"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად პროგრესული და კეთილგანწყობილია ჩვენი ქვეყანა რუსეთთან შედარებით" - კვირის პალიტრა

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად პროგრესული და კეთილგანწყობილია ჩვენი ქვეყანა რუსეთთან შედარებით"

გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" სამეგრელოსა და ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა. მისივე თქმით, ზუგდიდისკენ მიმოსვლა შეზღუდულია. გალის რაიონის სოფლებში ისევ შეიმჩნევიან ე.წ. უშიშროების სამსახურების თანამშრომლები, თუმცა, ნაკლები ინტენსივობით.

ეს შეიძლება უკავშირდებოდეს აფხაზეთში დაგეგმილ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 10 მარტს ტარდება. 35 მანდატისთვის 150 კანდიდატი იბრძვის. როგორც ირკვევა, 115 კანდიდატი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა, 35 კი პოლიტიკურმა პარტიებმა – "ედინაია აბხაზიამ", აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა, კომუნისტურმა პარტიამ და "ეკონომიკური განვითარების პარტიამ" წარადგინეს. დე ფაქტო პარლამენტის წევრობისთვის 125 აფხაზი, 11 სომეხი, 8 რუსი, ორი ბერძენი, ორი ქართველი, ერთი ოსი და ერთი ყაბარდოელი იბრძვიან.

აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელი შოთა მალაშხია გვესაუბრება:

- მას მერე, რაც რუსეთის ოკუპაცია რეალურად გაფორმდა, გალის რაიონში მუდმივად დაძაბულობაა, ძალიან გაჭირდა მიმოსვლა ენგურზე, ავადმყოფის გადმოყვანასაც კი უშლიან ხელს ოკუპანტები და მათი აფხაზი მარიონეტები. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ეთნოწმენდა მოხდა, ვერც ერთი არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. ამას ვამბოთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. აფხაზეთის დამოუკიდებლობა რომ ფარსი და სპექტაკლია, ეს იმითაც კარგად გამოჩნდა, თუ როგორ მისცა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანქვაბმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ვლადიმირ პუტინს და ამით როგორ იწონებდა თავს. ამის შემდეგ რაღაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, აფხაზეთში სიტუაციას რეალურად რუსეთი მართავს, ამ ვითომ არჩევნებსაც რუსეთი ატარებს.

- გალის ქართველი მოსახლეობა თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას?

- როგორც ვიცი, აიძულებენ, ნაწილი ახერხებს გარიდებას, ნაწილი კი იძულებულია, მიიღოს მონაწილეობა. როგორც წესი, გალის რაიონიდანაც ირჩევენ ხოლმე ე. წ. დეპუტატს, როგორც წესი, ის ეთნიკურად ქართველია ხოლმე, თუმცა, როგორც უკვე გთხარით, ეს ყველაფერი სპექტაკლია. ანქვაბზე თავდასხმის შემდეგ აზრად არავის მოსვლია, ხელი ქართველებისკენ გაეშვირა, რადგან ყველამ მშვენივრად იცის, რომ თავდასხმა ადგილობრივმა კრიმინალურმა კლანებმა მოაწყვეს, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელდასხმით. ასეა, როდესაც მარიონეტი ვერ არის მონურად ერთგული, ისე, როგორც ოკუპანტს სურს, მას ან საავადმყოფოში კლავენ, ან ამგვარ ტერაქტებს უწყობენ. ისინიც იძულებულები არიან რუსებს დაემორჩილონ ყველაფერში, თუმცა საბოლოოდ შეიძლება ამანაც არ უშველოთ.

- ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ოკუპანტია და კრემლში ჯერჯერობით არავინ ფიქრობს დეოკუპაციაზე, რამდენად გამართლებულია პრეზიდენტ სააკაშვილის ინციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე?

- რუსეთში უამრავი ქართველი ცხოვრობს, სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებით სწორედ მათ გავუადვილეთ ცხოვრება. გარდა ამისა, რუსეთიდან ინვესტიციების სახით მილიარდობით ფული გაედინება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, ჩვენ გვინდა ეს ფული საქართველოშიც მოვიზიდოთ. ამასთან, ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვაჩვენეთ, რომ რუსი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და მათ ჩვენთან ჩამოსვლაში პრობლემები არ შეექმნებათ. ამით რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად პროგრესული და კეთილგანწყობილია ჩვენი ქვეყანა რუსეთთან შედარებით.

- ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც სააკაშვილის გადაწყვეტილებას "ჩრდილოური ორიენტაცია" უწოდა.

- სალომე ზურაბიშვილი ის ადამიანია, რომელიც თავის დროზე წითელიუბნის დაბომბვას რუსეთს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა, ასევე დადგმულს უწოდებდა განმუხურის ცნობილ ინციდენტს, შესაბამისად, მისი აზრი არავის აინტერესებს და არც კომენტარის გაკეთებას ვაპირებ. ეს არის მეხუთე კოლონის ტიპური წარმომადგენელი, რომლის რეიტინგი ქვეყანაში 2%-ის ფარგლებში მერყეობს.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)