ჯართში ჩაბარებული მილიარდი - კვირის პალიტრა

ჯართში ჩაბარებული მილიარდი

საქართველოში სარწყავ არხებს უძველესი დროიდან აგებდნენ და ეს არც არის გასაკვირი: ქვეყანაში, სადაც საარსებო წყარო მიწა იყო, მის მოვლასა და დამუშავებას დიდი ყურადღება ექცეოდა. როგორც პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიაშვილმა გვითხრა, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. მისი მტკიცებით, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მილებს ჭრიან და ჯართში აბარებენ.

- ალაზნის სარწყავ არხს ჩვენი რეგიონისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მის გარდა მეოცე საუკუნეში კახეთში დაიწყეს კიდევ ერთი, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის აგება, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებდა ჩვენი კუთხის გაძლიერების საქმეში. სამწუხაროდ, არხის გაყვანა შეწყდა. ამ არხის საშუალებით წყალი უნდა მისულიყო შირაქის ველამდე და უნდა მორწყულიყო როგორც შირაქის ველი, აგრეთვე არხის მიმდებარე ადგილებიც. მოგეხსენებათ, შირაქი ოდითგანვე ცნობილი იყო როგორც ხორბლის ბეღელი, მაგრამ იქ არის გვალვიანი ადგილები, რომლის მორწყვის შემთხვევაში შესაძლებელია, სამჯერ მეტი მოსავალი მივიღოთ. იმჟამინდელმა რეჟიმმა ეს კარგად იცოდა და ამიტომაც დაიწყო ზემო ალაზნის არხის გაყვანა, რაშიც კომუნისტებმა დაახლოებით მილიარდი მანეთი დახარჯეს. სულ რამდენიმე ასეული მეტრიღა იყო დარჩენილი, სისტემა რომ დასრულებულიყო, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიშალა და მშენებლობაც შეწყდა.  უფუნქციოდ არის დარჩენილი უზარმაზარი კონსტრუქცია, რომლის აღდგენა და სწორად გამოყენება დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს მხარეს, ასევე მთელ საქართველოს. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კი რამდენიმე წლის წინ არხი გაასხვისა, თანაც საზოგადოებას დაჰპირდა, დარჩენილ სამუშაოებს ინვესტორი შეასრულებს და შირაქის ველი მოირწყვებაო. ეს დაპირება, ისევე როგორც ბევრი სხვა, არ შესრულდა, ახლა კი რკინის კონსტრუქციებს ჭრიან და ჯართში აბარებენ. ეს საკუთარი თვალით ვნახე სოფელ ახაშენთან, იქ, სადაც სარწყავი სისტემა გადის. ჩნდება რამდენიმე კითხვა, - თუკი ხელისუფლებას არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ არხის მშენებლობა ბოლომდე მიეყვანა, ხომ შეიძლებოდა არ გაეყიდა? ან რატომ გადასცეს მილიარდიანი ქონება ყველასათვის უცნობ, კერძო ფირმას, და რატომ მისცეს ამ კონსტრუქციის დაჭრის უფლება? - ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. თუმცა, პასუხი ერთადერთია: ხელისუფლებამ და მასთან დამეგობრებულმა ბიზნესმენებმა ოღონდ თვითონ ისარგებლონ, ოღონდ რაღაც მოგება ნახონ და მილიარდიან პროექტს აქცევენ ჯართად. ეს არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა!

- დაახლოებით რა მოგებას მოუტანს ამ არხის ამოქმედება ქვეყანას?

- შირაქის ველზე, როცა ის სათანადოდ არ ირწყვება, ერთ ჰექტარ მიწაზე მოდის დაახლოებით 2,5-3 ტონა ხორბალი, მაქსიმუმი კი 4 ტონაა. ამ სარწყავი არხის ამოქმედების შემთხვევაში კი შესაძლებელია ერთ ჰექტარზე 8 ტონა მოსავალიც კი მივიღოთ. სარწყავი არხის დაჭრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების მიზანი სულაც არ არის სოფლის მეურნეობის წინსვლა და განვითარება. მისთვის მთავარია, ჰყავდეს გაჭირვებული, მორჩილი და მასზე დამოკიდებული მოსახლეობა. რაც უფრო დაჩიავებული და უმწეო იქნება ჩვენი ხალხი, მით მეტი ამომრჩეველი ეყოლება მმართველ პარტიას.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, ვის ეკუთვნის ზემო ალაზნის სარწყავი არხი?

- კულუარული ინფორმაციით, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მფლობელად ზურაბ ადეიშვილთან დაახლოებულ პირებს ასახელებენ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საიდუმლოებით არის მოცული. ეტყობა, ხელისუფლების მიზანია, ჩვენი მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავდეს, რომ ხალხმა არ იცოდეს, ვის ხელშია ამ ქვეყნის სიმდიდრე და ქონება.

ცნობისათვის:

ალაზნის სარწყავი არხი კახეთში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და რამდენიმე რაიონს ემსახურება. ამ ადგილას სარწყავი არხი ჯერ კიდევ XII საუკუნეში არსებობდა. ის ბევრჯერ დანგრეულა, მაგრამ ყოველთვის აღადგენდნენ ხოლმე. რაც შეეხება ზემო ალაზნის სარწყავ სისტემას, მისი მშენებლობა 1964 წლიდან დაიწყო, გეგმის მიხედვით, ეს უნდა ყოფილიყო საქართველოში ყველაზე დიდი სარწყავი სისტემა. სამწუხაროდ, ის ამჟამად უმოქმედოა.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)