"ჯიოევა ისე მოატყუეს, რომ დღეს მისი მოთხოვნები სამართლებრივად უკვე არასწორია" - კვირის პალიტრა

"ჯიოევა ისე მოატყუეს, რომ დღეს მისი მოთხოვნები სამართლებრივად უკვე არასწორია"

"არსებობს რეალური საფრთხე, რომ მოხდება სისხლის ღვრა და ამაზე პასუხისმგებლობა ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის დაეკისრება. შესაძლოა, სამხრეთ ოსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე აღმოჩნდეს", - ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვაში. ეს მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა ჯიოევასა და კოკოითის შეთანხმება არაფრად ჩააგდო და დე ფაქტო გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კვლავ თანამდებობებზე დატოვა. ასევე ჯიოევამ თავის მომხრეებს საპროტესტო შეკრებებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კვლავაც გააგრძლებს ბრძოლას. მოგეხსენებათ, ცხინვალის რეგიონში მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩვენებში მიღწეული გამარჯვება ჯიოევას გაუუქმეს და აუღიარებელი რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები განმეორებით გაზაფხულისთვის დანიშნეს. ხალხის მღელვარებასა და საპროტესტო აქციებს მოჰყვა კოკოითის პრეზიდენტობიდან გადადგომა, ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება სხვა თანმდებობის პირთა გადაყენების თაობაზეც, თუმცა, როგორც ჯიოევა აცხადებს, შეთანხმების პირობები დაირღვა. ვითარება კვლავაც დაძაბულია.

შეგახსენებთ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ ჯიოევამ და მისმა მომხრეებმა სპეციალური მიმართვით საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართეს, სადაც ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა მთელ კავკასიაში დესტაბილიზაციის პროვოცირება მოახდინოს. გვესაუბრება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი:

- ცხინვალში ვითარება რთულდება, თუმცა არა მგონია, სიტუაციის ესკალაცია ძალიან მასშტაბური გახდეს. როგორც იცით, ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა არ გადააყენა გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რაზეც ჯიოევა და კოკოითი შეთანხმდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ჯიოევა ვერ ერკვევა იურისპრუდენციაში, რითაც კარგად ისარგებლეს და მას მოაწერინეს ისეთ დოკუმენტზე ხელი, რომელსაც ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებაზე. საქმე ისაა, რომ ზემოთ ნახსენები თანამდებობის პირების გადაყენება-არგადაყენებას წყვეტს დე ფაქტო პარლამენტი და არა პრეზიდენტი, შესაბამისად, დღეს უკვე ჯიოევას უწევს პარლამენტთან დაპირისპირება, რაც მაინცდამაინც მის წისქვილზე არ ასხამს წყალს. ის რაღაც შეთანხმების პარლამენტზე მაღლა დაყენებას ითხოვს, რაც კანონით გაუმართლებელია. მოკლედ, ჯიოევა ისე მოატყუეს, რომ დღეს მისი მოთხოვნები სამართლებრივად უკვე არასწორია. პროცესები საკმაოდ გაჭიანურდა, ამიტომაც, ვფიქრობ, საპროტეტსო მუხტიც მიინავლა. შესაბამისად, დიდ გართულებას აღარ ველი. დარწმუნებული ვარ, რუსეთში ამ ეტაპზე ნამდვილად არ სურთ ცხინვალის რეგიონში სამხედრო დაპირისპირება და სისხლის ღვრა. ისედაც უდიდეს თავსატეხად იქცა ის მოვლენები კრემლისთვის, რაც ცხინვალის რეგიონში ხდებოდა.

- მიგაჩნიათ, რომ იქ ვითარების გაკონტროლების სადავეები კრემლს მართლაც გაექცა? ბევრის აზრით, ეს დაძაბულობა რუსეთს აწყობდა კიდეც, მაგალითად, შიდა პრობლემების გადასაფარად.

- ეს ხელისუფლების მოგონილი ვერსიაა, თვითონ ვერავითარ გავლენას ამ პროცესებზე ვერ ახდენენ და ამიტომაც მათთვის იოლ საქმედ იქცა ყველაფრის რუსეთის მიერ მართულად გამოცხადება. დიახ, რუსეთს გაექცა კონტროლის სადავეები ხელიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ კრემლი არც აფხაზეთში და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყველაფრის კონტროლს ვერ ახერხებს. რუსეთს შექმნილი ვითარება იმითაც არ აძლევს ხელს, რომ ის წლების განმავლობაში ისე წარმოაჩენდა თავს, თითქოს ქართველებისა და ოსების მომრიგებელი იყო, დღეს კი რა გამოდის, ის ურთიერთობებს ოსებს შორისაც ვერ აგვარებს, ამიტომაც გვარიანად არიან შეშფოთებული კრემლში და ყველაფერს აკეთებენ ვითარების განსამუხტავად.

- ის, რომ ჯიოევამ და მისმა მომხრეებმა საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართეს დახმარებისთვის და პროცესებში გარკვევა სთხოვებს, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს ოსები ძველებურად აღარ ენდობიან. ამ პროცესებიდან პოზიტიური შედეგი, თუ შეიძლება ჩვენც რომ მივიღოთ?

- სწორი სტრატეგიის შემთხვევაში ნამდილად შეიძლება, თუმცა ის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთით უკმაყოფილონი არიან, სულაც არ ნიშნავს, რომ ქართველების მიმართ განწყობა დადებითისკენ შეიცვალა, მით უფრო სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. დღეს ცხინვალში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი სახელმწიფოს გავლენა ნულია. სააკაშვილი და მისი მთავრობა წლებია ამბობენ, რომ არ აპირებენ ლაპარაკს ოსებთან, ლაპარაკისა და ურთიერთობის გარეშე კიდევ არაფერი გამოვა.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)