როგორ შენდება აფხაზეთი ქართველების ხელით - კვირის პალიტრა

როგორ შენდება აფხაზეთი ქართველების ხელით

"როცა ზღვის სეზონი იწყება, აფხაზეთიდან წინასწარ გვიკავშირდებიან სარემონტო სამუშაოების მსურველები, სანდო შუამავლის დახმარებით ფასსა და სხვა დეტალებზე შევთანხმდებით, შემდეგ ენგურის ხიდთან ან რომელიმე საზღვრისპირა სოფელში აფხაზების მანქანა გვხვდება და დანიშნულ ადგილამდე მივყავართ. თუ რამდენ ხანს ვრჩებით კონფლიქტის ზონაში, ეს შეკვეთაზეა დამოკიდებული", - ამბობს 46 წლის კარლო, რომელიც ახლობლებთან ერთად ჭიათურიდან აფხაზეთში უკვე მეექვსეჯერ გადავიდა.

დე ფაქტო ხელისუფლება რუსული დანგრეულ აფხაზეთს ინვესტიციების ხარჯზე ქართველი მუშების ხელით რომ აშენებდა, ეს პირველად სერგეი შამბამ მითხრა. მაშინ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ვიფიქრე, აფხაზმა პოლიტიკოსმა ეს განცხადება პიარისთვის გააკეთა-მეთქი, მაგრამ შემდეგ გავარკვიე, რომ აფხაზეთის თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში, აფხაზებით მჭიდროდ დასახლებულ უბნებშიც კი, ქართველი მუშა ხელი განსაკუთრებით ფასობდა.

დავითი, 38 წლის, ჭიათურის მკვიდრი:

- 90-იანი წლების მოვლენების შემდეგ, ბევრგან მომიწია მუშაობამ. აფხაზეთის თითქმის ყველა ქალაქი და რაიონი გალი, ოჩამჩირე, ტყვარჩელი, სოხუმი, ბიჭვინთა, გაგრა და ბზიფი მოვლილი მაქვს. ჩემი ხელებისა და ხელსაწყოების დახმარებით ძალიან ბევრი აფხაზის, სომხისა და ბერძნის სახლი მოვიარე. ბევრჯერ სასტუმროშიც შემომთავაზეს მუშაობა, მაგრამ უარი ვთქვი.

- რატომ?

- ისეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა ქართველებისთვის მაინც სარისკოა.

- აფხაზის სახლში უფრო მეტად დაცული იყავით?

- დიახ. რაც უნდა მისი მტერი იყო, როცა აფხაზს სახლში მიჰყავხარ, ბატონივით გექცევა, თვალებში გვიყურებენ და იმას ცდილობენ, რით გვასიამოვნონ. ყოველ საღამოს გვეკითხებოდნენ, რა კერძის მირთმევის ხასიათზე ვიქნებოდით ხვალ და ა.შ. ყოველთვის ჩვენთან ერთად სადილობდნენ. არ მახსოვს, ცალკე გაეშალათ სუფრა ჩვენთვის, როგორც ამას საქართველოს სხვა კუთხეებში აკეთებენ.

- რა ენაზე ლაპარაკობდით?

- რუსულად. მე წლების განმავლობაში რუსეთში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ხელოსანი ვარ და ყველანაირ საქმეს ვაკეთებ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, ოჯახი მყავს სარჩენი და რამე უნდა ვიღონო, რომ მშიერი არ მყავდეს. 4 შვილი მყავს, სკოლის მოსწავლეები არიან და პატრონი სჭირდებათ. ეს ხელისუფლება რომ ქვეყნის სათავეში მოვიდა, ყველას დაგვიძახა, ჩამოდით, აქ იმუშავეთო. მეც იქ ყველაფერი მივატოვე და ჩამოვედი, მაგრამ ერთი წელია სახლიდან არ გავსულვარ. მერე ახლობელმა მითხრა, თუ გარისკავ, ადლერიდან აფხაზეთში გადაგიყვან, სამუშაო მეგულებაო. თავიდან კი მეშინოდა, მაგრამ იმათი დამოკიდებულება რომ ვნახე, მივხვდი, ტყუილად ვნერვიულობდი. კვირაში ერთხელ გვასვენებენ და მანქანსაც კი გვიტოვებენ, ქართულად ლაპარაკს ნუ გააბამთ, ამ ნომრითა და სერიით, სადაც გინდათ წადით, არავინ გაგაჩერებთო.

ზურა, 52 წლის, ზესტაფონის მცხოვრები:

- მეზობელმა მითხრა, სოხუმში სოჭის ოლიმპიადის კულტურულ პროგრამაში აპირებენ ჩართვას და ცენტრალურ ქუჩებში სასწრაფო მშენებლობები მიმდინარეობსო. სარემონტო სამუშაოების თანხას რუსული ინვესტიციებიდან აფხაზეთის ხელმძღვანელობა იხდიდა, მაგრამ ცნობილია, რომ აფხაზებს მუშაობა არ უყვართ, რუსი მუშების ჩამოყვანა და შენახვა კი ბევრად დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. აფხაზებმა იციან, რომ რუსი ალკოჰოლის გარეშე არ იმუშავებს. ვიცი, რომ კონფლიქტის ზონაში მუშაობა გამართლებული არ არის, მაგრამ ჩემს რაიონში ან ენგურსგადმოღმა ნებისმიერ ქალაქში თუ ვინმე 500-ლარიან სტაბილურ სამუშაოს მიშოვის, აფხაზეთში ფეხის შემდგმელი არა ვარ.

- თვეში დაახლოებით რა თანხას გიხდიან?

- 1000-დან 2000-დოლარამდე. გააჩნია, რას ვაკეთებთ და რა დროში უნდა ჩავეტიოთ.

- ძირითადად, რა ტიპის სამუშაოებზეა მოთხოვნა?

- ყველაფერზე, რაც მშენებლობას ეხება, - სახლის აშენება, მიშენება, გარემონტება, ჭერი, იატაკი, კედლების ამოყვანა. არ დაიჯეროთ, რომ აფხაზებს ფული არა აქვთ, იქ ძალიან დიდი შავი ფული ტრიალებს. ყოველი მეორე, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში მცხოვრებნი, ნარკოტიკისა და იარაღის ბიზნესშია ჩართული. ამავდროულად ცდილობენ, საცხოვრებელი ფართები გააფართოვონ და კომფორტულად მოაწყონ, რადგან განსაკუთრებით სოხუმში ზღვის სეზონზე ძალიან დიდი კონკურენცია... ევრორემონტი, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა საშუალო დონის ოჯახში ნახავთ, აფხაზეთში პირველად, სულ რაღაც ორ წლის წინ, ჩვენ გავაკეთეთ. ეს იციან აფხაზებმა და ყველაფერში რჩევას გვეკითხებიან, თქვენ უფრო იცით, როგორ ჯობს და გვირჩიეთო. საჭირო მასალები რუსეთიდან მოაქვთ და საკმაოდ ხარისხიანია.

ნუგზარი, 53 წლის, სენაკის მკვიდრი:

- ომის შემდეგ იქ პირველად რუსული კომპანია "სტროი-სიტიდან" მოვხვდი. კომპანიას შეკვეთა ჰქონდა და სოხუმში 20-კაციანი ბრიგადა გაგვიშვეს. მაშინ მშენებლობაზე არ ვმუშაობდი, ბინების, სასტუმროების, ელიტური სახლების, საზაფხულო კოტეჯებისა და აგარაკების პროექტირებას ვახორციელებდი. მაშინ თავად ვნახე, როგორ ვერ იტანენ აფხაზები რუსებს და პირიქით, რუსებს აფხაზების მოდგმა ეზიზღებათ. ყოველთვის ცდილობდნენ, რუსებისთვის არაფერი დაეთმოთ, თუმცა რუსები თავსა და ფულს არ ზოგავდნენ, რომ ყველაზე კარგ ადგილას მასშტაბური ტიპის სასტუმროები აეშენებინათ. პირველობას არავის უთმობენ.

ერთხელ გვქონდა შემთხვევა, ერთ-ერთი სასტუმრო თვეში სამჯერ ააფეთქეს და სამივეჯერ ჩვენ მოგვიწია გარემონტებამ. ის ადგილი ჯერ ვიღაც სომეხ ბიზნესმენ ქოჩარიანს უნდოდა, მაგრამ აფხაზებმა არ დაუთმეს, შემდეგ კი რუსმა ისე მიითვისა, არც არავისთვის უკითხავს. იმ თვეში 5 ათასი დოლარი გამოვიმუშავე და ასეთ თანხაზე რომელი გიჟი იტყვის უარს?!

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)