დათესს, მოიმკის, მოიწევს... და ინახავს ქვეყანას - კვირის პალიტრა

დათესს, მოიმკის, მოიწევს... და ინახავს ქვეყანას

"მუხრანში რა, ტყუილად კი არაფერი ყრია! ჩვენთან ოთხმოცს გადაცილებული ხალხია ბაღ-ვენახში გასული... გაიარე და ნახავ!"

"მუხრანში  მიწა გვაქვს იმისთანა, მარცვალი ხელუკუღმა რო გადააგდო, ხელწაღმა ამოვა"

- ეჰ, ჩვენი გლეხიც შეეჩვია წუწუნს. ნეტა, ასეთი რა უსაშველო სჭირს, მიწა აქვს, იშრომოს და ჭამოსო, - ამ გულმოსულ ნათქვამს  ხალხში ახლა ბევრგან გაიგონებთ. ხელსაც ჩაიქნევენ, - ჩვენ არაფერი გვეშველებაო. ხელი მეც იმდენჯერ ჩამიქნევია, მტკენია კიდეც, მაგრამ მერე დავფიქრებულვარ - სულ გაჭირვებაზე ლაპარაკი მართლა ძნელი მოსასმენია, მაგრამ მეორე მხრივ, თუ კაცს რაიმე სატკივარი აქვს,  რატომ არ უნდა თქვას. სინამდვილეში კი მაინც გლეხი გვინახავს ამ ქვეყანას, - დათესს, მოიმკის, მოიწევს, ქალაქს გაგზავნის, სადაც მისი ნაშრომი მამასისხლად იყიდება. მოდი და ნუ იყიდი, - ნერვებაშლილები გავიძახით, - ჩვენი თავი ჯანდაბას, მაგრამ ბავშვებს მაინც ხომ უნდა ვაჭამოთ ნატურალური პროდუქტიო. ნერვების აშლა თქვენ ახლა გლეხს ჰკითხეთ, თუ ბაზარში წააწყდით, რასაკვირველია.

პირადად მე გლეხს მარტო სოფელში ვპოულობ ხოლმე, ჩამოვუჯდები, ვუსმენ და თან იმას ვფიქრობ, ვისაც ამ ქვეყნის გაძღოლა ევალება, ისიც რომ უსმენდეს, ამ დღეში აღარ ვიქნებით-მეთქი. მაგრამ სოფლიდან მაინც იმედიანი მოვდივარ, - რახან ჩვენმა გლეხობამ მიწის ფასი იცის, ესე იგი, საქმე არც ისე ცუდად არის.

KvirisPalitra.Geმოკლედ, ამ ორიოდ დღის წინ ნაადრევი ყინვით დამზრალი კარალიოკები დავინახე მუხრანში, ჟორა ნასყიდაშვილთან,  ზედ პატარა ბიჭი ამძვრალიყო და მოწყვეტას ცდილობდა.  - რა იყო, რას დაგიყინავთ, გაგეყიდათ, ერთ ტომარა ფქვილს ხომ მაინც იყიდდით-მეთქი, - ვუთხარი ჟორას. იმან, - როგორ არა, ახლავე ჩაგიყრი ვედროში, მევე ჩაგიტან ბაზარში, დადგი და დაიძახე, - ვედრო ათ თეთრად, ვედრო ათ თეთრად, თუ იქაურობიდან ორ წუთში არ აგაორთქლონო. ხო, გადამყიდველი გამომაგდებს-მეთქი - თავი დავუქნიე.

-  აბა, რას მოუხერხებთ ამ დახუნძლულ ხეებს, ცოდვა არ არის გასაფუჭებლად?!

- ეგე, საარყე ქვაბი. ჯანი გავარდეს, ავდგები ჩავყრი, გადავკრავ და ეგ იქნება!

...კაცმა რომ თქვას უპრიანი კი იყო არაყი, იმ ყინვა-სუსხში ჩემი მასპინძელი და მისი ცოლი ბულგარულ წიწაკებს თხრიდნენ, არადა, ისევ ზედ ესხა, - ჟორამ, - ახლა ამ ნამცვრიელას კრეფის თავი სადღა მაქვს, მიწა ნივრის დასათესად უნდა გავამზადოო.

- როგორ გეტყობათ, მდიდარი სოფელი რომ გაქვთ, მაგ მსხმოიარე წიწაკებს სხვაგან ვინ გადაყრიდა.

- ეგა, სიმდიდრის ბრალი არ არის, დრო მოიჭამა და ვყრი. მიწასაც მიცდენს. მიწის გაცდენა უფრო ცოდვა არ არის? ახლა ნიორს დავთესავ, მერე იმას ავიღებ, ბაღჩეულობასა და ასე... მუხრანის კიტრი არ გაგიგია?!

- ეგ ვის არ გაუგია! მართლა რა მდიდარია თქვენი სოფელი: რამდენი რამ გაქვთ, - კიტრი, ქათამი, ვაზი...

-  გვაქვს, როგორ არ გვაქვს!.. იმიტომაც ცხოვრობს ჩვენ სოფელში ხუთი ათასი ოჯახი, რომ გვაქვს, იქნებოდა განახევრებული დანარჩენ საქართველოსავით!

- ერთი ეგ მითხარით, ეგ როგორ მოხდა, რომ გაჭირვებამ სხვა სოფლები დაცალა, მუხრანი კი უფრო დააყენა ფეხზე.

- მიწამ ქნა ეგ ყველაფერი და ქალაქთან სიახლოვემ. დიდი საწვავი არ სჭირდება ჩვენამდე ჩამოსვლას, ვთქვი, გადამყიდველები ბაზარში გლეხს რას მიაჭაჭანებენ, ყველა ადგილი გაყიდულია-მეთქი,  სამაგიეროდ, აქ ჩამოდიან. პროდუქტის შეგროვებას კიდევ, რაღა თავი სტკივა?  წაიღებენ ჩვენს ნაჯაფ-ნაწვალებს  და ცეცხლს წაუკიდებენ - რასაც უნდა იმ ფასს დაადებენ, გინდა კიტრსა და გინდა - ქათამს...

აქ მიწა გვაქვს იმისთანა, მარცვალი ხელუკუღმა რო გადააგდო, ხელწაღმა ამოვა; ბურღს დაარტყამ და წყალი იქვეა, ბუნებრივი წყაროები ხომ არის და არის.

- სანერგეები?

KvirisPalitra.Ge- ეგეც. ზოგი ოჯახი თავს მარტო ნერგებით ირჩენს. მუხრანული ნერგი კარგია, ძლიერია... პირუტყვიც ბლომად გვყავს. ღორი, მაგალითად, ყოველდღე იკვლება მუხრანში. ხო თითო კილო საკლავზე თითო ლარს გვაგლეჯენ, საგადასახადოა თუ ვინც არის, მაგრამ ქალაქიდან მაინც ჩამოდიან საყიდლად, უფრო იაფია და იმიტომ. ერთი სიტყვით, ვიღაცას მარტო წითელი ხიდი რომ ჰგონია შვება და მარტო აზერბაიჯანელები - მუშა ხალხი, ეგრე არ არის, ჩვენც ყველაფერი შეგვიძლია და სახლებიც სავსე გვაქვს. აგე, ზამთარი მოდის, დავსხდებით ბუხართან და შევუბერავთ წკნელის მწვადებზე. წკნელიც ბლომად მოგვეპოვება და ვაზიც - ჩინური, რქაწითელი, ალადასტური...

- კარგად თუ მოგისმინათ, კაცს მუხრანში ცხოვრება მოუნდება...

- მოვიდეს, იცხოვროს და იშრომოს. მუხრანში რა, ტყუილად კი არაფერი ყრია! ჩვენთან ოთხმოცს გადაცილებული ხალხია ბაღ-ვენახში გასული... გაიარე და ნახავ!

...მეც გავიარე და დავინახე. გზაზე 85 წლის ხეთაგურ ხინჩაგაშვილიც შემხვდა, - ახლა დავამთავრე მიწის დამუშავება, დღეს და ხვალ ნივრის თესვას შევუდგები, მაგის დროაო. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი. უკან კი მუხრანი დამრჩა, - ძლიერი, წელში გამართული და საამაყო. ნამდვილად საამაყო, რადგან აქ ფიქრადაც კი ვერ გაივლებ, ნეტავ ქართველი გლეხი რამ გააზარმაცაო.

ესე იგი, ზარმაცები კი არ ვართ, სხვა რაღაც გვიშლის ხელს, რომ ფეხზე წამოვდგეთ.

ახლა მე იმას ვფიქრობ, ნეტავ ის "სხვა რაღაცები" რა ასეთი უშველებელი გაგვიხდა, რომ ვერ ვუშველოთ?!