იქით ვანდალიზმი, აქეთ უკულტურობა?! - კვირის პალიტრა

იქით ვანდალიზმი, აქეთ უკულტურობა?!

ეს "ჭირი" ჯერ კიდევ 200 წლის წინ დაიწყო. 1811 წელს რუსეთის იმპერიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ეგზარქოსი დასვა, რომელიც რუსეთის უწმინდეს სინოდს ემორჩილებოდა. თანდათან ტაძრებიდან ქართულად წირვა-ლოცვაც განიდევნა. იმ დროიდან ცდილობდა დამპყრობელი ქართველი კაცის თვალისთვისაც მოესპო მისთვის ჩვეული და საყვარელი ეროვნული ნიშნით დაღდასმული ქართული ტაძრებისა და ფრესკების ხილვის შესაძლებლობა. სადაც შესაძლებელი იყო, ტრადიციული ქართული გუმბათის ნაცვლად ტაძრებს რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფორმის გუმბათებს ადგამდნენ (ამგვარი ვანდალიზმის ნიმუში მე-20 საუკუნის ბოლომდე შემორჩა ვერის ბაღში აღმართულ ლურჯ მონასტერს), ფრესკებს, უკეთეს შემთხვევაში, საღებავით ათეთრებდნენ.

დამოუკიდებლობის მოპოვებას, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკლესიათა მშენებლობისა და განახლების ტალღა მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება, მაგრამ, არა სრულიად საქართველოში.

რამდენიმე თვის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა  მშენებლებმა ილორის ტაძარს "რესტავრაცია" ჩაუტარეს. აქცია იმპერიის საუკეთესო ტრადიციების სრული დაცვით ჩატარდა. გალესვისა და გადაღებვის შემდეგ ულამაზესი ქართული ტაძარი რუსულ "ხატას" დაემსგავსა, თავზე კი ხახვისთავა გუმბათი წამოყელყელავდა. მაშინ ამ ინფორმაციამ ქართველი საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კი ეს ფაქტიც ერთმანეთის მისამართით ახალი ბრალდებების გამოთქმისა და "ქულების დასაწერ" საშუალებად აღიქვეს.

ხელისუფლება აღტაცებამდე მისული თავდაჯერებით ათასმეერთედ ლაპარაკობდა დამპყრობლის მზაკვრობაზე და ანათემას გადასცემდა მასთან კავშირში შემჩნეულ საერო თუ სასულიერო პირებს. თავის მხრივ, ზოგიერთი ოპოზიციონერი დანანებით შლიდა ხელს, ილორის ტაძარს და მთელ აფხაზეთს რუსები საერთოდ არ შეეხებოდნენ, ასეთი ხელისუფლება რომ არ გვყავდესო. ეს იყო და ეს. ამ თვეების განმავლობაში ეს თემა დროდადრო გახმიანდებოდა და შემდეგ ისევ მიჩუმდებოდა ხოლმე. 21-ე საუკუნის ვანდალებთან ვერაფერი გავაწყვეთ. არადა, როგორც მოსალოდნელი იყო, საქმე გვაქვს არა ერთეულ შემთხვევასთან, არამედ კარგად მოფიქრებულ მზაკვრულ გეგმასთან, რომლის მიხედვით ქართულ მიწაზე ქართველის კვალი უნდა წაიშალოს.

ჯერი ბედიის ტაძარზე მიდგა, - ეკლესიაზე, რომელიც ერთიანი საქართველოს პირველმა მეფე ბაგრატ მესამემ ააშენა თავის საძვალედ. ახლა მას მიადგნენ რუსი "რესტავრატორები". ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ვლადიმირში დარეგისტრირებული სარესტავრაციო ფირმა "ტევტონიკი" თვითგამოცხადებული "აფხაზეთის ეკლესიის" ლიდერ ბესარიონ აპლიას მიწვევით აწარმოებს ბედიის ტაძარში აღდგენით სამუშაოებს. ჯერჯერობით "აღდგენილია" ტაძრის კედლები, საიდანაც ჩამოფხეკილია ბაგრატ მესამის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი ფრესკა, ასევე ქართველ დიდებულთა ფრესკები და ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერები. მიმდინარეობს იატაკის "განახლებაც", სადაც ძველი ფილაქანი აყრილია (ცნობისათვის: უკანასკნელ წლებში აფხაზეთში ძალზე გავრცელებულია "განძისმაძიებლობა". ამ საქმის მიმდევარნი "საძიებო სამუშაოებს" უმთავრესად უპატრონოდ დარჩენილ ქართულ ეკლესია-მონასტრების ტერიტორიებზე აწარმოებენ). დღეისათვის ბედიის ტაძრის გუმბათიც მორღვეულია. როგორ და რა ფორმით "აღადგენენ" მას ვლადიმირელი "რესტავრატორები", ადვილი წარმოსადგენია.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მიმდინარე მოვლენებში ძველ, ნაცნობ ჭირთან ერთად ახალსაც ხედავს და ერთიანი კუთხით აფასებს მოვლენებს:

"რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, საერთაშორისო დამკვირვებლები რომ დაეშვათ აფხაზეთში, თუმცა, ეჭვი მეპარება ეს მოხდეს. რუსები იქ არავის უშვებენ, ასეთია რეალობა და მისი დარღვევის პრეცედენტს არ დაუშვებენ. ილორში რაც გააკეთეს, ვანდალიზმია, მაგრამ მათი ასეთი ქმედება "არახალია, ძველია". ასე იქცეოდნენ მე-19 საუკუნეშიც, - ქართულ ტაძრებს ადგამდნენ რუსულ გუმბათებს, კოკოშნიკებს, უკეთებდნენ წითელ კანტებს, ე. წ. პოლიქრონიას. ეს ყველაფერი რუსების უგემოვნობას მოწმობს. ამ ყველაფერზე პროტესტის გამოთქმა საჭიროა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ იმასაც ვერ ვპატრონობთ და ვანგრევთ, რაც ცხვირწინ გვიდევს. მაგალითად, გუდიაშვილის მოედანს - ქალაქური ხუროთმოძღვრების მარგალიტს, რომელიც შემოგვრჩა მეტ-ნაკლებად პირვანდელი სახით და თვალწინ გვენგრევა, ახალი პროექტი კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს განგებ კეთდება. ასე ჩაანგრიეს "იმელის" შენობა, მართალია, საბჭოთა ეპოქის, მაგრამ შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლი. აღარც ახალს აშენებენ რამეს და შუა ქალაქში გვაქვს ნანგრევები. როგორც ჩანს, აქ ასეთი ფსიქოლოგიური მომენტი მოქმედებს, - სხვამ არ უნდა გაბედოს, თორემ მე თავად რასაც მინდა, იმას დავანგრევ. ამის მაგალითია ქუთაისის ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები. არსებობს ასეთი პრინციპი: კონსერვაცია და არა რესტავრაცია. ანუ რესტავრაცია იმ დონემდე, რომ ნგრევა შეაჩერო და ავთენტურობა შეუნარჩუნო ძველ ნაწილს. იდეა ბაგრატის ტაძრის აღდგენისა, მაპატიეთ და…უკულტურობაა. აღდგენილი ნაგებობა არ იქნება ბაგრატის ტაძარი, ის იქნება ახალი ტაძარი - სხვა, ჩვენი გაკეთებული. მით უმეტეს, რომ არ არის ცნობილი, ზუსტად, რა როგორ იყო, ამიტომ ეს იქნება თვითშემოქმედება.

გული იმაზეც მწყდება, რომ ზოგიერთს ესმის, რომ ეს არ შეიძლება და მაინც აკეთებს, რადგან "ზემოთ" ვიღაცას ასე სურს. ადამიანები რომ ბედავდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას და თქმას, რომ ასე არ შეიძლება, ბევრ რამეს გადავრჩებოდით, მაგალითად, ამ "სიღნაღიზაციას", რომელიც სიყალბის სიმბოლოა. ხელოვნებას აქვს ლაკმუსის ქაღალდის თვისება - შიგნიდან რაცა ხარ, იმას აჩენს. შენება კი არ არის ცუდი, როგორ აშენებ, ის არის საქმე. ყველაფრისადმი ფასადურ-პიარული დამოკიდებულებაა. ამგვარი დამოკიდებულებით იცით რა მივიღეთ მცხეთაში? - სვეტიცხოველი გახდა "ზედმეტი", ისე ამოვარდა საერთო გარემოდან, იმდენად არაბუნებრივი რამ შემოაწყვეს გარშემო. ყურს არავის უგდებენ, ისე აშენებენ.

აფხაზეთის თემას დავუბრუნდეთ. თუ მართლა შესაძლებელი იყო ოფიციალური ხელისუფლების გვერდის ავლით, საქართველოს საპატრიარქოს ანდა რომელიმე პარტიის ხაზით პრობლემის გადაწყვეტა, ასეთი შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული.  აფხაზური არქიტექტურა ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი ნაწილია თავისი სპეციფიკით, ისე, როგორც კახური ან სამხრეთ ქართული არქიტექტურა. რა თქმა უნდა, ამას მიხედვა უნდა, მიხედვა.. ეჰ, არ უნდა დაგვეკარგა".

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)