ბანკებს ცრემლების არ სჯერათ (ქობულეთი ვაგადასულმა სესხებმა "დაიპყრეს")... - კვირის პალიტრა

ბანკებს ცრემლების არ სჯერათ (ქობულეთი ვაგადასულმა სესხებმა "დაიპყრეს")...

ყველას ყურადღება მიიპყრო ქობულეთში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობამ, რომლებსაც საბანკო დავალიანების გამო გამოსახლება ემუქრებათ. საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებმა 2007-2008 წლებში სასტუმროების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კრედიტები აიღეს, რომელსაც ვეღარ ისტუმრებენ. ქობულეთში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძეც იყო ჩასული და დაზარალებულებს დახმარებასაც დაჰპირდა, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, მინისტრის ვიზიტიდან ორი დღეც არ იყო გასული, როცა ორ ოჯახს მიადგნენ და საკუთარი სახლების დატოვება მოსთხოვეს...

თამაზ გოგიბერიძე (საოჯახო სასტუმროს მფლობელი): "მოკლედ მოგიყვებით, რატომ ვეღარ ვისტუმრებთ დაგროვილ ვალებს: ქობულეთელები თავდაპირველად "საზღვაო ბანკთან" ვთანამშრომლობდით, მისი დახურვის შემდეგ "პროკრედიტ ბანკთან" განვაგრძეთ საქმიანი ურთიერთობა. ფაქტობრივად, ამ ბანკის დახმარებით მოხერხდა ქობულეთში ოჯახური სასტუმროების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. 2008 წლამდე ქობულეთელებს ბანკებთან დავალიანება ვალი არ ჰქონიათ. აგვისტოს ომის დაწყებისთანავე ქობულეთში არც ერთი დამსვენებელი აღარ დარჩენილა, ყველა გაიქცა. ბანკში ფულის შეტანის ბოლო ვადა 28 აგვისტო იყო. ვთხოვეთ, მაგრამ ბანკი არავითარ დათმობაზე არ წავიდა, იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულებაში ნათლად წერია, რომ ფორსმაჟორის შემთხვევაში კლიენტს ბანკისაგან შეღავათი ეკუთვნის. როცა საჯარიმო სანქციებით დაგვემუქრნენ, იძულებული გავხდით, სხვა ბანკის სესხი აგვეღო. გადასახდელ 16%-ს დაემატა 8%-იც და ჩვენი ვალი უკვე 24%-მდე ავიდა...

მთელი ამ ხნის განმავლობაში იმედით ვცოცხლობდით, სამწუხაროდ, ეს იმედი არ გამართლდა და ახლა ხალხი უკვე მესამე ბანკში გადავიდა, რომლის პირობებიც უფრო კაბალური აღმოჩნდა - ეს არის "ჯორჯიან ინვესტ ბანკი", რომლის საპროცენტო განაკვეთიც წელიწადში 60%-ია. ასეთი მოგება დედამიწის ზურგზე არც ერთ სფეროში არ არის, გარდა ნარკოტიკებისა და იარაღისა. ამან მთლად გაანადგურა ჩვენი ფინანსური მდგომარეობა და ახლა ნებისმიერი ჩვენგანი გამოსახლების რეალური კანდიდატია. ეს არის ომის შედეგად გამოწვეული პრობლემა, ამიტომაც ვითხოვთ, გამოიძიოს პრეზიდენტმა, ხელისუფლებამ და ამ უმძიმესი სიტუაციიდან დაგვიხსნას".

ანზორ თხილაიშვილი (კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, ქობულეთის საკრებულოს წარმომადგენელი): "ქობულეთში 270-ზე მეტი ოჯახია გამოსახლების პირას. მათ 2008 წლის მოვლენების შემდეგ ვეღარ შეძლეს 16%-იანი სესხის გადახდა, შემდეგ კი მოტყუებით გაუფორმეს ახალი ხელშეკრულებები, რის გამოც საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო გაეზარდათ და კერძო სექტორის დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ 2011 წელს ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალები გადათხარეს და აქ პრაქტიკულად აღარ იყო პირობები, რომ ტურისტი გაჩერებულიყო. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ საოჯახო სასტუმროების მფლობელები ბანკის ტყვეობაში აღმოჩნდნენ. დღეს ძალიან მძიმე სურათი გვაქვს: 271 ოჯახის ქონება პრაქტიკულად უკვე გასულია აუქციონზე. ეს ადამიანები სიკვდილს ნატრობენ, იმდენად განიცდიან თავიანთ მდგომარეობას. გული სტკივათ, რომ მათ მამაპაპისეულ ქონებას თურქები, სომხები და სხვები ყიდულობენ.

ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი ოჯახის გამოსახლება გადაავადეს თვე-ნახევრით, მაგრამ ეს პრობლემის გადაწყვეტას არ ნიშნავს. ყველაფრის თავი და თავი ის არის, რომ ჩვენი ბანკები კლიენტის გამდიდრებასა და გაძლიერებაზე არ ზრუნავენ. მათთვის კლიენტი მხოლოდ შემოსავლის წყაროა და არა საქმიანი პარტნიორი".

ჯემალ მეგრელიძე (მედიაჯგუფ "აჭარა პს"-ის მთავარი რედაქტორი): "ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მხოლოდ სიტყვიერი დაპირებით ცდილობს შეაჩეროს ამ ხალხის გამოსახლება. ხომ შეიძლება გამოუყონ სახელმწიფო სესხი, სუბსიდია, ან გრძელვადიანი კრედიტი, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება. ქობულეთში იყვნენ "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ პარლამენტსაც და ხელისუფლებასაც მიაწვდენდნენ ხმას. მართლაც, იმსჯელეს პარლამენტის სხდომებზე, გაიმართა რამდენიმე პრესკონფერენციაც, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. ქობულეთში იყო ჩამოსული ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძეც. 3000-მდე ხელმოწერა დაიგზავნა ყველა უწყებაში, ვისაც კი ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ამ ხალხის სასარგებლოდ არ გადადგმულა.

ყველაფრის მიუხედავად, ტურისტული სეზონი მოდის და მისთვის ყველა ემზადება. ძალიან გალამაზდა აღმაშენებლის გამზირი, პარალელურად მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლის გამაგრების სამუშაოებიც. გვპირდებიან, რომ ივნისის ბოლოსთვის ეს სამუშაოები უნდა დასრულდეს, თუმცა ამაში ბევრს ეჭვი ეპარება. ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედი გვაქვს, რომ ტურისტული სეზონი ქობულეთში ნორმალურად ჩაივლის".

თემურ წურწუმია (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): "ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ვცდილობთ, ვითარებაში გავერკვეთ და ამ ხალხს დავეხმაროთ. ქობულეთში ფინანსთა მინისტრიც იყო ჩასული, პრეზიდენტიც დაინტერესებული ამ პრობლემის მოგვარებით, თუმცა ვითარებას ის ართულებს, რომ დავა მოსახლეობასა და საბანკო სექტორს შორის მიმდინარეობს. კერძო სექტორში ჩარევის უფლება კი სახელმწიფოს არ აქვს, თუმცა ცდილობს, ოპტიმალური გამოსავალი მოძებნოს და ამ ხალხს მდგომარეობა როგორმე შეუმსუბუქოს. ბანკიცა და სახელმწიფოც უნდა გაერკვეს და გადაწყვიტოს, რომ დახმარება მიიღოს იმან, ვისაც ნამდვილად სჭირდება და არა იმან, ვინც ცდილობს, დაზარალებულ მოსახლეობას მიეკედლოს. ბუნებრივია, ვისაც 2008 წლის მოვლენების გამო ხელი შეეშალა, ხელშეწყობასა და თანადგომას იმსახურებს, თუმცა ეს ის ვითარებაა, როცა ზედმეტი დაპირება, ზედმეტი სიტყვები შეიძლება საზიანოც კი აღმოჩნდეს.

სახელმწიფო შეეცდება, ფრთხილად მოეკიდოს ამ საკითხს, კარგად გააანალიზოს, გათვალოს და გადაწყვეტილებებიც ამის მიხედვით მიიღოს. ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით, ვიდრე ფინანსთა სამინისტრო თავის პოზიციას არ შეიმუშავებს, ვიდრე ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ყიდვა-გაყიდვა და საბაზრო ეკონომიკა ისეთი სფეროა, სადაც ემოციები ნაკლებად ჭრის. ყოველ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ ფინანსთა მინისტრი პრეზიდენტის დავალებით იყო ჩასული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს სურვილი აქვს ვითარებაში გაერკვეს და ქობულეთელებს დახმარება გაუწიოს".

ფინანსთა მინისტრი ქობულეთში დაახლოებით ერთი თვის წინ იყო და 300-კაციანი სია წაიღო, რომლებსაც საბანკო დავალიანების გამო გამოსახლება ემუქრებათ. გვინდაძე მოსახლეობას საქმეების გადახედვასა და ახლო მომავალში პასუხის გაცემას დაჰპირდა. თუმცა ერთი თვის შემდეგაც, რამე სიახლე არ არის.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)