"თიბილოვი გამოდის ინიციატივით აღდგეს ერგნეთის ბაზრობა" - კვირის პალიტრა

"თიბილოვი გამოდის ინიციატივით აღდგეს ერგნეთის ბაზრობა"

ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტად ლეონიდ თიბილოვი აირჩიეს. როგორც ცნობილია, მან მეორე ტურში დავით სანაკოევი დაამარცხა. თიბილოვი ცხინვალის რეგიონში უშიშროების დე-ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელად მუშაობდა და დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 54,12%-ით გაიმარჯვა. ამ საკითხზე გვესაუბრება კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი.

- ბატონო გოგი, ვინ არის ლეონიდ თიბილოვი?

- სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, თიბილოვს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ის საბჭოთა ძალოვან სტრუქტურებში წლების განმავლობაში მუშაობდა, საბჭოთა უშიშროების კადრია. აქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა მოსკოვთან, კრემლში მას ენდობიან. სხვანაირად ნამდვილად ვერ გახდებოდა დე-ფაქტო პრეზიდენტი. საინტერესოა, რამ განაპირობა ის, რომ ხალხმა მას დაუჭირა მხარი და არა, ვთქვათ, სანაკოევს, რომელიც მეორე ტურში მასთან ერთად მონაწილეობდა. ვფიქრობ, მოსკოვისთვის ორივე მისაღები კანდიდატი იყო. საქმე ის არის, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთშიც ისეთივე ვითარებაა, როგორიც აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებისას იყო, ანუ ვგულისხმობ მასშტაბურ კორუფციასა და უწესრიგობას. ამიტომაც აფხაზებმაც და ოსებმაც ხმა იმ კანდიდატებს მისცეს, რომელთაგანაც მკაცრ ადმინისტრირებას, მეტ წესრიგსა და ნაკლებ კორუფციას მოელიან.

სანაკოევი ომბუდსმენია, კარგადაა ჩახედული სოციალურ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, მას ჰქონდა ნდობა საზოგადოებაში და ბევრი ელოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის მიხედავდა ამ საკითხებს, მაგრამ უპირატესობა მაინც მიენიჭა იმ პირს, რომელსაც შესწევს უნარი მართოს პროცესები უფრო ხისტად და მკაცრად გააკონტროლოს ის ფულის ნაკადები, რომელიც რუსეთიდან შედის ცხინვალის რეგიონში. როგორც ჩანს, მოსკოვშიც აწყობდათ ისეთი მმართველი, რომელიც ფულის გათეთრების ამ პროცესს მკაცრად გააკონტროლებს და დესტაბილიზაციის ამ ფაქტორის მინიმალიზაციას მაინც შეძლებს. ამ კორუფციულ სქემებში ძალიან ბევრი რუსი ჩინოვნიკია ჩაბმული, მოსკოვი ამით გვარიანად დაზარალდა, კრემლში იძულებული იყვნენ მუდმივად გაეზარდათ ცხინვალის რეგიონის ფინანსური დოტაცია. ახლა, როგორც ჩანს, ადგილობრივი ძალებით შეეცდებიან ამის გაკონტროლებას. მოსახლეობა, როგორც ჩანს, შეეგუა, რომ მოსკოვი ოპოზიციურ კანდიდატს არ მისცემს უფლებას, მოვიდეს დე-ფაქტო ხელისუფლებაში. იმ სისასტიკემ, რაც გამოიჩინეს ალა ჯიოევას მიმართ, დამთრგუნველად იმოქმედა საზოგადოებაზე.

- ცნობილია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანქვაბი წლების განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც ირკვევა, თიბილოვი საბჭოთა კავშირის დროს ასევე მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამსახურში. თქვენი აზრით, ეს დამთხვევაა თუ შეიძლება მიზანმიმართული პოლიტიკა?

- გულისხმობთ იმას, რომ ამ პირების საშუალებით საქართველოსთან დამაკავშირებელი ძაფების გაბმა უფრო ადვილი იქნება?

- დიახ.

- აბსოლუტურად გეთანხმებით. თუმცა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება საქართველოში პროცესები, რა ცვლილებები გვექნება პოლიტიკაში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. ამ შემთხვევაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელმძღვანელობასთან დიალოგისთვის შესაძლოა მართლაც გადადგან ნაბიჯი და ასეთ ვითარებაში ადამიანებს ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ექნებათ. ანქვაბსაც და თიბილოვსაც საქართველოში ბევრი ნაცნობი ჰყავთ. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ თიბილოვი გამოდის ინიციატივით აღდგეს ერგნეთის ბაზრობა. ამგვარი რამ ნამდვილად ითქვა. თავის დროზე ერგნეთის ბაზრობამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის აღდგენაში. სამწუხაროდ, 2004 წლის ზაფხულში ბაზრობა კორუფციის კერად გამოცხადდა და გაუქმდა. დღეს უკვე ყველა ამბობს, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება. ერგნეთის ბაზრობა იყო თანამშრომლობის ერთგვარი მოდელი, ბუნებრივი წარმონაქმნი, რომელსაც დიდი პერსპექტივა ჰქონდა.

საქმე ის არის, რომ ჩვენს ხელისუფლებას მაშინ სულ სხვა გეგმა ჰქონდა, დაკავშირებული სანაკოევის პროექტთან, ანუ ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე კი არ იყო ორიენტაცია აღებული, არამედ პარალელური დე-ფაქტო ხელისუფლების შექმნასა და მერე ცხინვალის მოსახლეობის გადმობირებაზე. ეს იყო შეცდომა და არც გამოვიდა ამისგან რამე. თიბილოვი თუ ამგვარი ინციატივით გამოდის, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება. ამის პერსპექტივას კი ნამდვილად ვერ ვხედავ სააკაშვილის ხელისუფლებაში. არანაირი სიმპათია კოკოითის მმართველობის მიმართ არ მქონია, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც არსებობდა შანსი მასთან ურთიერთობის დამყარებით ბევრი რამ შეცვლილიყო. ამას ცდილობდნენ თავის დროზე ირაკლი ალასანია და გოგა ხაინდრავა, მაგრამ ეს ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილის ხელისუფლების იმ ხაზს, რომელიც გათიშვაზე იყო ორიენტირებული. ამან რა შედეგიც მოიტანა, ყველამ ვნახეთ.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისტსთვის)