"ეგ ამერიკული სიმინდი კაჭრეთში პატიოსანმა პირუტყვმაც არ ჭამა!" - კვირის პალიტრა

"ეგ ამერიკული სიმინდი კაჭრეთში პატიოსანმა პირუტყვმაც არ ჭამა!"

კაჭრეთი იმ თითზე ჩამოსათვლელ სოფელთაგანია, სადაც არც სახლის კარი დაგხვდება გამოკეტილი და არც ეზო-მიდამო - გაუდაბურებელი. როგორ მოახერხეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ასეა...

არადა, თურმე ასე ორმოცდაათი წლის წინ ციცქნა სოფელი იყო! სახნავ-სათესში ტრაქტორები დარახრახებდნენ და ზემო სოფლების ბალღებს  "ლამპოჩკებით" ართობდნენ. ღამით ციცინათელებსა ჰგვანდნენო, ამბობენ ახლა ის "ბალღები".

მერე "დიდმა საბჭოთა ქვეყანამ" კაჭრეთის რაიონის შექმნა გადაწყვიტა. ზემო სოფლებიდან ხალხი ჩამოასახლეს და რაიონული ცენტრიც გაჩნდა. ისე, ცუდი საქმე კი არ გამოუვიდათ, მე მაგალითად, ძალიანაც მიხაროდა, კაჭრეთს რომ შევუყევი და სახლებში თოკებზე აფრიალებული ბავშვების ტანსაცმელი დავინახე.

ჰოდა, მივუყვები გზას და რას ვხედავ: ეზოს გარეთ ორიოდე წლის გოგონა გამოუყვანია  მამიკოს, გამოუტანია შლანგი, მიუშვერია მანქანისთვის და მიდი... აპრიალებს და აპრიალებს!  პატარა ქალბატონი კიდევ, აიღებს პატარა ხელებს და ჩამოუსვამს წვეთებიან მანქანას და უხარია და რა უხარია. თან შიშველი ყელიც რომ მოუღერებია!

შენ რომ არ გცივა, ისედაც ჩანს, მაგრამ არ გეშინია, ეს თითისტოლა ბავშვი ამ სიცივეში რომ დაგიყენებია და წყალში აჭყაპუნებ-მეთქი? იმან კიდევ, მამამ კი არა, გოგონამ - თითისტოლაო? ეგეთი სულაც არა ვარო და დაამატა, - თანაცა მე კი არა, შენ გცივაო!

გოგოს მამას თან ეღიმება და თან: - როგორ გეკადრებათ, ქალატონო, ამაი რა შეაცივებს, ამი ტოლები ყველანი ასე დარბიან გარეთა და თითიც არ წამოსტკივდებათო.

- ბევრი გყავთ ამის ტოლები?

- ჰო. მაგ მხრივ საქმე ძალიანაც კარგად გვაქვს. ახლაც ეგრეა და ადრეც ეგრე იყო...

- ადრე როდის?

- როდისა და, როცა ჩვენი პაპები ჩამოასახლეს დარბიდან. დარბა სოფელი იყო კაჭრეთის ზემოთ, მთებში. ხალხს სახლების აშენება რო დაუწყია, ეგრე ამბობდნენ თურმე, - კაჭრეთელები სახლებსა და ბალღებს ერთნაირად აკეთებენო.

- კარგი რამე კი უთქვამთ! სახლებიც მშვენიერი გაქვთ, მოვდივარ და წუწუნიც არ გამიგია ცხოვრებაზე. არანაირი გასაჭირი არ გაქვთ?

- ეგა, ქალბატონო, ოჯახში შემობრძანდით და ქალებსა ჰკითხეთ, მე მაგი დრო სადა მაქვს.

...და იმ თითისტოლამაც - მამამა ხო გითხრა, ოჯახში შემობრძანდითო... თუ ეგრეა, არც მე მაქვს მაგისი დრო-მეთქი, გავეჯიბრე მამა-შვილს. მერე, გოგონასკენ გავიწიე მოვეფერები-მეთქი, მაგრამ ვინ მიმიშვა - ვერა ხედავ, მანქანას ვრეცხავო! განზე გადგა და იქიდან დამიწყო ჭყეტა. გავუღიმე და ჩემს გზაზე წავედი - ხომ ვიცი, კახეთში ეზოში შებიჯებას რაც მოჰყვება.

გზაზე ქალები შემხვდნენ - ძალიან ლამაზი სოფელი გაქვთ, ისეთი მოვლილია აქაურობა, რომ გული გაგინათდება. ამ ზამთარში ხეზე შემორჩენილი ბროწეულები და ღობეზე გადმოკიდებული ვარდები საოცარი სანახავია.

იმათმა კიდევ - სკოლა გვაქვს დანგრეული, ეზოში კიდევ ნიაღვარი გვივარდება. წყალიც კვირაში ორჯერ გვაქვსო.

- კარგით რა, გული არ დამიმძიმოთ აქაურობის შემხედვარე მშვენიერ გუნებაზე ვარ...

- შენც ერთ ყურში შეუშვი, მეორეში გამოუშვი, მაგრამა

შენ რედაქტორს მაინც უთხარი, - დაწეროს. ისიც უთხარი, მადლობა, რო სახალხო გაზეთი ხარ, სიმართლეს რო ამბობთ. თუ კაცს სიმართლე არ უთხარი, დაბეჩავდებაო.

- გზად მომავალს "მრავალჟამიერიც" შემომესმა. თქვენ საჭმელ-სასმელის ნაკლებობას არ უნდა განიცდიდეთ.

- ეგ ღმერთმა ნუ ქნას. ჩვენა მაგითვინა ამერიკული სიმინდიც მოვიყვანეთ.

- ვიცი, ვიცი,  მაგ სიმინდის ჩალა გზაზე ერთ კაცს მოჰქონდა, - ამერიკული სიმინდი ავიღეო. ეჩქარებოდა და მას ვერ ვკითხე, -  მოსავალი როგორი მოვიდა?

- მუჭიტოლაი!

- რათა, მერე?

- რათა და ჯანდაბათა! აქ არა გვაქ ქართული სიმინდი? წელს იმხელა ტაროები დაისხა, ძლივს ამოვიტანეთ ყანიდანა. თქვენ თუ მოგეწონებათ, ღმერთმა შეგარგოთ, ჩვენთან კიდევ, ეგ სიმინდი პატიოსანმა პირუტყვმაც არ ჭამა!

- ეგ რა მითხარით... გგონიათ, პატიოსან პირუტყვზე ნაკლები გემოვნება მაქვს?

- უი, განა ეგრე გვინდიდა... სიტყვის მასალადა!.. გაბრაზდით?

- გავბრაზდი, არა! ისე, რას გადაეკიდეთ ამ ამერიკულ სიმინდს. არ დათესავ მომავალში და ეგ იქნება...

- ხო, ჭადებს კიდევა იმათ დავუცხობთ, ვინც მაგისი თესლი მოგვყიდა!

- მაგას კახურ ღვინოს თუ მიაყოლებთ და ზედ ლობიოს და მჟავეს, მშვენიერი სუფრა გაიშლება... თქვენი ღვინის ხათრით, ამერიკული სიმინდის მჭადიც გასაღდება.

- კარგი, რა!.. განა მთავრობაც მართლა ეგრე გვემეტება? აქ არა გვაქვს დედაპურები, მოვიდნენ და...

- ვნახოთ, ვნახოთ, თქვენ დაპატიჟეთ და ქეიფი მაგათაც ძალიან უყვართ.

P.S. მე კი ისევ ჩემს გზას გავუყევი. და სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ სანამ იქნებიან კაჭრეთელები, იქნება კახეთი, ვაზი და კახური ღვინო, მანამდე ვერც ამერიკული სიმინდი დაგვაკლებს რამეს.

ღვთის მადლით, ძლიერი სოფელი  დედაბოძად მუდამ  ედგა ქვეყანას, ამიტომაც ყველა ჭირს  ვუმკლავდებოდით.