ლაზიკა, "ლაზეიკა" თუ "ნიუ ვასიუკი" - კვირის პალიტრა

ლაზიკა, "ლაზეიკა" თუ "ნიუ ვასიუკი"

"დომ ავეტისოვა" - ერთ დროს ასეთი წარწერა ჰქონია სახლს, რომელიც უწინ ერთი პიროვნების საკუთრება იყო, დღეს კი ჩემ გარდა 12 ოჯახი ცხოვრობს. თავისუფლების მოედნაზე, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ორსაუკუნოვანი სახლი ძლივს დგას: დამრეცი იატაკი, დამსკდარი კედლები, მოშლილი კიბე და არარსებული საძირკველი. ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს სიძველის გამო წითელ ზოლში - დასანგრევად გამიზნული შენობა-ნაგებობების ნუსხაში შეიტანეს, მას შემდეგ მაცხოვრებლები უკეთეს პირობებში გადასვლას ელიან. სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაშია თბილისის ძველი უბნების სახლების დიდი ნაწილი და მოსახლეობა, რომელსაც წასასვლელი არსად აქვთ, მუდმივი საფრთხის მოლოდინში ცხოვრობს, რომელსაც ღამ-ღამობით კედლებში ბზარების თანდათან გადიდების ხმა კიდევ უფრო ამძაფრებს.

პრეზიდენტი კი ახალ ქალაქს აშენებს. ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქალაქის მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქალაქი ლაზიკა მომდევნო 10 წელიწადში უნდა აშენდეს. "ეს იქნება სიდიდით მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ." - ამბობს სააკაშვილი და ირწმუნება, რომ ლაზიკა გახდება მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და საქართველოსთვის მთავარი ცენტრი შავ ზღვაზე. პრეზიდენტის განცხადებიდან ირკვევა, რომ უკვე დაწყებულია  მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში, რათა მათ ფული ჩადონ ახალი ქალაქის მშენებლობაში.

მთავრობის დაანგარიშებით, ახალი ქალაქის მშენებლობა ერთი მილიარდი ლარი დაჯდება - ოთხი წლის განმავლობაში 200 მილიონს ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯავს, ხოლო დანარჩენი თურმე კერძო ინვესტიციებით აშენდება. ვისაც ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ამ პროექტს განახორციელებს, პრეზიდენტი ურჩევს ბათუმის მაგალითი გაიხსენონ. ეჭვი არ ვიცი, მაგრამ თბილისი თავზე გვენგრევა!

სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი: "ცოტა შეუძლოდ გახლავართ და ეტყობა ავადმყოფობის გამო გამომრჩა, როდის მოინადირა ეს ადგილი "მეფე მიხეილმა" და როდის სტყორცნა ისარი იქაურ ხოხობს. ჩვენი პრეზიდენტის რეალური მოტივაცია, რომელიც ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება, მეტად გასაიდუმლოებულია, მაგრამ უკვე არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ეს ლაზიკა შესაძლოა ჩაფიქრებული იყოს, როგორც "ლაზეიკა" აფხაზეთისკენ. "ლაზეიკა" - რუსული სიტყვაა და გასაძრომს ნიშნავს. თუ ფიქრობენ, რომ აფაზეთში გასაძრომად 10 წელი სჭირდებათ, ვშიშობ, ამასობაში ამ გასაძრომით სხვამ არ ისარგებლოს და აქეთ არ შემოძვრეს. ქალაქის მშენებლობა თავისთავად კარგი იდეაა, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვიცოდეთ საბიუჯეტო ხარჯების რომელ ნაწილს აკლდება ეს თანხა."

გია ცაგარეიშვილი, პარლამენტარი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი: "ეს არის ოსტაპ ბენდერის სტილში გახმოვანებული იდეა. მიხეილ სააკაშვილი აშენებს ქართულ "ნიუ ვასიუკის" შავი ზღვის სანაპიროებზე. სააკაშვილი აშენებს ქალაქს 500 ათასი მაცხოვრებლისთვის იმ ქვეყანაში, სადაც ასობით სოფელია განადგურებული, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

წარმოშობით ხონიდან გახლავართ, ჩამოვიდეს და ნახოს რა დღეშია თუნდაც ერთი კონკრეტული რაიონი, იმერეთის ეს ერთ დროს ულამაზესი კუთხე და ნახოს როგორ ცხოვრობენ ხონელები. გადაქცეული ღობეები, ჩაშლილი ჭები, ჩამონგრეული სახურავები - ნახევარი ხონი საძოვრებათ არის ქცელი, რადგან დაცლილია მოსახლეობისგან. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დემოგრაფიული კატასტროფის თვალსაზრისით, იმერეთი უბედურების ზონად უნდა იყოს გამოცხადებული. ნაცვლად იმისა, რომ ვიზრუნოთ ამ კატასტროფაზე, ჩვენი ხელისუფლება ახალ ქალაქს აშენებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის "ქართულ ოცნებას" დაუპირისპიროს და როგორმე გადაფაროს, ფანტასმაგორიულ "ოცნების ქალაქს" აშენებს. სოფლები ხომ უკვე ააშენა და ახლა ქალაქების მშენებლობაზე გადავიდა. ქვეყანაში, საიდაც მიგრაციული პროცესი კატასტროფულ ნიშნულს - მილიონს აღწევს, მაშინ, როდესაც აქედან წასული ქართველები მებაღეებად და მომვლელებად მუშაობენ კვიპროსიდან დაწყებული და კალიფორნიით დამთავრებული, ნაცვლად იმისა, რომ მათ დაბრუნებაზე იზრუნოს, ჩვენი ხელისუფლება რაღაც პროექტს იწყებს, რომელიც ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობას მაგონებს, სადაც თაობები მუშაობდნენ ციმბირის გაუვალ ტყეებში.

ახლა სასწრაფოდ წამოიწყებენ რაღაც ფაციფუცს, ორი სახლის საძირკველს ჩაყრიან, აიღებენ კიდევ მილიონობით კრედიტს, რომელთა პროცენტები ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გადასახდელი იქნება.

თბილისს თუ გავახედავთ: მთაწმინდა, კრწანისი, დიდუბე, ჩუღურეთი, სოლოლაკი და კიდევ უამრავი უბანია, სადაც საცხოვრებელი ფონდის ფაქტორბივად 70% ავარიულია სახლებია. თბილისი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ღემრთმა ნუ ქნას, საშუალო სიძლიერის მისძვრასაც ვერ გაუძლებს და მიწასთან გასწორდება. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გაამაგროს ეს სახლები, არა ფასადურად, არამედ ძირეული, საფუძვლიანი რეკონსტრუქციით დაკავდეს, ახალ პოპულისტურ პროექტს იწყებს.

ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად მიზანშეწონილია ქალაქის მშენებლობა კოლხეთის დაბლობზე იქ, სადაც მაღალი ტენიანობის გამო ძალიან მძიმე კლიმატური პირობებია. ეს საკითხი პირველ რიგში შესწავლას მოითხოვს - ღირს თუ არა ასეთი მეგაპოლისის მშენებლობა. ნაცვლად იმისა, რომ ეს 200 მილიონი დაიხარჯოს თბილისში, თუნდაც გამაგრებითი სამუშაებისთვის, ან უკვე არსებული სოფლების აღდგენისთვის და ხალხი გადარჩეს კატასტროფას, სოფლები დაცარიელებას, ჩვენს ფულს მთავრობა ისე, რომ არც გვეკითხება, ფაქტობრივად ჭაობში ყრის."

(სპეციალურად საიტისთვის)