისუფლებას, თან არ დაგავიწყდეთ, მას ამის საშუალება აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, სხვადასხვა ვიზიტისას და ის ყველა ამ ტრიბუნას გამოიყენებს.

შემდეგი ნაბიჯი:

ყოველივე ამის შემხედვარე ის ხალხი, ვისაც ეს კოშმარი უშუალოდ შეეხო (და არა მარტო), გამოვა საპირისპირო მხრიდან და იტყვის - ჩვენ ეს ყველაფერი მოგველანდა, რომ ქონებას ღამით გვაფორმებინებდნენ, ციხეებში, მორგებში გვაბამდნენ ხელბორკილებით მიცვალებულებზე. თუ გირგვლიანიც არავის მოუკლავს და არც 7 ნოემბერს თუ 26 მაისს დაუთხრიათ რეზინის ტყვიებით ჩვენთვის თვალებიო და მოხდება ის, რაც ასე უნდა გარე თუ შინა მტერს ანუ "რეჟისორს" - სამოქალაქო დაპირისპირება! 2011 წლის 26 მაისი

რაში შეიძლება ეს ყველაფერი უსწრაფესად გადაიზარდოს, ამას ნუ მომაყოლებთ... იმიტომ, რომ მეც არ მინდა ბოლომდე წარმოვიდგინო ეს საშინელი სცენარი. ეს ერთი პატარა მაგალითია, რაც შეიძლება "ნაცმოძრაობის" (ახლა უკვე "ევროპულ საქართველოსთან" ერთად) გამარჯვების შემთხვევაში მოხდეს და მსგავსი და უარესი რამდენიც გნებავთ (მაგის დიდოსტატები არიან).

რაც მთავარია, ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა არ არის მისაღები საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისთვის და ხელისუფლებამაც ბევრი შეცდომა დაუშვა ამ ექვსი წლის მანძილზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო, სარალიძით დაწყებული და ფარცხალაძით გაგრძელებული, ოქუაშვილის და სუბელიანის აუდიოჩანაწერებით თუ მარიხუანას კულტივაციის გაუგებარი კანონპროექტით დამთავრებული, რასაც ემატება ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის გაჭირვება და უმძიმესი სოციალური ფონი. თუმცა აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ისეთი ალიყური იწვნია ჩვენმა "თვითდაჯერებულმა" ხელისუფლებამ ამ პირველი ტურით, რომ მგონია, კარგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის და თუ ამანაც არ უშველა, მაშინ პირდაპირ ვიტყვი - არ ყოფილა მათი ადგილი მთავრობაში.

მაგრამ!.. მაგრამ ვთვლი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს არ (აღარ) აქვს უფლება, კიდევ ერთხელ ჩაიძიროს დაპირისპირებასა და ქვების სროლაში, რასაც აუცილებლად დიდი ქაოსი მოჰყვება (ლარის კურსზე აღარაფერს ვამბობ) და რა თქმა უნდა, ნატოს ვინ ჩივის, შეიძლება ევროპამაც ჩაგვიკეტოს საზღვარი - ჯერ თქვენს თავში ვერ გარკვეულხართ, რა გინდათ და აქეთ რა მოგარბენინებთო. ე.წ. სამეგრელოს კასრებში აღმოჩენილი კოლექტიური მეგის ქარდავას მიერ გადაღებული 26000 ფაილი მე არავის დამოძღვრა არ მქონია გულში, არც არავის ვასწავლი, როგორ უნდა მოიქცეს, ყველა თავისი თავის უფალია. მე, უბრალოდ, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე. ისიც კარგად მასწავლა ჩემმა 23-წლიანმა მედიაში მოღვაწეობის გამოცდილებამ, რომ ხალხი ბრძენია და ხალხზე ბრძენი ვერც ერთი მთავრობა ვერასოდეს იქნება.

კიდევ ერთხელ, პირველ რიგში მშვიდობა, შეცდომების უსწრაფესი გამოსწორება და განვითარება. სხვა არჩევანი არ დაგვრჩენია!!!

გიორგი თევდორაშვილი