"მთავარი მოფიქრება და წადილია, მერე კიდე, შრომაცა" - კვირის პალიტრა

"მთავარი მოფიქრება და წადილია, მერე კიდე, შრომაცა"

"ნეტა ვაზი როგორც ჯეილდება, კაციც იგრე ჯეილდებოდეს"

წინათ ჩვენში ასე იყო: აებნეოდა გზა კაცს, შემოიკრავდა თავში ხელს, მაგრამ შორს განათებულ ფანჯარას დაინახავდა, მიადგებოდა - მასპინძელოო! და ... ექნებოდა სუფრაზე ღვინო, ბუხარში - ცეცხლი და ბუხართან - თბილი ლოგინი. ახლა? ახლა ერთ ამბავს მოვყვები და გაიგებთ, დღესაც ასეა თუ არა.

ერთი სიტყვით, სოფელ კაჭრეთში მოვხვდი, გზაზე მივდივარ და უცებ ერთი სახლის ეზოში თეთრ ინდაურებს მოვკარი თვალი. ინდაურებია და რა ინდაურები, - სიმსუქნისგან ძლივსღა დაიფხორებიან.

ახლა ვფიქრობ: - აკი ამბობენ, ქართველმა გლეხმა ქართული ინდაური გადააშენა, აგერ არ ჰყოლია კაცს, მოდი, დავიძახებ და ამბავს ვიკითხავ-მეთქი! მოკლედ, მივადექი და ვეძახი: მასპინძელო, მასპინძელო-მეთქი და არავინ მაგონებს, ჭიშკარი კი ღიაა. არადა, არც გზაზე ჩანს ვინმე, ის მაინც ვიკითხო, რა ხდება, რატომ დატოვა ამ კაცმა კარი ღია. ერთი სიტყვით, შევაღე და შევედი. შევედი და ღვინის სურნელიც მეცა. მეც იმ სურნელს გავყევი და...  მარანში მოვხვდი. იქ კი ზაურ ნადაშვილი და მისი ცოლი ლიდა შემომეგებნენ, - ვინ ბრძანდებითო?  მერე, - ერთი აქეთ მობრძანდითო!

- ბატონო ზაურ, იცით, რატომ შემოვედი თქვენთან, ეს საშობაო  ინდაურები რომ დავინახე, გამიხარდა. სულ ის მესმის, ქართული ინდაური გადაშენდაო, თქვენ კი როგორ მოგიშენებიათ.

- საშობაოდა, რა, სხვა დროს პირი არა გვაქ?! როგორ მოვაშენე და ჩვეულებრივადა. ერთი პერიოდი ხალხმა თავი დაანება ინდაურის მოშენებას, ბევრს ჭამს ეს ვერანაო და იმიტომ. ახლა უკვე ბევრსა ჰყავ, მოეგო ხალხი გონზედ!.. ნადაშვილები ამათ გარდა ბოცვრებსაც ვზრდით, ხოხბებსაც, მწყერებსაც.

- მეხუმრებით?!

- რა ხუმრობა, კაცოო! წამო და განახებ!

- ერთი ეს მითხარით, მეჩვენება თუ ნამდვილად უზარმაზარ, ასე, ოცკილოიან კურდღელს ვხედავ?

- ოცი კილო არა, მაგრამა ზოგჯერა ეგ ბოცვრები შეიძლება ათ კილომდეც მოვიდნენ, იმიტომაც იხდიან თითო ბოცვერში 50 ლარსა. ამათ ხორცსა, ქოლესტერინია, თუ რაც ჰქვია, არ აქვს. გემო კიდევ, როგორც ვარიკა, ისეთი გემრიელია.

- ეს როგორღა მოაშენეთ?

- ეგ რა კითხვაა, კაცო! მთავარი მოფიქრება და წადილია, მერე კიდე, შრომაცა...

- ოჯახში ვინ გყავთ ისეთი, რომ ეს ყველაფერი კიდეც მოიფიქრა, კიდეც მოინდომა  და კიდეც იშრომა?

- ვაჟები არ მყავს, მაგრამ ქალები მაგრები მყვანან... ჩემმა გოგომ რომ დაინახა, შვილებსა ბევრი რამ დასჭირდათ, ჯერ ბოცვრები მოიყვანა, მერე ინდაურები, მერე - ბატები, ხოხბები, მწყერები... მწყერს ვერა შოულობდა. ბოლოს, მისაქციელიდან ჩამოიყვანა. ცოტა ხანში კვერცხიანობა დაიწყეს, ესეც ხო შემოსავალია?..

-  ერთი ეს მითხარით, ამდენ მყიდველს სადღა შოულობთ?

- მოშენება სთქვი, თორემა ქართველ კაცს მადა კი არ დაჰკარგვია! რესტორნებიც ხო ყიდულობენ.

ადამიანი შრომისთვის არი გაჩენილი. ეზო-კარი მარტო საკუთარი მარჯვენით მაქვს ნაშენი. არადა, მე და ჩემი ცოლი რო ვსახლდებოდით აქა, მარტო ხეები იდგა, ეგ იყო და ეგ. აღარ გავჩერდით. ახლაც, დილის ექვს საათზე ფეხზე ვარ, ზაფხულში კიდევა მერცხალი ღამის სამ საათზე რო აჭიკჭიკდება, ფეხზე მაშინ უნდა წამოდგე.

- ეგ უკვე მეტისმეტია.

- მაშ როგორ გინდა! სოფელი ასეა: მარტო ვაზი რამდენჯერა მაქ ჩაყრილი. რამდენჯერ დავბარე, მოვწამლე, გავფურჩნე... რო დაბერდა, გადავჭერი და გავაჯეილე. თან ვამბობდი, - ნეტა ვაზი როგორც ჯეილდება, კაციც იგრე ჯეილდებოდეს-მეთქი. მარტო ვენახსა ეგრე ვემსახურე, სხვა ყველაფერიც ხო ასეა სასამსახურო.

- გისმენთ და ვფიქრობ, ძნელი კია-მეთქი.

- ძნელი ის არის, რომ არა გაქ და სხვის ხელებს შეჰყურებ... უსაქმური კაცი არ მიყვარს. გაიძახის, მომეცითო და იმას კი არ კითხულობს, რათ უნდა მივცე. ლოგინად რო იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ იმასაც რომ ორი ხელი და ფეხი აქვს და მეცა, რათ უნდა მივცე, მითხარით?! კაცი ზარმაცი არ უნდა იყო. ეგ არის. აბა, ერთი, შრომა მოინდომე, ღმერთი თავად თუ არ გამოგიგზავნის მადლსა. კაცო, საბალახოდან მოსულ პირუტყვს შინაც რომ ბალახი დავახვედრე, იმანაც  სამი ტყუპი ხბო მოიგო!

- რას ამბობთ, სად გაგონილა?!.

- არც შენა გჯერა, არა? არც იმ კაცმა დაიჯერა, ვისგანაც ეგ ძროხა ვიყიდეთ. არც მეზობლები დაგვიჯერებდნენ, ამიტომაც დილით რო შევედით და ბოჩოლები დაგვიხვდნენ, დავუძახეთ, - აბა, აქეთ მოდით, ხალხნო, რა უნდა განახვოთო! საცრისოდენა თვალები დაუხდათ!

ყველაფერი უნდა გიყვარდეს, რასაც ხელით ეხები, ისე არაფერი გამოვა. აი, ჩვენ რო ახლა ტკბილად ვლაპარაკობთ, ესეც სიყვარულია.

- გამრჯე გლეხი ქვეყნის იმედია. ამიტომაც დავეძებ თქვენისთანა გლეხს, როცა სოფლად ვარ და როცა ვპოულობ, ღმერთს მადლობას ვეუბნები.

- ეგ იმედი მიწიდან მოდის. მეცა სუფრაზე პირველი ღმერთის სადღეგრძელოს შემდეგ დედამიწისას ვიტყვი ხოლმე, -  მწარე ნიორიც კი, ასეთი ძვირფასი რომ არის ადამიანისთვის,  დედამიწას მოჰყავს. ჩვენცა, ადამიანები ხო უფლისა და დედამიწის წყალობითა ვართ და ვართ. კაცის მარჯვენას ყველაფერი შეუძლია. ქვეყნის სიკეთეც მისი მონდომებით იქნება და - ხალხისაც.