როგორ ემზადება აფხაზეთი ზღვის სეზონისთვის - კვირის პალიტრა

როგორ ემზადება აფხაზეთი ზღვის სეზონისთვის

კონფლიქტის ზონაში ტურისტები ძირითადად რუსეთიდან ჩადიან და საოჯახო ტიპის სასტუმროებში ისვენებენ. ვინაიდან აფხაზეთში ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია და სხვა ყოფითი პრობლემები მოუგვარებელია, დიდ და მცირე ტიპის სასტუმროებში ცხოვრების პირობებს შორის განსხვავება არც ისე დიდია. აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, დასასვენებელ ადგილებს შორის ყველაზე პოპულარული მაინც გაგრაა. აქ ახალი სეზონისთვის რამდენიმე ახალი პანსიონი გაიხსნა. ადგილობრივთა თქმით, მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა ბიჭვინთის ძველი სასტუმროები. თუმცა, როგორც ირკვევა, სრულყოფილი რემონტისთვის საკმარისი სახსრები არ იყო. ვინაიდან აფხაზეთში სასტუმროების სერტიფიცირების სისტემა არ მოქმედებს, შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენვარსკვლავიანია ეს სასტუმროები და რა მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორ ემზადებიან კონფლიქტის ზონაში დასვენების სეზონისთვის, რა ტიპის მომსახურებას სთავაზობენ და რა მიმართულებით ვითარდება ტურიზმი; ამ და სხვა საინტერესო საკითხების გასარკვევად აფხაზეთში მცხოვრებ რამდენიმე ქართველსა და აფხაზს დავუკავშირდი.

ნინა, 43 წლის, სოხუმელი აფხაზი:

- ჩვენი დიდი პრობლემა ინფრასტრუქტურის არარსებობაა. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ამ სფეროს მოგვარებაზე არავის უზრუნია, ამიტომ არის შემთხვევები, როცა სასტუმროს ნომრებში მაღალ სართულებზე წყლის მიწოდება ვერ ხერხდება. ეს დამსვენებლების უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ეს არა მარტო კერძო სექტორის, არამედ საზოგადოდ მთელი აფხაზეთის პრობლემაა, ის სამთავრობო ტიპის სასტუმროებშიც ხშირად იჩენს თავს.

- როგორია ფასები?

- ეს ქალაქზე, სასტუმროს მდებარეობასა და მის მომსახურებაზეა დამოკიდებული. გაგრაში მომსახურება ძალიან ძვირია, რადგან კანალიზაცია, ასე თუ ისე, გამართულია. სოხუმში მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროში ერთი ნომრის ფასი 8-12 დოლარია, მაღალი დონის სასტუმროებში კი ფასი 45-დან იწყება და 150 დოლარამდე მერყეობს. აფხაზეთში უფრო მეტად ოჯახური დასვენებისთვის ჩამოდიან. ჩვენი კლიენტები უმეტესად რუსი სამხედროების ოჯახები და მათი ახლობლები არიან, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე კვირით ან სულაც ორი-სამი თვე რჩებიან. მაგალითად, შარშან ორი რუსის ოჯახი მყავდა მთელი ზაფხული. მოსახლეობა ცდილობს მუდმივი კლიენტი ჰყავდეს. გაფართოვდეს და ტურისტს ყოველ ჩამოსვლაზე მეტი კომფორტი დაახვედროს. წელიწადის თითქმის ყველა სეზონზე ჩამოდიან რამდენიმედღიან ექსკურსიაზე ტურისტები. ისინი, ძირითადად, მთას ირჩევენ. მათი მარშრუტი ათონის გამოქვაბული, ათონის მონასტერი, ბიჭვინთა და რიწაა, ასევე, ბიჭვინთის ეკლესიაც. წინასაარჩევნოდ ალექსანდრე ანქვაბის ინიციატივით გარემონტდა სოხუმის ბულვარიც.

ტურისტებს სუფთა ჰაერი და ზღვა მოსწონთ. ჩვენ არა გვაქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ მათ გართობა შევთავაზოთ, ბარები, ღამის კლუბები, კაზინოები და ასე შემდეგ.

- დაცულია თუ არა უსაფრთხოების ზომები?

- ეს პრობლემაც მოუგვარებელია. აქ ძირითადად კლანური მმართველობაა, ამიტომაც ტურისტები დასასვენებელ ადგილებს წინასწარ არჩევენ. მათი ძირითადი მოთხოვნა უსაფრთხოებაა, მაგრამ, თუ კლანებს შორის დაპირისპირებაა, ისინი ყოველთვის ცდილობენ ერთმანეთის დააზარალონ. სოხუმში ბოლო დროს ძალზე აქტუალურია და სწრაფად ვითარდება სომხური ბიზნესი. განსაკუთრებით აქტიურობენ პეტროსიანები, რომელთა მფლობელობაშია სასტუმროსა და რესტორნების ქსელები, კაფე-ბარები... ადგილობრივი მოსახლეობა სომხების ბიზნესმიღწევების მიმართ უკმაყოფილებას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. მაგალითად, ამას წინათ სოხუმის ცენტრის ერთ-ერთ სომხურ კაფეში ხანძარი გაჩნდა, ხანძარი გაჩნდა ავტოგასამართ სადგურში, რომლის მფლობელიც ერევნელი სომეხი ყოფილა. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ახალაშენებული სასტუმრო დააყაჩაღეს და გაირკვა, რომ მისი მეწილე სომეხი დეპუტატი მკოიანი ყოფილა.

ზოია ჩაჩა, გაგრელი აფხაზი, სასტუმროს მთავარი მენეჯერი:

- ჯერჯერობით ჩვენთან საშუალო შესაძლებლობის მქონე ტურისტები ჩამოდიან. თუმცა, ვცდილობთ, უფრო მდიდარ ფენაზე გავიდეთ, ამისთვის კი დრო და ინვესტიციაა საჭირო. ტურიზმი რომ განვითარდეს, ამ ინდუსტრიაში ფული უნდა ჩაიდოს. ფული ამჯერად არ არის, შესაბამისად, ვერც ვითარდება, ამიტომაც შემოსავალიც ნაკლებია. აფხაზეთში ჯერჯერობით პრობლემატურია კვალიფიციური კადრებიც, ტურიზმის მენეჯმენტი ახალი დისციპლინაა და მომსახურების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. აფხაზეთის უნივერსიტეტში სტუდენტებს რუსეთიდან ჩამოსული ლექტორები ტურიზმის მენეჯმენტს ასწავლიან.

მარინა, გაგრელი ქართველი:

- ჯერჯერობით ბევრი პრობლემა გვაქვს, იქნება ეს ტრანსპორტის ცუდი გრაფიკი, მოშლილი კანალიზაცია, დაბალი ძაბვის დენი და სხვა წვრილმანები. დამსვენებლები ხშირად უკმაყოფილო არიან, თუმცა, აღიარებენ, რომ აფხაზეთში შეუდარებელი კლიმატია, მაგრამ ხშირად აპროტესტებენ კომუნიკაციის პრობლემებს. გაგრაში რამდენიმე ინტერნეტკაფეა, მაგრამ სიხშირე ყველგან დაბალია. ერთი საათის ფასი 35-50 რუბლია. რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროში საკაბელო ინტერნეტიც არის, მაგრამ სწრაფი მუშაობით არც ისინი გამოირჩევიან. პრობლემატურია ასევე საბანკო გადარიცხვები, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ გაგრაში 15 კომერციული ბანკია და ყველა მათგანი აფხაზეთის ნაციონალურ ბანკის დაქვემდებარებაშია. ამჟამად აფხაზეთში რამდენიმე საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის სისტემა არსებობს, CONTACT, ANELIK, MIGOM, "Золотая корона", "Интерэкспресс". ასევე "WESTERN UNION" , მაგრამ პროცენტები მაღალია, ამიტომაც საშუალო ფენა ამ მომსახურებით ვერ სარგებლობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა პრეზიდენტისგან ამ საკითხის შესწავლისა და გადახედვის დავალება მიიღო, თუმცა ეს ჩვენს კეთილდღეობაზე რამდენად აისახება, ძნელი სათქმელია...

ტურისტების მიღების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მცირე ვაჭრობით ირჩენს თავს. მაგალითად, აქვთ სასურსათო, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები. ძალიან გაბედულები ენგურსგაღმა მიდიან და ლილოდან მოაქვთ საქონელი, რომელიც აფხაზეთში დაბალი ფასის გამო ყველაზე მოთხოვნადია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)