ცხინვალში მიმდინარე პროცესებში სამი მოთამაშე მონაწილეობს - კვირის პალიტრა

ცხინვალში მიმდინარე პროცესებში სამი მოთამაშე მონაწილეობს

ე. წ. სამხრეთ ოსეთში ვითარება კვლავაც დაძაბულია. ცხინვალის ქუჩებში საპროტესტოდ გამოსული ხალხი აცხადებს, რომ თავის საარჩევნო ხმებს დაიცავს.

27 ნოემბერს ჩატარდა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც საგანგებო სიტუაციების ყოფილი მინისტრი და კრემლის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი და ოპოზიციაში გადასული განათლების ყოფილი მინისტრი ალა ჯიოევა მონაწილეობდნენ, რომლის უკანაც კოკოითის მოსისხლე მტერი ჯამბულათ თედეევი დგას. ე. წ. სამხრეთ ოსეთის საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგებით ჯიოევამ ამომრჩეველთა ხმების 51,5-ზე ოდნავ მეტი მიიღო. ჯიოევას გამარჯვება არ აღიარა მეორე კანდიდატმა და შედეგი სასამართლოში გაასაჩივრა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ არჩევნების შედეგი გააუქმა. ე. წ. სამხრეთ ოსეთში ხელახალი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტისთვის დაინიშნა, თანაც სასამართლომ ალა ჯიოევას ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. ჯიოევამ თავი ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო პრეზიდენტად გამოაცხადა და მხარდამჭერებთან ერთად პოზიციის დათმობას არ აპირებს. გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში ბატონი მამუკა არეშიძე:

- ცხინვალის რეგიონში დღეს მართლაც უნიკალური ვითარებაა, რადგან მიმდინარე პროცესებში სამი მოთამაშე მონაწილეობს: რუსეთი, ადგილობრივი მოსახლეობა, რომლიც ცდილობს საკუთარი არჩევანი დაიცვას, და კოკოითი, რომელიც საკუთარ თამაშს თამაშობს. ცოტა ადრინდელი მოვლენები უნდა შეგახსენოთ, როდესაც კოკოითის ჯერ მესამე ვადით სურდა პრეზიდენტად კენჭისყრა, შემდეგ კი კონსტიტუციის შეცვლასა და პრემიერობას აპირებდა, მაგრამ რუსეთმა მკაცრად მოსთხოვა საკუთარ განზრახვაზე ხელი აეღო. საქმე ისაა, რომ რუსეთი თავის მხრივ ცდილობს ეს რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, დემოკრატიის ოაზისად წარმოადგინოს და აჩვენოს მსოფლიოს, რომ ამ თვალსაზრისით იქ ყველაფერი რიგზეა. კოკოითი რუსეთის მოთხოვნას დათანხმდა, თუმცა, სამი პირობა დააყენა. პირველი ის, რომ დარჩებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარედ ან მმართველი პარტიის ლიდერად, შეინარჩუნებდა დაგროვილ ქონებას და ასევე ექნებოდა უსაფრთხოების გარანტია. საქმე ის არის, რომ ჯამბულათ თედეევი რომლის კანდიდატურაც არის ჯიოევა, იმუქრებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში არ აცოცხლებდა კოკოითის, რადან მან თედეევის ძმა იბრაჰიმი მოაკვლევინა. მყარი გარანტია კოკოითიმ ვერც რუსეთისგან და ვერც ადგილობრივი ჩინოვნიკებისგან ვერ მიიღო. ბიბილოვმა, რომელიც იყო კრემლის კანდიდატი და ამავდროულად, ფაქტობრივად, კოკოითის გამოზრდილი პოლიტიკოსია, არჩევნებამდე მისგან დისტანცირება დაიწყო, ამიტომაც კოკოითიმ გადაწყვიტა წამოეწყო თავისი თამაში და არჩევნებში ჰყოლოდა თავისი კანდიდატი. ასეც მოიქცა - მისი კანდიდატი იყო ინფორმატიკის მინისტრი გიორგი კაბისოვი. თუმცა კრემლმა კოკოითის მკაცრად მოსთხოვა ბიბილოვისთვის დაეჭირა მხარი, ამიტომაც ორმაგი თამაში გააჩაღა, ადმინისტრაციული რესურსი პირველ ტურში მთლიანად მიახმარა კაბისოვს, სიტყვიერად კი ბიბილოვს ეხმარებოდა, რითაც ბიბილოვის რეიტინგს უფრო დაბლა სცემდა, რადგან კოკოითი ძალიან დისკრედიტებულია ცხინვალის რეგიონში. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ კაბისოვი გამოეთიშა, მეორე ტურში კი ჯიოევა და ბიბილოვი გავიდნენ, კოკოითის პირდაპირ ცხოველური შიში გაუჩნდა იმისა, რომ ბოლოს მოუღებდნენ, ამიტომაც მოიქცა ისე, როგორც მე ვთქვი, ანუ მეორე ტური ჩაშლილად გამოაცხადა. ჩემი პროგნოზი გამართლდა. 28 ნოემბერს ღამით, კოკოითიმ, ბიბილოვსა და ცხინვალის დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად, ერთ ოჯახში კარგად იქეიფა, ჰოდა, იქვე გადაწყვიტეს არჩევნების ბედი და ისიც, რომ ჯიოევას აუკრძალეს მეორე ტურში მონაწილეობა; ანუ კოკოითიმ მომავალი გამარჯვება, ფაქტობრივად, აჩუქა ბიბილოვს და მყარი გარანტიაც მიიღო. ამ პროცესებმა ცხადყო, რომ ერთის მხრივ კოკოითი არ შეეპუა რუსეთს, მეორე მხრივ კი - ოსი საზოგადოება.

- რა შეიძლება მოხდეს და საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს?

- კოკოითი ბუნებით პროვოკატორია. თუ დაინახა, რომ მისი ეს ხრიკები არ გავიდა და საზოგადოებამ არ მიიღო, შეიძლება ომის პროვოცირებაც კი მოახერხოს. შესაძლოა, მან პირველმა არ ისროლოს, მაგრამ დღეს ცხინვალის რეგიონში დიდი რაოდენობის იარაღია თავმოყრილი, ოპოზიციურად განწყობილმა პირებმა, რომლებიც სამართლიანად მიიჩნევენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ, არ არის გამორიცხული საკუთარი ხმის დაცვა იარაღითაც სცადონ. მაშინ კი აუცილებლად იარაღითვე უპასუხებს კოკოითი. შესაბამისად, შესაძლოა, შეეცადოს, რომ რუსეთი და საქართველო ახალ კონფლიქტში ჩაითრიოს. ამის პროვოცირება სხვადასხვაგვარად შეიძლება. მაგალითად, ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში ოპოზიციის ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდეს და მას ოსური სამხედრო ნაწილებიც შემოჰყვნენ. სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლება ამგვარ სცენარებს განიხილავს, შესაბამისად, ეცდება ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრებას, ესეც კი შეიძლება გამოიყენოს კოკოითიმ პროვოკაციისთვის.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლება?

- სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს ხელისუფლება ან არ არის საქმის კურსში, ან ზერელედ აფასებს ვითარებას და მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის არ არის მზად. სრულიად არაადეკვატური იყო ის, რაც მოხდა ახალგორში, როდესაც პირველ ტურში ახალგორის მოსახლეობამ პირწმინდად მისცა ხმა კოტაევს, მეორე ტურში კი - ჯიოევას. მე პირადად არ მაქვს დამადასტურებელი ფაქტები იმისა, რომ ეს ჩვენი ხელისუფლების გავლენით მოხდა, მაგრამ არიან პირები, ვინც აცხადებენ, რომ, მაგალითად, წეროვანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ახალგორში ჩასვლას და ხმის მიცემას პირველ ტურში კოტაევისთვის, მეორე ტურში კი - ჯიოევასთვის სთხოვდნენ. მოკლედ, ვფიქრობ, დიდი ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი ცხინვალის რეგიონს და ასევე დიდი სიფრთხილით ვიმოქმედოთ.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)