"შევუბეროთ" გურიისკენ - კვირის პალიტრა

"შევუბეროთ" გურიისკენ

როგორ აჯობეს სომხებმა გურულებს

გურულები მთავრობაზე ნაწყენი არიან, - ნამეტანი მივიწყებული ვყავართო. მეც, იქ ჩასვლისთანავე, ერთსა და იმავეს ვკითხულობ, - ხალხო, ან ფული არ დაიძრა გურიაში, ან გოროხი, ახალი რა არის-მეთქი. ამას წინათაც ასე იყო, - ადამ და ევას დროინდელი მატარებლიდან გადმოსული დაჟანგულ "ჟიგულიში" მოვკალათდი და - აბა, რა არის ახალი გურიაში-მეთქი. მძღოლმა ალმაცერად გამომხედა და ოზურგეთის ცენტრისკენ დაიძრა, - ამ ორმოს არ უყურებო? ვუყურებ-მეთქი. ჰოდა, აქანე რაცხა იუსტიციის სახლს აშენებენ და გათხრა რომ დეიწყენ, იმფერი რომაული აბანოები გამოჩნდა, პრეზიდენტმა კულტურის მინისტრიც კი წამოიმძღვანია. კიდევ ახალი ის არის, რომ  საავადმყოფო და ჩაის კოლეჯი გაგვიხსნესო.

- ჩაის პლანტაციები აღარ არის გურიაში და კოლეჯი რად გინდათ?

- მაგი აფერი, მთავარია, ახალგაზრდობის ტვინები გაშენდეს და გალამაზდეს, თვარა, ჩაის გაშენებას რა უნდა! - ისე მიპასუხა, - თითქოს ჩაის პლანტაცია აგერაა, აბიბინდებაო. აშენდა შენი ოჯახი, შრომა-ნატანებისკენ გადაუხვიე, - ვიცი, რა გზებიც არის, ამიტომ სოფელ მერიამდე ამიყვანეთ, იქ კი დამხვდებიან-მეთქი. - გაიხარე, ბიძია, მარა იმ კაცს ტრაქტორი თუ ყავს, თვარა სხვანაირად ვერ ახვალ მაგ სოფლებში! - გამაფრთხილა იმანაც და "შეუბერა"... აი, ბატონ თემურ ხომერიკს, ჩემს მასპინძელს კი აღარ გამოუვიდა მერიიდან "შებერვა", - მისი "მოსკვიჩით" ხან რომელ ორმოში ჩავეხეთქეთ და ხან რომელში...

- რა დაგემართათ შრომა-ნატანებლებს, გზას ვერ ეღირსეთ? იყო დრო, ციტრუსით უმდიდრესები იყავით.

- იყო მაგი დროიც... მარა, ვინ გითხრა, რომ ახლა უფულოები ვართ? ე, ის ტრაქტორი, ზემოდან რომ მოდის, თუ ატყობ, რამდენი წლის იქნება?!

- 40-50 წლის გამოშვებული იქნება.

- ამ ორ სოფელში იმდენს ჰყავს მაგფერი ტრაქტორი, მარტო მაგის "ტეხასმოტრებით" შეგვაქვს ბიუჯეტში მილიონი!

- 50 წლის ტრაქტორის ტექნიკური დათვალიერება ვის სჭირდება, ჯართშია ჩასაბარებელი!

- არ თქვა მაგი!.. მაგ ტრაქტორებს რომ უყურებ, კიდევ ბევრს გაქაჩავენ. ისე, არ გაგიგია, შრომელებმა და ნატანებლებმა სომხეთი რომ ავაშენეთ? ნიკიტა ხრუშჩოვის დროს იყო მაგი. სტუმრად რომ ჩამოვიდა, რა ვქნათ, რა ვქნათო და, - მოდი, შრომასა და ნატანებში წევიყვანოთ, ყველაზე მდიდარი სოფლები ეგენიაო. ჩამეიყვანეს, აჭამეს რძეში მოზელილი ჭადი და გადირია კაცი! საქართველო მდიდარი ყოფილა და ფული რაში ჭირდებაო, - თქვა. წევიდა მოსკოვში, მოხსნა ბიუჯეტი და მისცა სომხებს - იგენმა კი, ქვა და ღორღის მეტი რომ არაფერია, იმფერი აჩვენეს - ლენინაკანი. ასე გვაჯობეს, აბა?!

- ხალხი სულ გაჭირვებაზე წუხს და თქვენი იმ მილიონებიდან მართლა აღარაფერი დარჩა, რძეში მოზელილი მჭადი მაინც?

- ხალხი იმიზა წუხს, რომ ჭირს ცხოვრება. კაცი ერთხელ იბადება და შრომის გარდა, თვალის გახელა არ უნდა?! ისე, ვინც შრომობს, რძიანი ჭადიც აქვს და საცივიც, ქვაბშიც და ეზოშიც.

- რა ეზოში?!

- ეგ ეზოს საცივია ცხონება! ამოჩუხჩუხდება მიწიდან ცივი წყალი, ჩადგება ორმოში და როგორც ყინვა, ზაფხულში იმფერია. ეგ საცივები რომ არ ჰქონდეს ხალხს, მართლა დეიღუპებოდა, - ზაფხულში ჭებიც შრება, მარა მაგ საცივს ძვრა არ აქვს. კომუნისტების დროს აღმოაჩინეს, მიწის ქვეშ მდინარე რომ გადის. მაშინ ვიფიქრეთ, ახლა კი გვეშველა, სოფელში წყალს გამოგვიყვანენო, მაგრამ არ ქნა მაშინდელმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ - ფულის დახარჯვა არ უნდოდა. ხალხი ჭის წყალსაც კარგად სვამს, ჯანმრთელები არიანო...

ამ საუბარში გზის პირას ბირჟაზე გურულები დავინახეთ. გამიჩერეთ, უნდა გამოველაპარაკო-მეთქი, - ვთხოვე ჩემს მეგზურს.

- კაი, ბატონოო, - ღიმილით მეუბნება და მიჩერებს. გურულებმაც, - კაი გამარჯობაო. მერე: - იმ დაფერდებულ სახლებს თუ ხედავ? მაგი სახლები ჩვენი სოფლების ქვეშ რომ მიწისქვეშა მდინარე გადის, იმან დააფერდა, მარა მაინც არ ვაპირებთ არსად წასვლას და იმიზა ვითხოვთ გზის გაკეთებას. ე, შენ რომ დგახარ, ზუსტად მაქანე იდგა ჩვენი მინისტრი ნიკოლეიშვილი, - აბა, რა გაგჭირვებიათო. რაი და, გზა-მეთქი, დოვუძახე, - წამევედი წინ და შემაგება ხელი, - ნუ გეშინია, მაგას აგვისტოში დევიწყებთ და დავასრულებთო. იმის მერე რამდენი აგვისტო მევიდა, იმდენი ას წელიწადს იცხოვრე შენ! თუ გაკეთება არ შეგიძლია, გაჩუმდი, ვინ გექაჩება ენაზე, ტრაქტორების არ იყოს! - ჩვენმა პრეზიდენტმა,  ტრაქტორები ჩამოვიყვანეო...  ტრაქტორი ჩვენც კი გვყავს, მარა, ბენზინი თუ ვერ ჩავასხი შიგ, რად მინდა, ცეცხლის ფასი ღირს... ციტრუსია და გადააკვდები, მერე უნდა დალპეს და გადაყარო. 400 დოლარი რომ უჯდება კაცს ტონა მანდარინის გატანა საზღვარზე, ვინ წეიღებს იმას?! სხვა ქვეყანაშიც კია აი მანდარინა. ჩამეიტანს იქიდან, შეჭამს და იქნება ვარდივით. მარა, მაინც კი ვშრომობთ, ბაღნები გვყავს დასაზრდელი. ბევრი მრავალშვილიანი ოჯახია აქანე. თუ არ დაგეზარება, იმ ფერდობზეც ჩეიარე და მაგრაქველიძეების ექვსი შვილი დაგხვდება, იმფერი ბაღნებია, თვალი ზედ დაგრჩება.

იმათ შიმშილით მოკლავს კაცი?! იმიზაა, მაგენის მამა დილას ექვს საათზე რომ გავა სახლიდან, ღამის თორმეტ საათზე მიბლაყუნობს შინ, მარა რად გინდა, მაგენის სახლი მეწყერმა ისე დაფერდა, შინაც ისე წვიმს, რავარც გარეთ! იმ სახლზე მითითებს, ნალიაზე მიდგმულ კიბეზე ჟღალთმიანი გოგონა რომ დგას.

რა გული გამიძლებდა, მივედი... მაგრამ მაგრაქველიძეები არც ჩამონგრეულ სახურავზე ჩივიან და არც მამის დღენიადაგ ბლაყუნს ახსენებენ. იმათ მოხუც ბებიას კი ჩემს მისალმებაზე ხელი ყურთან მიაქვს და, - სახლს რას ვჩივართ, შვილო, არ გვეშინია, მარა ამ ექვსიდან ცამეტი წლის ტყუპი რომ გვყავს, რაცხა წამალი უნდა ვასვათ ძალიან დიდი ხანი და იგი გვაფიქრებს, რომ ვეღარ ვიყიდით. ჩემი შვილი კი იმფერია, სათხოვნელად არავისთან მივაო. - ნუ გეშინია, ბებო, ღმერთია მოწყალე და მეც აუცილებლად ვთხოვ იმას, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია-მეთქი (ვთხოვე კიდეც ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს. იმედი მაქვს, შეასრულებს).

საღამოს ხომერიკების ოჯახს  ვესტუმრე. ისეთი სუფრა გამიშალეს, ჩიტის რძე არ აკლდა. - თუ ყველა სტუმარს ასეთ სუფრას უშლით, დაქცეულხართ და ის არის-მეთქი. მასპინძელმა - გაჩუმდი, ბიძია, სტუმარი რომ მომივა, მაგი მიხარია, თვარა ჩემი შვილებიზა ისედაც კი ვეწევი ჭაპანსო.

მეც გავჩუმდი და იქაურობას თვალი მოვავლე, - მერე რა, რომ არც ისე გვილხინს, არც ადრე გვილხინდა, მაგრამ მაშინაც წუთისოფელი ჭირის ლხინად გადაქცევაში გვითენებია და ახლა ვითომ რა წაგვახდენს!