გურია საარჩევნო რეჟიმში - "ნაციონალების" დაპირებებითა და ოპოზიციის დაპირისპირებებით - კვირის პალიტრა

გურია საარჩევნო რეჟიმში - "ნაციონალების" დაპირებებითა და ოპოზიციის დაპირისპირებებით

გურიაში წინასაარჩევნო კამპანია ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო. მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები, ჩვეული დაპირებები და დავალება საჯარო მოხელეებისთვის - შეაგროვეთ, მინიმუმ, გარანტირებული 10 ხმა "ნაციონალებისთვის".

ხელისუფლების აქტიურობა განსაკუთრებით ბოლო კვირებში შეიმჩნევა, - მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების ხშირ სტუმრობას მედია ასაიდუმლოებს. მართალია, დახურულ თათბირებზე ჟურნალისტებს არ უშვებენ, მაგრამ, როგორც ვიცით, საუბრის მთავარი თემა არჩევნების ყველა გზით და ყველა ხერხით მოგებაა. ამ ხერხებში კი ე. წ. ძველი ბიჭებიც შედიან. ჩვენი ინფორმაციით, მათ უკვე მიეცათ კონკრეტული დავალება, - თუ ციხეში წასვლა არ სურთ, არჩევნებზე ხელისუფლებას ხმებით უნდა დაეხმარონ.

არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია პატიმრების გათავისუფლებაც, რა თქმა უნდა ხმების სანაცვლოდ. ამის წარმატებული გამოცდილება კი "ნაციონალებს" კარგა ხანია აქვთ.

გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხელისუფლება გურულ "ნაციონალებს~ საარჩევნოდ გასული არჩევნების მსგავსად კადრებს დედაქალაქიდან დაახმარს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოქმედი პარლამენტარები - კორნელი კუკულავა ჩოხატაურიდან და გოჩა შანიძე ოზურგეთიდან ხელისუფლებას აღარ სჭირდება. რაც შეეხება ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს, გია გოგუაძეს, მისი საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შესაძლოა, მას ისევ აყრევინონ კენჭი ლანჩხუთში, რადგან ხელისუფლება გათვლებს ფულიან კანდიდატებზე აკეთებს. გოგუაძეს კი, რომელსაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვს, ფული ნამდვილად არ აკლია. როგორც ამბობენ, სწორედ ამ ნიშნით განიხილება სხვა კანდიდატებიც. სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობა" ჩოხატაურის კანდიდატად სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, გურიის ყოფილ გუბერნატორსა და ბიზნესმენს მიხო სვიმონიშვილს დაასახელებს. თავად სიმონიშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ხელისუფლების კულუარებში აზუსტებენ, რომ ამ უკანასკნელის კანდიდატურა 90%-ით გადაწყვეტილია. ხელისუფლება ოზურგეთთან დაკავშირებით ჯერ არ ჩამოყალიბებულა. გურიის მთავარი ქალაქის კანდიდატად რამდენიმე პირი სახელდება, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია.

ერთი სიტყვით, ხელისუფლება საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია და შესაძლოა არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან "ქართულმა ოცნებამ" გურულების იმედი ვერ გაამართლა. გაერთიანებულ კოალიციაში დანიშნული კადრები იმდენად არაპოპულარულია, რომ მათი არავის სჯერა. მით უმეტეს, რომ დაპირისპირება გაერთიანებულ პარტიებს შორის არ ცხრება. პრესით თუ სოციალური ქსელის მეშვეობით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს ლანძღავენ და ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. მართალია, ამის დამამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს, მაგრამ თუ გასულ არჩევნებზე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მოქმედებებს გავიხსენებთ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ისინი უბნებიდან გამოჰყავდათ, რის შემდეგადაც საარჩევნო ურნაში ბიულეტენები იყრებოდა, ეს ბრალდებები საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, - ბიძინა ივანიშვილის კოალიციას ხომ ახალი სახეები არ უძებნია!

შესაბამისად, არც სიახლეებია - "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გურიაში არც ბრიფინგებით და არც აქტიური მუშაობით არ გამოირჩევიან. ამ მხრივ ოზურგეთი, ჩოხატაურისა და ლანჩხუთისგან განსხვავებით ოდნავ წინაა, მაგრამ კოალიციაში არსებული დაპირისპირება ყველაფერს გადაწონის.

გურულები დარწმუნებული არიან, რომ თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, ხელისუფლებას არჩევნების მოსაგებად ბევრი წვალება არ მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეში სოციალური ყოფის და სხვა ბევრი ფაქტორის გამო ოპოზიციური განწყობაა, რთული სათქმელია, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ასეთი პოზიციით ამ განწყობის შენარჩუნებას.

გაზეთ "გურია ნიუსის~ ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ჩოხატაურის კანდიდატად "ქართული ხმების' წევრს, თემურ ჭკუასელს განიხილავს. ოზურგეთში კი რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის წარდგენას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია ლანჩხუთის კანდიდატი. არ არის გამორიცხული, აქ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გუჯაბიძე წარადგინონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებს თავიანთი ნიშა აქვთ, გურიაში ამბობენ, რომ მათ არჩევნების მოგება გაუჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში, ამ გადასახედიდან, როცა ოპოზიცია საკმარისად არ აქტიურობს.

ნატო გოგელია (სპეციალურად საიტისთვის, გურიიდან)

ასევე იხილეთ | ფარული ჩანაწერი: გამგებელი თანამშრომლებს "ნაციონალების" მხარდამჭერთა სიებს ადგენინებს