ანქვაბის რადიკალური პოლიტიკა და შამბას გავლენა აფხაზეთში - კვირის პალიტრა

ანქვაბის რადიკალური პოლიტიკა და შამბას გავლენა აფხაზეთში

"პუტინის ინაუგურაციის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯით დავშორდით  დამოუკიდებელ აფხაზეთს", - ამბობენ ანტირუსულად განწყობილი აფხაზი პოლიტიკოსები და პუბლიცისტები. პროაფხაზურ და პრორუსულ ძალებს შორის ურთიერთობა დე ფაქტო პრეზიდენტზე ტერაქტის მოწყობის შემდეგ დაიძაბა. მართალია, ანქვაბის მომხრეებმა თითქმის ყველა ეჭვმიტანილი დააკავეს და გააუვნებლეს, მაგრამ დაძაბულობა მაინც დღითი დღე მატულობს.

რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ალმასბეი კჩაჩის (რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, სიცოცხლე სოხუმის იზოლატორში თვითმკვლელობით დაასრულა) მეუღლესთან დაკავშირებას, რათა მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიმეღო, მაგრამ მითხრა, რომ მეუღლის გარდაცვალებამდე და მანამდეც მისი ოჯახი "განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია" და საუბარს ვერ შეძლებდა. დე ფაქტო აფხაზეთში კი არც ერთი სტრუქტურა ისე გამართულად არ მუშაობს, როგორც უშიშროების სამსახური.

გიორგი აგრბა, აფხაზი პოლიტოლოგი:

- მას შემდეგ, რაც აფხაზეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, კჩაჩი სამი დღე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობის წინ ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა. ის იქ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი ნათესავის, ხუტბების დაკავებას აპროტესტებდა. ამ დროს შენობასთან უშიშროების გენერალი გამოჩნდა და ალმასბეი კჩაჩს გამოელაპარაკა. არავინ იცის, რაზე ილაპარაკეს ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა. ორი დღის შემდეგ კჩაჩის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა... არადა, ის კაცი არ იმალებოდა და არც გაქცევას აპირებდა. სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, დაკითხვაზე დაებარებინათ და ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, იზოლატორში დაეტოვინებათ, მაგრამ რატომღაც მისივე ოჯახში, მეუღლისა და ოთხივე შვილის თვალწინ აიყვანეს.

- როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურებოდა ეჭვმიტანილის ასეთი ხმაურიანი დაკავება?

- მოსახლეობაში შიშის დანერგვას, რომ არსებული ვითარების შეცვლას არ დაუშვებენ. ამიტომაც მოქმედებენ ასე ხისტად. უნდათ ხალხი მორჩილებაში ჰყავდეთ.

- რა იცით კჩაჩის შესახებ?

- მას რამდენჯერმე შევხვედრივარ. საქმიანი ურთიერთობა გვქონდა. საკმაოდ ჭკვიანი და გაბედული კაცი იყო. თურქული ფესვები ჰქონდა. არ ვიცი, სიმართლესთან რამდენად ახლოს არის, მაგრამ ამბობდნენ, თურქ ბიზნესმენებთან ერთად გაგრაში საერთო ბიზნესი ჰქონდაო. მის სახელს უკავშირდება შარშან ზაფხულში აფეთქებული სომხების რამდენიმე მცირე ტიპის სასტუმრო. კჩაჩი გააფთრებით ებრძოდა უცხოური ბიზნესის დამკვიდრებას.

- თუმცა თურქული ინვესტიციის წინააღმდეგი არ იყო, არა?

- ინვესტიციის არა, თუმცა, ამბობენ, რომ ბოლომდე მთლად კარგი ურთიერთობა არც თურქებთან ჰქონდა. ამიტომაც ებრძოდა ანქვაბის პოლიტიკას. თუ ფული გაქვს, აქ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, კანონის მორგება ან მისთვის გვერდის ავლა. ასევე მოსყიდვა, გარიგება, გაჩუმება და მუქარა აფხაზური ბიზნესის თანამდევი პროცესია. რახან სერგეი შამბას საგარეო პოლიტიკაში მეტი გამოცდილება და ავტორიტეტი აქვს, ალექსანდრე ანქვაბი ზოგ საკითხში მის რეკომენდაციებს ითვალისწინებს, თუმცა შესაძლოა, მის პოლიტიკურ კურსს სულაც არც ეთანხმებოდეს. ასეა ტურიზმის განვითარების სფეროში, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროების ხარჯზე ვითარდება.

რა შეეხება, ალმასბეი კჩაჩს, ის ცაცია იყო. თვითმკვლელობისას კი იარაღი მარჯვენა ხელში ეჭირა. ამასთან, არსებობს სხვა საეჭვო გარემოებებიც, -  მაგალითად, პროკურატურამ ექვსი ეჭვმიტანილის არსებობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ორი დღის შემდეგ კი მხოლოდ ოთხი დააკავა. ამასთან, როგორც გამოძიებამ დაადგინა, კჩაჩის ცხედარი ლოგინზე იპოვეს და მას პისტოლეტი ეჭირა ხელში. როგორც წესი, საფეთქელში სროლის შემდეგ თვითმკვლელს პისტოლეტი ხელიდან უვარდება.

- თავი მოიკლა კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა...

- დიახ, ეს არის კჩაჩის ნათესავი თემურ ხუტბა, რომლის საქმეზეც კჩაჩი უშიშროების იზოლატორში იყო მისული. მისი გარდაცვალება კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. შთაბეჭდილება რჩება, რომ აფხაზეთში არძინბასთან დაახლოებულ პირებს მიზანმიმართულად ანადგურებენ.

- რა ხელს უნდა აძლევდეს ანქვაბის ხელისუფლებას მათი მოშორება?

- ამ ხელისუფლებას არძინბას დროინდელი თანამდებობის პირები, ვინც 90-იანი წლების აქტიური მონაწილეები იყვნენ, ყელში აქვს გაჩხერილი. ისინი მუდმივად ერეოდნენ და აპროტესტებენ მათ პოლიტიკურ კურსს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. საქმე ის არის, რომ სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობამდე ეს კლანი აფხაზეთის მთელ ფინანსურ შემოსავლებს, უძრავ-მოძრავ ქონებასა და რუსეთიდან შემოსულ თანხებს აკონტროლებდა. კჩაჩი კი წლების განმავლობაში შსს მინისტრი იყო...

- აფხაზების თქმით, მისი მინისტრობის დროს, 1996-2003 წლებში, აფხაზეთი ნარკოტიკული და რადიაციული ნივთიერებების, იარაღით ვაჭრობის სატრანზიტო დერეფანი იყო.

- ამის თქმა ქართველ სპეციალისტებს აძლევს ხელს, რათა საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან სათქმელი ჰქონდეთ, თორემ აფხაზეთში ამ მხრივ ახლაც ძალიან ბევრი პრობლემაა. არძინბას კლანის გაუვნებლება ჯერ კიდევ აწ გარდაცვლილმა ბაღაფშმა სცადა, მაგრამ ამის გაკეთებას ლოიალურად ცდილობდა. ანქვაბმა კი მათ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა - ათავისუფლებს სამსახურებიდან, უხურავს ბიზნესს. ერთი სტყვით, მათ ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევს. აფხაზი საზოგადოება ამას ომის ვეტერანების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებად აფასებს და ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებს. ერთი სიტყვით, არავინ იცის, რა მოჰყვება ანქვაბის ხელისუფლების გაჯიუტებას.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)