"პოლიტიკური კორუფცია იქცა როგორც აფხაზი, ასევე ოსი საზოგადოების ცხოვრების წესად" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური კორუფცია იქცა როგორც აფხაზი, ასევე ოსი საზოგადოების ცხოვრების წესად"

22 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის ავტომობილსა და მის კორტეჟს გუდაუთა-სოხუმის გზაზე თავს დაესხნენ. თავდაპირველად, გზაზე დადებული ფუგასი აფეთქდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომობილს ახლომდებარე მთიდან ყუმბარსატყორცნით და ავტომატით გაუხსნეს ცეცხლი. დაცვის სამსახურმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, დაიჭრა მხოლოდ მისი პირადი დაცვის სამი წევრი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. ეს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა და დღემდე არც ერთი მათგანი არ არის გამოძიებული. ტერაქტების გამო ანქვაბი ორჯერ მსუბუქად იყო დაჭრილი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ანქვაბი რუსეთისადმი მონურ ერთგულებას არ იჩენს და კრემლი სწორედ ამას არ პატიობს. ამ საკითხზე გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში ბატონი მამუკა არეშიძე:

- ჩემი აზრით, ამ თავდასხმის მიზეზია ის თანხები, რომელიც რუსეთიდან აფხაზეთში შედის და რომლის გაკონტროლებას ძალიან მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ და საკმაოდ ხისტად ცდილობს ანქვაბი. Gგარკვეული ძალები აფხაზეთში უკვე წლებია ახრეხებდნენ და ითვისებდნენ მოსკოვიდან გამოგზავნილ თანხებს. ანქვაბმა კი მათ ბრძოლა გამოუცხადა, რის გამოც ბევრი გამწარებულია და დაკარგული პრივილეგიების აღდგენას ცდილობს. მოკლედ, ვფიქრობ, ტერაქტის მიზეზი მწვავე კორუფციულ-კლანური დაპირისპირებაა. ანქვაბის პოლიტიკა ბევრს გვარიანად უშლის ხელს.

- ანუ ანქვაბი დაუპირისპირდა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კორუფციულ სქემებს?

- დიახ, ასეც შეიძლება ითქვას, თუმცა, ამას მე უფრო პოლიტიკურ კორუფციას დავარქმევდი. სამწუხაროდ, პოლიტიკური კორუფცია იქცა როგორც აფხაზი, ასევე ოსი საზოგადოების ცხოვრების წესად, უფრო სწორად კი იმ ჩინოვნიკების ცხოვრების წესად, ვინც სხვადასხვა სფეროშია მოკალათებული. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ანქვაბის პოლიტიკამ  მხოლოდ აფხაზ ჩინოვნიკებს შეუქმნა პრობლემები. არა, ფული, რომელიც რუსეთიდან შედის აფხაზეთში, უამრავ ხელში გადის თვითონ რუსეთში და ბევრი რუსი ჩინოვნიკი ითბობს ხელს.

- ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების თქმით, ანქვაბს პრობლემები აქვს რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებასთანაც. ეს დაპირისპირება უკავშირდება სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებს და აფხაზეთიდან ინერტული მასალების გატანას.

- ოფიციალური მოსკოვისკენ ასე ხელაღებით ვერ გავიშვერ ხელს, რადგან ამის დამადასტურებელი ფაქტები ნამდვილად არა მაქვს. ვფიქრობ, კრემლში რომ გადაწყვეტილი ჰქონდეთ ანქვაბის მოშორება, ამას როგორმე მოახერხებდნენ. თუმცა, სოჭის ოლიმპიადა, ინერტული მასალები და ა.შ. შეიძლება ყველაფერ იმის დანამატად განვიხილოთ, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, ანუ ანქვაბს მართლაც საკმაოდ ხისტი დამოკიდებულება აქვს საზოგადოდ რუსეთის მიმართაც, რაც სავარაუდოდ კრემლში აღიზიანებთ კიდეც. თუმცა, ამ პრობლემის მოგვარებას რუსი ჩინოვნიკები ისევ აფხაზების ხელით ცდილობენ.Aამ ცდაში თუ ანქვაბი მოკვდებოდა, ამის გამო ნამდვილად თავს არ მოიკლავდნენ, მაგრამ გადარჩა და მისთვის ეს თავდასხმა ერთგვარი მინიშნებაც არის, ასე ვთქვათ, ამ გზით შეეცდებიან მის დაშინებასა და გაჩერებას. მისმა ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა: შინაგან საქმეთა სამინისტროში პროკურატურის შეშვებამ, ძველ შინაგან საქმეთა მინისტრ ძიაფშბაზე ძებნის გამოცხადებამ და ა.შ., როგორც ჩანს, ბევრს დაუკარგა მოსვენება. სხვათა შორის, ის ძებნილი ექსშინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთს აფარებს თავს და მოსკოვი აფხაზებისთვის მის გადაცემაზე უარს ამბობს.

- აფხაზი საზოგადოების მხარდაჭერა თუ აქვს ანქვაბს?

- რომ არ ჰქონოდა, ალბათ, არც აირჩევდნენ, თუმცა, აფხაზეთში არის ერთი სერიოზული პრობლემა, - იქ ყველა სფეროს რომელიმე კლანი აკონტროლებს. ვინაიდან აფხაზები ძალიან ცოტანი არიან, გამოდის, იქ ყველა ერთმანეთის ნათესავია. შესაბამისად, როგორც კი ანქვაბი უპირისპირდება რომელიმე კლანს, მაშინვე მისი მოწინააღმდეგე საკმაოდ ბევრი აფხაზი ხდება.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)