"გაზაფხული შემოსულა, ლენ!" - კვირის პალიტრა

"გაზაფხული შემოსულა, ლენ!"

თოვლში ამოსული ენძელები

დღემდე სადავოა რომელ სოფელს ეკუთვნის ყველაწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია

ამბობენ, რომ საქართველოს ამ დალოცვილ მხარეს შემოდგომაზე, რთვლობისას უნდა ესტუმრო, თუ გინდა, მისი სიდიადე შეიცნო, მაგრამ ყვავილობისთვის მომზადებული და ბაღ-ვენახმოტიტვლებულიც კი, კახეთი თავისი მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით გაოცებს, გულში გიხუტებს და ყოველ ნაბიჯზე ქვეყნის მრავალჭირნახულ წარსულს გიამბობს.

ჩემთვის წელს გაზაფხული პირველად კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში დადგა, როცა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში თოვლში ამოსული ენძელები შევნიშნე. დალოცვილი მიწაა, თითქოს წელიწადის ყველა დრო მოუხატავს ზედ გამჩენს - შემოდგომის ფოთლებიც შემოუნახავს, ზამთრის თოვლიც, გაზაფხულის მახარობელიცა და მისი სიღრმიდან ზაფხულის ხასხასა ბალახის სუსტი გულისცემაც გესმის. მოკლედ, წლის მთელი პალიტრაა კახეთის მიწაზე!

მასპინძლობაც დალოცვილი იციან, ჯერ ეკლესია-მონასტრებს მოგატარებენ და მხოლოდ შემდეგ შეგიძღვებიან შინ პურის საჭმელად.

სოფლის ცენტრში წმინდა ნინოს სახელობის დიდი დარბაზული ეკლესიაა, რომელიც გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესიის ეზოში ეულად ერთი უთხოვარი დგას. ეს სახელი ხეს თურმე თამარ მეფისგან შემორჩა. ხალხისთვის უთხოვია, გადაჯიშების პირას მისული ხე არ მოეჭრათ და სწორედ ამის შემდეგ ეწოდა ეს სახელი. მისგან მეტწილად საეკლესიო ნივთებს ამზადებდნენ. ერთი რამ კი ცუდად მენიშნა, - დიდებული ეკლესიის ეზოდან, ნაგვით ამოვსებული ხრამი მოჩანდა. "ერთი უბედურება ისა გვჭირს, რომ ნაგვის დაყრას ვერ გადავაჩვიე ეს ხალხი", - შეშფოთება შემატყო სოფლის გამგებელმა.

კახეთში გაცხარებული საგაზაფხულო სამუშაოებია. ხეხილს, განსაკუთრებით ატამს წამლობენ, რომ ზაფხულში მოსავალს ბარაქა ჰქონდეს. ხეხილის სამკურნალო წამალს ეკლესიის ეზოში მორაკრაკე წყაროს წყალში აზავებენ და უფალს ნაყოფიერ მოსავალს შესთხოვენ.  გასულ წელს მოწეული ჭირნახული ჯერ ბლომად აქვთ და აქა-იქ სახლის ჭიშკარზე გამოკრული აბრა იუწყება, რომ მსურველს ოჯახში დაყენებული ღვინო და არაყი შეუძლია გააყოლოს ხელს. ღვინოსა და სუფრაში კი კახელებს ბადალი არა ჰყავთ. ღვინის სმას ისე ლამაზად ჩააქსოვენ სადღეგრძელოებს, რომ ამ ღვთიურ სასმელთან ზიარება მოგწყურდება და იქვე ლაღი კახური იუმორით შეგათამამებენ: მიდი, მიდი, მიაყოლე ჭიქები ერთმანეთს ჯიბგირის მუშტივითაო! თუ სტუმრად ივარგე, არც სახალისო ამბებს დაგაკლებენ, მაგრამ მე განსაკუთრებით ერთი მომეწონა. აი ის, ერთ-ერთი ჩემი მასპინძელი მწყერზე რომ წავიდა სანადიროდ და ცხენი "მოინადირა". მას შემდეგ კალაურელებმა "ყბაში ამოიღეს": ერთი გვითხარი, მწყერი ცხენზე ხომ არ იჯდაო?

ყველაწმინდას სადღეგრძელოზე ერთი სატკივარი ახსენდებათ კალაურელებს და ისტორიული სამართლის აღდგენას ითხოვენ. მათ მფარველად სოფელ კალაურის ტყეში მდებარე IX საუკუნის უნიკალური ყველაწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია მიაჩნიათ, რომლის ახლოს ასევე უნიკალური VI საუკუნის ბაზილიკა, VIII საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარი და IX საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსია. ყველა ამ ტაძართან სწორედ მათი სოფლიდან მიდის ისტორიული გზა. იტყვით,  ამდენი სიწმინდის პატრონს რა გაგჭირვებიათო. "ჩვენ ის გვაწუხებს, რომ ამ ოთხი ეკლესიიდან ორი - ყველაწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი და ბაზილიკა კალაურის ძეგლად კი არ არის მიჩნეული, არამედ სოფელ ვაჩნაძიანისა. ბოლო დროს ტურიზმის დეპარტამენტმა ვაჩნაძიანში ტაძრის ბანერიც კი დააყენა. ღმერთმა ამ სალოცავების მფარველობა ნუ მოგვაკლოს, მაგრამ ისტორიული სამართლიანობის დარღვევა ვერ არის კარგი საქმე. 1983 წელს აკადემიკოსი ირაკლი ციციშვილი მოითხოვდა სამართლიანობის აღდგენას. ჩვენც ვის არ მივმართეთ, მაგრამ ყველა თავიდან გვიშორებს. სიმართლე კი იოლად დასადგენია - კალაური ჯერ კიდევ 1392 წლის '"ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში" მოიხსენიება, ვაჩნაძიანი კი თავად ვაჩნაძეთა ადგილ-მამულების სახელია და როგორც სოფელი მხოლოდ XIX საუკუნეში ჩნდება სოფელ აკურასა და კალაურს შორის", - ამბობენ კალაურელები.

კოტე ნაპირელი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: "ვახუშტი ბატონიშვილს ატლასზე აქვს აღნიშნული "სასახლე მთავართა", რომლის საზღვრებიც თავის დროზე სოფელ აკურამდე იყო და იქ ვაჩნაძიანი არ არსებობდა; ივანე ბაგრატიონის მასალებშიც, რომელმაც აღწერა კახეთი 1794-99 წლებში, ზუსტად ამ თანამიმდევრობით არის სოფლები მოცემული, კალაური და შემდეგ აკურა. სოფელი ვაჩნაძიანი ისტორიაში XIX საუკუნიდან ჩნდება. მეც ვფიქრობ, რომ ხალხის უკმაყოფილება სამართლიანია".

კალაურელები იმის გამოც წუხან, რომ ყველაწმინდის გარშემო ტყე უმოწყალოდ იჩეხება. "ნორჩი ტყე ისე გაანადგურეს, ატირდები. მოჭრილ ხეს გადააბოტებენ და იმაზე მცირედიამეტრიანს მოჭრიან, სხვისი მოჭრილი რად გვინდაო. ნორმალურ ქვეყანაში დაავადებულ ხეს ჭრიან, ჩვენთან კი საუკეთესოს", - ამბობს კალაურის გამგებელი ნიკო დოხნაძე.

ალბათ, შესაბამის უწყებებს მართებთ ამ საკითხებზე რეაგირება, რათა დადგინდეს სიწმინდის ისტორიული კუთვნილება და სოფელს მიეცეს საშუალება, ტყესა და ძეგლს ისე მოუაროს, რომ მრავალი საუკუნის შემდეგაც დალოცოს შთამომავლობამ.

თბილისი-კალაური-თბილისი

წმინდა ნინოს ფრესკა

კალაური ერთ-ერთი უძველესი სოფელია გურჯაანში. სახელის წარმომავლობა უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, კალაური (თურქულად ყალაციხე), გამაგრებული გალავნიანი სოფელი ყოფილა, რომლის ცენტრალურ უბანს "გალავნის უბანი" ერქვა. XIII საუკუნეში სოფელი ჭერმის ეპარქიაში შედიოდა. კალაური მოხსენიებულია ცნობილი მეცნიერის, იოჰან ანტონ გიულდენშტედტის 1771 წლის ჩანაწერებში, რომელმაც მეფე ერეკლე II-ის მოწვევით ქართლ-კახეთში იმოგზაურა. სოფელში არაერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის სამეკლესიანი ბაზილიკა, სასახლე, სატრაპეზო და  გალავანი. სოფლიდან ორ კილომეტრში ადრეული შუა საუკუნეების სამი ბაზილიკური ტაძარია: სამყინაურის, კორდომიანისა და უნაგვერდის. კალაურში ასევე არის კვირაცხოვლის ეკლესია, მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა. 2009 წელს ეკლესიაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკა ასომთავრული წარწერით "ნინო". ეკლესიის ეზოში, ნატვრის ხის ძირში "წამოგორებული" ქვევრებია. მასში ეკლესიისთვის შესაწირად ზედაშეს აყენებდნენ და სალოცავში აჰქონდათ.