გავაზელი კახელების მოქნეული იუმორი - კვირის პალიტრა

გავაზელი კახელების მოქნეული იუმორი

კახელი "ფანტომასი", ანუ ხეზე დაკარგული კაცის ამბავი

დაკარგული მიცვალებული, და ვინ მიასწრებს პატარძალს...

კაკლის ხიდან კაცის დაკარგვა გაგონილა? როგორც ჩანს, კი, თუმცა, კაცსაც გააჩნია, მაგრამ ყველას როდი უმართლებს! ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგითხროთ, ნამდვილია და გავაზისა და სანავარდოს გასაყარზე მოხდა.

მოკლედ, მიხოს პროტოტიპს კაკლის ბერტყვა დაუწყია, ხეზე ასულა და როგორც კახელები იტყვიან, ბღერტვას (ე. ი. ბერტყვას) შესდგომია, ცოლს (მაროს) კი ჩამოცვენილი კაკლის აკრეფა დაუწყია, მაგრამ კაკლის ცვენა რომ შენელებულა, უფიქრია, ეს ჩემი მიხო ზარმაცობსო და საყვედურით შეუძახია ქმრისთვის: "ჰა, შე სიყმემკვდარო, დროზე დაუქნიე ჯოხი! - პასუხი რომ არავის გაუცია, - ჰა, რასა შვრები, კაცო? დაუქნიე-მეთქი!" - გამწყრალა მარო. ის იყო, წელში გასწორებულა და მაღლა აუხედავს, რომ ელდა სცემია, - ხეზე კაცი აღარ იყო! აუტეხია ვიშვიში, მიხო ხიდან გაქრაო! შეიკრიბა სოფელი. განცვიფრებული გლეხები ხან ხეს შესცქეროდნენ, ხან მაროს, რომელიც ირწმუნებოდა, ძირს ჩამოსული არ მინახავს, პირდაპირ კაკლი ხიდან დაიკარგაო! რამდენიმე საათში პატრულმა მხარზე ჯოხგადადებული მიხო მიჰგვარა მაროს. რა მოხდა სინამდვილეში, ამის გასარკვევად სოფელ გავაზს ვესტუმრეთ. გზატკეცილზე, იქ, გავაზისა და სანავარდოს გასაყარზე, მართლაც ზორბა კაკლის ხეებია ჩამწკრივებული.

გელა თადიაშვილი, გავაზელი, როგორც თავად ამბობს, პროფესიონალი მონადირე: - ეს ამბავი საკუთარი თვალით ვნახე. იმხანად შპს "გრიინ ჰაუსის" მძღოლად ვმუშაობდი. შევამჩნიე, კაცი კაკლის ხეზე იყო, რომლის ტოტებს დიდი თურქული ტრაილერი წამოედო და კაციც თან ჩამოიყოლა. ასე აღმოჩნდა "მიხო" "კუზაოზე". ტრაილერზე ჩამოკონწიალებული მიხო პატრულს შეუმჩნევია, დავინახეთ, ფეხებს რომ იქნევდაო. გააჩერეს მანქანა და მიხო ჩამაიყვანეს. შენ თურქი უნდა გენახა, როგორი შეშინებული იყო, ფულიც უჩუქნია კახელი "ფანტომასისთვის", აქაოდა, ადამიანის გატაცებაში არავინ დამდოს ბრალიო. მიხოს რომ ჰკითხეს, როგორ მოხვდი მანდაო, უთქვამს, კაკალს ვბღერტამდიო! მა, იმას ხო არ ეტყოდა, ტრიუკებს ვაკეთებდიო, - იცინის გელა თადიაშვილი.

- სად შეიძლება ვნახო ეგ კაცი, მიმასწავლეთ!

- სანავარდოელია. იმათ  იქით აქვთ ნაკვეთები.

- ასეთი კურიოზები მართლა ხდება თქვენთან, თუ ყველაფერს გავაზელებს გაბრალებენ?

- კაი შეკითხვაა!.. ალბათ, კარგები ვართ და იმიტომაც გვაბრალებენ!

- თქვენზე მითხრეს, მონადირეაო, თქვენი ამბებიც მომიყევით.

- რა მოგიყვეთ? სიტყვაზე რომ ვთქვა, დათვი მოვკალიო, შეიძლება წამაყუდონ ეგრევე!

- რა უნდა ქნან?

- წამაყუდონ რაა! კაცის დაჭერა მაგისთვინ გაგონილა? ერთხელ რაღაც ვთქვი და იმაზე მომაკითხეს. აი, კონი პაკაციშვილთან ერთად რომ ვიყო (ძმაკაცზე ამბობს), ბევრ რამეს მოვყვებოდი, ახლა მარტოკას ლუდზე სადღეგრძელოებივით გამომივა!

გავაზი მართლაც საინტერესო სოფელი აღმოჩნდა, მაგრამ იქაურებს გავარდნილ თოფზე მეტად ეშინიათ ფოტოკამერის.

"ჩვენმა დეპუტატმა ვალერი ვარადაშვილმა იგეთი ამბები იცის, რო მაგის დიდოსტატია და იმას მააყოლეთ", - გვირჩიეს კახელებმა, მაგრამ დეპუტატი სიტყვაძუნწი გამოდგა: "გავაზელები ამბობენ, ის კაცი, ხიდან რომ დაიკარგა, სანავარდოელი იყოო, სანავარდოელები ამბობენ, გავაზელიო. მე რომ მოვყვე, არ გამოვა. გავაზელებმა არა თქვან, მოგვიგონაო, არადა, ჩვენი დეპუტატი არიო". "მოდი, ზაზასთან მივიყვანოთ, ის დაწვრილებით მოჰყვება ყველაფერს!" - ეუბნება ვალერი სოფლის რწმუნებულს. "არ მოჰყვება!" - ხელებს ასავსავებს რწმუნებული. "რატომ"? - უკვირს ვარადაშვილს. "დენი არა აქვს, დილით ზაზამა მთხოვა, ჩამირთეო". "ჩავურთოთ მერე", - ამბობს დეპუტატი და ზაზასთან მივდივართ. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არა აქვს, რადგან ორღობეში კამეჩები ძლივს ეტევიან, მანქანის სავალი იქ არაა და იქვე კი ავტოგასამართი სადგური წამოუჭიმავთ კახელებს. მართალია, გაუქმებულია, მაგრამ მაინც... ზაზაც ორღობეში გამოდის.

- კუბო რომ დაიკარგა, ის უამბე! -  აძლევენ შეკვეთას კახელები. ისიც ჰყვება:

- ფურგონიანი მანქანები რომ არის, მაცივრებით, ხო იცი? - მეკითხება და როცა დასტურს იღებს, თხრობას განაგრძობს, - ერთი ჩვენი თანასოფლელი გარდაიცვალა და იგეთი მანქანა მიცვალებულის  გასასვენებლად დაიქირავეს. ჩვენს თანასოფლელ ზაურასაც ჰყავდა იგივენაირი ფურგონიანი მანქანა და თანასოფლელის სამძიმარზე ამ მანქანით მივიდა. მოკლედ, მიცვალებული რო გამოასვენეს, კუბო თეთრ ფურგონში შედგეს, მანქანები შეეშალათ.  გამოვიდა ზაურაც, ჩაჯდა თავის მანქანაში და იარა მიცვალებულით აღმა-დაღმა. ჭირისუფალმა კი მკვდარი ვეღარ იპოვა. ჭიკაანში გადასულმა ზაურამა კი გახსნა მანქანა, მილები უნდა გამეეღო და ლამის გული გაუსკდა, ფურგონში მკვდარი რო  დაინახა. ეგეთი რაღაცებიც ხდება, მაგრამ რაღა ამით დავასრულო, ქორწილისას ვიტყვი.

შილდიდან ქალი უნდა წამოგვეყვანა. სიძის მამამ მაყრიონი გააფრთხილა, წინ ჩემი ძმის მანქანა უნდა მიდიოდეს (საცა სიძე იჯდა) და  არავინ გაასწროთო. დაადგნენ კუდიგორის ტრასას და სიძის მანქანას გადაუსწრო მაყრიონმა. გააჩერა მაყარი სიძის გაბრაზებულმა მამამ და ეუბნება: "ბიჯო შაქრო, ჩემს ძმას რო გაასწრებ და პირველი მიხვალ, შენ დაგაწვენენ პატარძალთან თუ რაშია საქმე?"

P.S. გავაზელები ახალი წლის სამზადისში იყვნენ, როცა ეს სახალისო ამბები მოვისმინეთ. წამოსვლისას სანავარდოშიც შევიარეთ, იღბლიანი მიხო იქაც მოვიკითხეთ, მაგრამ "ეგეთი კურიოზული ამბები მხოლოდ გავაზში ხდება, გავაზშიიი!" - მოგვაძახეს მაღაზიასთან თავშეყრილმა სანავარდოელებმა. არადა, გავაზელებს რომ ვკითხე, ეგ ამბავი თქვენ ხომ არ დაგემართათ-მეთქი, მითხრეს, ხიდან ჩამოვარდნილის რა გვეტყობაო. იქნებ საწყენადაც მიიღეს, ამიტომ სიფრთხილე ნამდვილად არ დამიკარგავს.

(სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე)