ბიუროკრატიზმი, თუ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლით თამაში?! - კვირის პალიტრა

ბიუროკრატიზმი, თუ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლით თამაში?!

გალში მცხოვრებ ქართველ პენსიონერებს პერიოდულად დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა იმ მიზეზით უწევთ, რომ ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ფილიალში პერსონალურად გამოცხადდნენ და ხელმოწერით დაადასტურონ, რომ არ გარდაცვლილან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პენსია შეუწყდებათ. უმეტესობა ხანდაზმულია და ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა ჯანმრთელობის გაუარესების, ზოგს კი სიცოცხლის ფასად უჯდება.

ასეთი ვალდებულება პენსიონერებს, რომელთა ნაცვლად პენსიას უფლებამოსილი პირი იღებს, ყოველ ექვს თვეში ერთხელ ეკისრებათ. ხშირ შემთხვევაში, ესენი დაუძლურებული მოხუცები არიან, ვისაც სახელმწიფო სუბსიდიის მისაღებად ბანკომატთან ან ბანკის ოფისში მისვლა დამოუკიდებლად უჭირთ. გალელი ქართველები ამბობენ, რომ არაერთხელ აცნობეს ეს სახელმწიფო სოციალურ სამსახურს, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. შესაბამისად, ვისაც არ შეუძლია ზუგდიდში ჩასვლა და დადასტურება, რომ ცოცხალია, პენსია უკვე რამდენიმე თვეა შეჩერებული აქვს.

მანანა ჩემინავა (გალის რაიონის, სოფელ ზემო ბარღების მკვიდრი): "84 წლის მამა მყავს, ინსულტი აქვს გადატანილი და ამის ნიადაგზე ეპილეფსია დაემართა. გულყრა ყოველდღე ემართება. ავადმყოფობამ მეტყველება წაართვა, წონასწორობა აქვს დარღვეული და დამოუკიდებლად სიარულს ვერ ახერხებს. იმის გამო, რომ დავამტკიცოთ ცოცხალია, ყოველ ექვს თვეში ერთხელ გვიწევს მისი ჩაყვანა ზუგდიდში, რაც ძალიან რთულია ჩვენთვის. ექვს თვეში ერთხელ უნდა ჩავიდეს პენსიონერი და დაადასტუროს ხელმოწერით, რომ ცოცხალია, მამას კი ავადმყოფობის გამო ხელის მოწერაც არ შეუძლია. ბოლოს ივნისში ჩავიყვანეთ ზუგდიდში. სასწაულის ძალით გავედით ენგურგაღმა.

გალიდან ზუგდიდში გადასასვლელად რამდენიმე გზაა. თუ რუსების კონტროლირებადი ბლოკსაგუშაგოს გავლით გადავალთ, საკმაოდ დიდი მანძილის ფეხით გავლა გვიწევს. ამიტომ ხშირად უფრო მოკლე, არალეგალურ გზას ვირჩევთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მდინარის ფონი გვაქვს გასავლელი. აქაურობასაც რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ, მაგრამ ისეთი დრო უნდა შეარჩიო, როდესაც ახლომახლო არ ჩანან. როგორ გინდა გააპარო ასეთი მოხუცი და სწრაფად გაიყვანო ისე, რომ არავინ დაგინახოს.

სხვათა შორის, იმის გამო, რომ ძალიან მძიმედ იყო და ზუგდიდში შეიძლებოდა ცოცხალსაც ვერ ჩაეღწია, სამი თვე პენსია შეჩერებული გვქონდა. ამ ხნის განმავლობაში ველოდით მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. არადა, პენსია ჩვენი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სამსახური ჩვენ არ გვაქვს და სხვა სარჩო. მხოლოდ ცოტაოდენი ბოსტნეული და ბახჩეული მოგვყავს. ისიც ძლივს გვყოფნის.

დედაც მოხუცი მყავს, 81 წლის არის. ორივე მშობლის წაყვანა ერთდროულად მიჭირს. ამიტომ სამ თვეში ერთხელ დავატარებ ასე მოხუც მშობლებს აქეთ-იქით, რომ დავამტკიცო მათი არსებობა. მათი ზუგდიდში ჩაყვანა დაახლოებით 80 ლარი მიჯდება. თითქმის ერთი თვის პენსია გზის ხარჯში უნდა დავტოვო. არალეგალურად ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დიდი რისკია. თუ დაგაკავეს მესაზღვრეებმა, ჯარიმა 600 მანეთია.

იქ რომ ჩაიყვან მოხუცს, ხშირად რიგში გიწევს დგომა, შემდეგ სამი საათი უნდა ელოდო მის ხელახალ რეგისტრაციას. შეიძლება ამასობაში ისე დამძიმდეს ხანდაზმულის მდგომარეობა, რომ რიგში დალიოს სული. ასეთი შემთხვევაც იყო, ზუგდიდში ჩაყვანამდე გარდაეცვალათ მოხუცი. ჩემს დღეში კიდევ ბევრია. მხოლოდ ჩვენს სოფელში, ჩვენს მეზობლად ერთი კილომეტრის რადიუსში, 9 დაუძლურებული პენსიონერი ცხოვრობს. ზოგი მწოლიარეა და ვერც ჩადის ზუგდიდში რეგისტრაციისთვის და არც პენსიას იღებს.

სოფელში ექიმი გვემსახურება, რომელსაც ხელფასს საქართველოს სახელმწიფო უხდის, ხომ შეიძლება, მას დააკისრონ მოხუცების აღრიცხვა და ასე სასიკვდილოდ არ გაიმეტონ?

ომის შემდგომ თბილისში ვცხოვრობდით. მუდმივი საცხოვრებელი არ გვქონდა, ახლობელ-ნათესავების შეწუხება კი აღარ გვინდოდა და ისევ გალში დავბრუნდით. ჩვენი სახლი დამწვარი და განადგურებული დაგვხვდა, მაგრამ მოვძებნეთ აქვე სხვა საცხოვრებელი და იქ დავიდეთ ბინა. ვერ ვიტყვი, რომ გვაწუხებს ან გვავიწროებს ვინმე, მაგრამ თავისუფლად მაინც ვერ ვართ. ცოტა ხნის წინ მამიდასთან ვიყავი სოხუმში და მითხრა, მეგრულად ხმადაბლა ილაპარაკეო. ხვდებით, ალბათ, რა ვითარებაა.

ჩვენ ბევრს არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ იმას, რომ დაუძლურებულ მოხუცებს ზედმეტი ტანჯვისთვის ნუღარ გაიმეტებს ჩვენი ხელისუფლება".

(სპეციალურად საიტისთვის)