"ოსმა საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა, რომ მის აზრს მოსკოვი ანგარიშგასაწევად არ მიიჩნევს" - კვირის პალიტრა

"ოსმა საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა, რომ მის აზრს მოსკოვი ანგარიშგასაწევად არ მიიჩნევს"

გასული წლის 13 ნოემბერს ე. წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, შესაბამისად, დაინიშნა მეორე ტური, რომელიც 27 ნოემბერს გაიმართა და რომელშიც ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეს შედეგი გააუქმეს და ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები გაზაფხულისთვის დანიშნეს. ცხინვალში საპროტესტო აქციებმა ლამის პერმანენტული ხასიათი მიიღო. დე ფაქტო ხელისუფლება გამარჯვებულ ჯიოევას ახალ-ახალ შეთანხმებებს უფორმებდა, თუმცა მალევე არღვევდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ალა ჯიოევამ 10 თებერვალს საკუთარი ინაუგურაციის შესახებ გამოაცხადა და მზადებაც დაიწყო, მაგრამ 9 თებერვლის საღამოს ოსმა ძალოვნებმა ალა ჯიოევას შტაბი შტურმით აიღეს: "ეს ოპერაცია მხეცური იყო, უფრო უარესი, ვიდრე ქართველებთან ომი. ის ერთ საათს გაგრძელდა. შტაბის შენობაში ავტომატებით შეიარაღებული, ნიღბიანი ხალხი შემოვიდა, მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ისინი სწრაფი რეაგირების სპეციალური განყოფილების თანამშრომლები იყვნენ. კონდახებითა და ფეხებით ჩაამსხვრიეს შუშის კარი. ასევე კონდახებითა და ფეხებით სცემდნენ მამაკაცებს, რომლებიც ჯიოევას გადაეფარნენ. ერთ-ერთმა ნიღბიანმა ჯიოევას კონდახი ჩაარტყა და მან გონება დაკარგა. სამმა ნიღბიანმა იგი იატაკზე გაათრია", - წერს ერთ-ერთ ოსურ ვებგვერდზე ჯიოევას თანამებრძოლი. დაკავებისას ალა ჯიოევა შეუძლოდ შეიქნა - ინსულტი დაემართა. მისი მდგომარეობა დღემდე მძიმეა. შტურმის დროს დაშავდნენ ჯიოევას მეუღლე და ძმა.

შექმნილ ვითარებას აფასებს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი:

- ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს შევაფასებ როგორც საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს, რომელსაც რუსეთი მაქსიმალურად უშლის ხელს. აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც ხალხი იღვიძებს და მოითხოვს, რომ მათ ხმას არჩევნებზე ანგარიში გაუწიონ, თუმცა, რუსეთი ამას ახშობს. თუ აფხაზეთში ამ მიმართულებით ფრთხილობენ, ე. წ. სამხრეთ ოსეთში ამას დაუფარავად აკეთებენ, რისი მაგალითიც ცხინვალში მიმდინარე მოვლენებია. მოსკოვი რეპრესიულ პოლიტიკას დაადგა. ჩემი შეფასებით, ეს გამწვავებული ვითარება რუსეთს არ უნდა აწყობდეს, მაგრამ რატომღაც ამას მაინც აკეთებს. კოკოითი უკვე წასულია, აშკარაა, იქ ახალმა ძალებმა უნდა აიღონ ხელში სიტუაციაზე კონტროლი.

შეიძლებოდა, ამ ახალ რეალობაში ალა ჯიოევას ჰქონოდა თავისი ადგილი და ახალ დე ფაქტო ხელისუფლებაში დამკვიდრებულიყო არა როგორც პრეზიდენტი, არამედ მისთვის სხვა პოსტი, მაგალითად, პრემიერ-მინისტრობა შეეთავაზებინათ. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების გაუქმების შემდგომ ჯიოევა იმდენჯერ მოატყუეს, რომ შეიძლება ახალი დაპირება აღარც კი დაეჯერებინა, თუმცა, მიმაჩნია, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნა შეიძლებოდა, მაგრამ ეს გააკეთეს და ოსმა საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა, რომ მის აზრს მოსკოვი ანგარიშგასაწევად არ მიიჩნევს, რამაც მოსახლეობაში საშინელი შოკი გამოიწვია.

ამიტომაც ალა ჯიოევამ გადადგა ეს ნაბიჯი, გამოაცხადა თავი პრეზიდენტად და ინაუგურაციის გამართვა გადაწყვიტა. ამას წინ უსწრებდა მისი მომხრეების რეპრესიები. ცხინვალში ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ემუქრებოდნენ და აკავებდნენ, ფე-ეს-ბე მის მომხრეებს დასდევდა და იჭერდა მოსკოვშიც. მიუხედავად ამისა, მან მაინც დანიშნა ინაუგურაციის დღე, თუმცა, რაც მოხდა, ვნახეთ... დღეს ეს ქალი საშინელ მდგომარეობაშია.

- ბატონო გოგი, რატომ გახდა ასეთი მიუღებელი მოსკოვისთვის ალა ჯიოევა და ის ძალა, რომელიც მის უკან დგას, ვგულისხმობ, ჯამბულატ თედეევსა და მის კლანს.

- ყოველთვის შეიძლებოდა ამის დარეგულირება. თედეევი თუ მიუღებელი იყო, შეეძლოთ ჯიოევასთვის მიეცათ პრეზიდენტობა. ამის მექანიზმებიც იყო მათ ხელში, მაგრამ რატომღაც ეს ვითარება თითქოს მიზანმიმართულად გაართულეს. აქ ერთი ფარული პროცესი მიმდინარეობდა კიდევ, - მოსკოვში ისეთი განწყობის შექმნას ცდილობდნენ, თითქოს ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში. თუმცა, ეს რეალობასთან კავშირში არ იყო.

როგორც ჩანს, სიტუაციის გამწვავება რაღაც სქემაში ჯდება. ზოგიერთი ამას რუსეთის პოლიტიკის არათანამიმდევრულობას უკავშირებს, მაგრამ არა მგონია, მოსკოვს იმდენად არათანამიმდევრული პოლიტიკა ჰქონდეს, რომ ამგვარი სისულელეები აკეთონ.Aაქ რაღაც არის ჩადებული, ანუ  მოსკოვს დღეს რაღაცისთვის სჭირდება ცხინვალის რეგიონში ვითარების გამწვავება. ამის მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ ირანის პრობლემა და საქართველოში ნატოს დანადგარების განთავსების საკითხი საკმაოდ აქტუალიზებული თემაა, რაც რუსეთს აფიქრებინებს, რომ ცხინვალის რეგიონში თავიანთი ბაზები და კონტროლის სისტემები გააძლიეროს.

- როგორც ამბობენ, ცხინვალის რეგიონში დიდძალი იარაღია თავმოყრილი, არსებობს საფრთხე, რომ იქ პროცესები შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს?

- თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ პოზიციის გასამყარებლად და ბაზების გასაძლიერებლად ეს სჭირდება, შეიძლება ასეც მოხდეს, რის შემდეგაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ძალების შეყვანას ცხინვალში კონტროლის გაძლიერების აუცილებლობით გაამართლებს. თუმცა, არა მგონია, რომ ეს ცხინვალს რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებს გასცდეს.

- მას მერე, რაც ოსმა ხალხმა დაინახა, რომ მათ აზრს რუსეთი იგნორირებას უკეთებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ქართველებისკენ შემობრუნდებიან?

- კი. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ამის შანსი აშკარად იზრდება.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)