ფრთხილად, ციმბირის წყლული! - კვირის პალიტრა

ფრთხილად, ციმბირის წყლული!

დედოფლისწყაროს რაიონში ციმბირის წყლულის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და ამ ვერაგი დაავადების გავრცელების საშიშროება სავსებით რეალურია, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამილა გურაშვილმა გვაცნობა:

- დედოფლისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც "მწარე წყალს" ეძახიან და აქედან დაახლოებით 24-25 კილომეტრზეა, რამდენიმე კაცს ციმბირის წყლული აღმოაჩნდა. იქ არის ფერმა, რომლის მეპატრონე ომარ ხალიმოვია. ფერმაში 12 სული საქონელი დაეცა, რის შემდეგაც ფერმის თანამშრომლებმა - მაჰალ ქარიმოვმა, ანთელ მუსაევმა და გიდლი ედიგროვმა დაცემული საქონელი გაატყავეს, რის გამოც ციმბირის წყლულის გარეგანი ფორმით დაავადდნენ. მართალია, ვაქცინაცია ჩატარდა, მაგრამ მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც რაიონის ვეტერინარიის სამსახურში გვითხრეს, საქონელი ამჟამადაც იხოცება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედოფლისწყაროში ციმბირის წყლულის, ანუ ჯილეხის ვირუსი მძვინვარებს. რაიონში უკვე რამდენიმე კერა არსებობს: სოფელ საბათლოში, ქვემო ქედსა და სოფელ ჯაფარიძეში, სადაც შარშან ციმბირის წყლულის კანის ფორმით თენგიზ იაკობიშვილი დაავადდა. საშიშ კერებს ახლა უკვე დაემატა "მწარე წყლის" ტერიტორიაც, რომელიც სოფელ მაჩხაანთან ახლოს არის.

- რატომ ვერ მოხეხრდა ამ კერების ალაგმვა?

- საჭირო ღონისძიებები არ გაატარეს. როდესაც სადმე ციმბირის წყლულის შემთხვევა გამოვლინდება, იქ საქონელი უნდა დაიწვას, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით ღრმა ორმო უნდა გაითხაროს და დამწვარი საქონელი დაიფლას. თანაც, ეს ადგილი უნდა შემოიღობოს, რომ მიწას ვინმე არ შეეხოს. ამასთან, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს კარანტინი. ჩვენთან კი რა ხდება? - პირუტყვი მასობრივად იხოცება, მაგრამ ვეტერინარიის სამსახური მხოლოდ ადგილობრივ ვაქცინაციას ატარებს, რაც საკმარისი არ არის პრობლემის მოსაგვარებლად. განა მარტო ციმბირის წყლული, შარშან რაიონში ისეთი მძიმე დაავადები გამოვლინდა, როგორიც არის ცოფი, კურდღლის ჭირი, ბრუცელოზი და სხვა... ეტყობა, სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ იძულებული გახდნენ ვეტერინარიის სამსახურის ძველი უფროსი დავით ვეშაგური გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან. ახალი უფროსი მიხეილ ქევხიშვილია, რომელმაც ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემაც არ იკადრა, არც კი დაგველაპარაკა. მსგავსი გულგრილობის გამო დაავადებამ უკვე ეპიდემიის სახე მიიღო, თუმცა ყველაფერს ამ სამსახურსაც ვერ დავაბრალებთ, რადგან ვეტერინარიის სამსახურში სულ სამი კაცი მუშაობს: ერთი უფროსი და ორი სპეციალისტი. როგორ შეიძლება სამმა კაცმა ამხელა პრობლემა მოაგვაროს? ამ სიტუაციაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების უმოქმედობა დაუშვებელია. სხვათა შორის, წელს დედოფლისწყაროს რაიონის ბიუჯეტი გაორმაგდა. როდესაც რაიონის ბიუჯეტი ორმაგდება, როდესაც ხარ რაიონის ხელმძღვანელი და იცი, რა საშინელი დაავადებაა ეს, რაიმე ხომ უნდა იღონო? მაგრამ არა - ურემი რომ გადაბრუნდება, მერე დაიწყებენ ფაციფუცს!

- ქალბატონო თამილა, თქვით, რომ არავინ იცის, სად წავიდა დაავადებული საქონლის ხორცი.

- რასაკვირველია, იმ ადამიანებმა, რომლებიც დაავადდნენ, არ იცოდნენ, რომ პირუტყვს ციმბირის წყლული ჰქონდა. სავარაუდოდ, ეს ხორცი ერთ-ერთ ძეხვის დამამზადებელ საწარმოში მოხვდა. ვირუსიანი ხორცით დამზადებული ძეხვი შეიძლება წავიდეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, რაც საშიშროებას უქმნის საქართველოს მოსახლეობას.

ცნობისათვის: ჯილეხი, იგივე ციმბირის წყლული, ანუ ანტრაქსი, ხუზარა - ცხოველებისა და ადამიანებითვის დამახასიათებელი მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა. ადამიანის დასნებოვნება შეიძლება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის გზით, ზოგჯერ კი მისი ხორცის საკვებად გამოყენებით. ჯილეხის გამომწვევი ვირუსი 1849 წელს აღმოაჩინა გერმანელმა მკვლევარმა ა. ჰოლენდერმა. ჯილეხის ვირუსი ხასიათდება არაჩვეულებრივი გამძლეობით, დუღილს 45-60 წუთის განმავლობაში უძლებს. ხორცის დამარილება, გაშრობა და სხვა მსგავსი პროცედურები ჯილეხის სპორებს ვერ ანადგურებს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)