რა ხდება ე. წ. სამხრეთ ოსეთში? 10 თებერვალს ჯიოევა "ინაუგურაციას" გეგმავს - ცხინვალი სამოქალაქო ომის ზღვარზეა - კვირის პალიტრა

რა ხდება ე. წ. სამხრეთ ოსეთში? 10 თებერვალს ჯიოევა "ინაუგურაციას" გეგმავს - ცხინვალი სამოქალაქო ომის ზღვარზეა

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ცხინვალში დაძაბულობა ყოველდღიურად მატულობს. მართალია, აქციები უკვე აღარ იმართება, მაგრამ ოსები ავის მომასწავებელი სიჩუმისგან კარგს არაფერს ელიან... პოლიტიკური ექსპერტების თქმით, რეგიონი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. თუმცა, დაპირისპირების დაწყებასაც ფული უნდა. მართალია, ჯამბულატ თედეევზე საჯაროდ არა, მაგრამ პირად საუბრებში ამბობენ, რომ თუ საქმეს დასჭირდა, ალა ჯიოევას ინიციატივით წამოწყებული არეულობისთვის ემიგრაციაში მყოფი თედეევი არც ფულის გაცემაზე დაიხევს უკან, მით უმეტეს, მას ლობირებს რამდენიმე რუსი პოლიტიკოსი, გავლენიანი ბიზნესმენები.

"ცხინვალში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მთელ სამხრეთ ოსეთში ვითარება სწრაფად შეიცვალა, - ერთ დღეში დამკვიდრდა ანტირუსული განწყობა, რომელიც აქამდე ჩვენს რეგიონში არასდროს ყოფილა. ხალხი იმუქრება, რომ არჩევნებში "ედინაია როსია" ცხინვალის ხმებს ვეღარ მიიღებს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, აქაურებს მიაჩნიათ, რომ მე მეტი ინფორმაციის მოპოვება და გაცემა შემიძლია. ამიტომაც მუდმივად მეკითხებიან, რა მოგველის, რას ამბობენ რუსეთში, იქნებ ისეთი გეგმა აქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით?.. რას გვიპირებს რუსეთი, რატომ ართმევენ ხალხს არჩევანის უფლებასო?" - ამბობს ჩემი კოლეგა, დამოუკიდებელი ოსი ჟურნალისტი ედუარდ ჩოჩიევი, რომელიც ცხინვალში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ვითარებაზე გვიყვება:

- დევნისა და მუქარის მიუხედავად, უპრეცედენტო მხარდაჭერით სარგებლობს ალა ჯიოევა, რომელსაც რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ კანონიერი გამარჯვება წაართვა. მაგრამ ჩემთვის ჯერ არ არის ცნობილი, რა სახსრებით აპირებს ქალბატონი ჯიოევა შეიარაღებული დაპირისპირების წამოწყებას. ცხინვალის მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კოკოითის მომხრეებმა რუსეთის ფედერაციის პირველი პირები შეცდომაში შეიყვანეს, რასაც ოსი ხალხის აღშფოთება მოჰყვა. უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ბოლო დროს ცხინვალში განვითარებული მოვლენები მშვიდობიანად ვერ მოგვარდება, რადგან ალა ჯიოევამ თავი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად გამოაცხადა და 10 თებერვალს ინაუგურაციის გამართვას აპირებს. არ ვიცი, ეს ღონისძიება როგორ აქვს წარმოდგენილი, იმიტომ, რომ ცხინვალს ჯერ კიდევ კოკოითის ხელისუფლების ხალხი აკონტროლებს.

- როგორ ფიქრობთ, წავა ამ რისკზე ალა ჯიოევა?

- საკმაოდ რისკიანი ქალია. ვერ ვიტყვი, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნება, რადგან სამხრეთ ოსეთს, უფრო სხვა, გლობალური საფრთხე ემუქრება, საქართველოს ფაქტორს ვგულისხმობ, რომელთანაც სულ ახლახან გვქონდა საომარი მოქმედებები, რასაც უამრავი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

- ანუ მიიჩნევთ, რომ ამჟამად ცხინვალისთვის ყველაზე რეალური საფრთხე საქართველოა?

- არა, ასე არ მიმაჩნია. უნდა ვაღიარო, რომ ჩვენთვის ბოლო დროს არანაკლებ საფრთხეს რუსეთის ხელისუფლება წარმოადგენს, რომელიც მზად არის კოკოითის ხელით სისხლში ჩაახშოს ყოველგვარი არეულობა ცხინვალსა და მის გარშემო განთავსებული ბაზების მეშვეობით.

- რამდენად მოულოდნელი იყო კრემლის კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის განცხადება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს?

- ძალიან მოულოდნელი იყო. ეს უფრო ცხინვალში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას ემსახურება, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, - მას პრეზიდენტის პოსტი კრემლისგან გარანტირებული აქვს და ზედმეტი თავსატეხი არ სჭირდება. ამიტომაც მოუწოდა ირიბად ალა ჯიოევას, მომბაძე და ანტიკონსტიტუციური ქმედებებისგან თავი შეიკავეო. ჯიოევემ თუ დაუთმო, ეს ნიშნავს, რომ მოგებას კოკოითის ჩუქნის და მისი პოლიტიკური კარიერა დამთავრდება.

ინა ჩიბიროვა, არასამთავრობო ორგანიზაცია, "ნაციონალობის გადარჩენის ცენტრის" წარმომადგენელი:

- ჩემი აზრით, რუსეთმა შეცდომა დაუშვა, როცა ფსონი ისეთ არაპოპულარულ ადამიანზე დადო, როგორიც ანატოლი ჩიბიროვია. ამიტომაც ხდება ცხინვალში ის, რაც ხდება. არ ვიცი, აქ მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, - სისხლის დაღვრის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე, შემდეგ კი კოკოითისა და მის გუნდზე მოდის. არადა, დიდია, ალბათობა, რომ სამხრეთ ოსეთში სისხლი დაიღვრება, - ხალხს აღარ უნდა გამარჯვების დათმობა. მთელი ოსი საზოგადოება გაოცებულია რუსეთის ხისტი პოლიტიკით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხვალ-ზეგ უარესს ელოდებიან.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)