თვალისმომჭრელ "თვალადში" ჭიქა წყალი ენატრებათ - კვირის პალიტრა

თვალისმომჭრელ "თვალადში" ჭიქა წყალი ენატრებათ

"აი, ეგრე უყურეთ შორითა, თვალადელები გაზის ღირსები არა ხართო!.."

ხშირად გაიგონებთ, - ქართველი გლეხი გაზარმაცდაო. ეს მეც მსმენია და ზოგჯერ ხელი მეც ჩამიქნევია გაყამირებულ-გაპარტახებული სახნის-სათესი მიწების დანახვაზე, - მხოლოდ ტრასებით რომ დაუყვე აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს, იმდენ გადამხმარ მიწას დაინახავ, სიცოცხლე აღარ მოგინდება. და თუ სოფლის კაკლების ჩრდილში კამათლის ჭახაჭუხსაც შეესწარი, დგახარ და ფიქრობ: ვაი, ჩემო ქვეყანავ, რა დღეში ხარ, ნეტავი ოდესმე თუ რამე გეშველებაო.

აი, ასეთი ფიქრით მივუყვებოდი გზას ძველი მიკროავტობუსით კასპის რაიონის სოფელ თვალადისკენ და მოწყენილი ვათვალიერებდი იმ ფერდობებს, სადაც ადრე ხორბალი ითესებოდა, ახლა კი ბალახია მიშვებული. ისე, ამაზეც მადლობა უნდა თქვა, - ქართლში სარწყავი წყლის გარეშე ბალახსაც კი უჭირს ამოსვლა. ბოლო ათეულ წლებში კი აქ არა მხოლოდ წყალი, სარწყავი არხებიც "აორთქლდა". ხალხიც თავად ცდილობს, ყანაში ხეობებიდან გადმოიყვანოს რუ, მერე ერთი გაწევ-გამოწევაა, - ამ კვირაში უკვე მორწყე შენი ნათესები, ახლა ჩემი ჯერიაო. აღარც კი ღირს ასე ჩხუბით მოყვანილი მოსავლის ჭამა. მოკლედ, "ბნელმა ფიქრებმა" აყოლა იცის და მეც ავყევი, მით უფრო, რომ სოფლის ქვაღორღიან გზაზე ძველი მიკროავტობუსი სხვებთან ერთად მეც გვარიანად მიმტვრევდა გვერდებს. მძღოლიც კაი ვინმე იყო - დროდადრო რომელიმე მოსახლის ჭიშკართან გააჩერებდა და, - რომელი ხართ შინ, ქალაქიდან თქვენთან ზეთი (იმის მიხედვით, - რა გამოატანეს) გამომატანეს და წაიღეთო! ერთი კი ვუთხარი, - შე კაცო, შენ თუ არ გეჩქარება, ჩვენ გვეჩქარება, თუ დისტრიბუტორი ხარ, თქვი, თუ არა, დროზე მიგვიყვანე, სადაც მიგყავართ-მეთქი. აინუნში არ ჩააგდო, - დაიკო, აქ ქალაქი კი არ არის, სოფელია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, მა ხალხს პატივი არ უნდა ვცეო?! ამასობაში თვალადიც გამოჩნდა და ხრიოკებს შორის ამოზიდულ მთებში პატარა სამოთხე რომ დავინახე, დავდუმდი. ამ სილამაზეს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუმცა სიტყვები რად მინდა -  ოდესღაც აქაურობას ჭკვიანმა კაცმა "თვალადი" რომ დაარქვა, ამით ყველაფერი თქვა.

ჭკვიანი-მეთქი, შემთხვევით არ მითქვამს, - იმ დღეს მთელი სოფელი შემოვიარე და გოჯი მიწაც ვერ ვიპოვე დაუმუშავებელი. ის კი არა, შინდის ბაღებში ვესტუმრე მაყვალა ბებოს. გაკვირვებული შევყურებდი, - პირველად ვნახე ამხელა შინდის ბაღები-მეთქი. მაყვალა ბებომ, - შენ პირველად ნახე, მაგრამ ამ სოფლისთვის შინდი შემოსავლის წყაროა, ხალხი კილოს 40 თეთრად აბარებსო. - ასე იაფად-მეთქი? და, - მა რა ვქნათ, შვილო, ტყუილად ხომ არ ვისხდებით და ვიშიმშილებთ, ამაზეც მადლობა უფალსო.

- შიმშილობის თქვენს სოფელს რა ეტყობა, რა ძალამ ქნა, რომ მიწა ყველგან დამუშავებული გაქვთ?

- ეგ ჩვენი გათხრილი რუების წყალობით სარწყავი წყალი ყველას გვაქვს. აგე, ფერდობების თავზე მდინარე გადადის, იმ მდინარიდან გადმოგვყავს პატარ-პატარა ნაკადულები და სწორედ მაგის იმედით ვშრომობთ. მარტო ეგ არის ჩვენი მშველელი, თორემ მთავრობის ნება რაც იყო, სასმელი წყალიც არ შემოგვიყვანეს.

- აბა, რას სვამთ?

- რასა და სოფლის ცენტრში წყარო მოგვდის, იქიდან ამოგვაქვს ჭურჭლით, - კილომეტრიანი თავდაღმართისკენ გაიშვირა ხელი. მეც თვალი გავაყოლე და გულს შემომეყარა. მაგრამ სანამ წყაროსთან ჩავიდოდი, ერთმა რუმ ისე მომტაცა თვალი, იქით გადავუხვიე. აქეთ-იქით კი პატარები ჩიტებივით იყვნენ ჩამომსხდარი. ბიჭმა, - აი, ეს რუ იმ კლდის წვერიდან მე გამოვიყვანეო. კარგი რა, ასე პატარამ-მეთქი?! მგონი, ცოტა ეწყინა, პატარა რომ ვუთხარი, მაგრამ მაინც გამიღიმა, - ჰო, ძნელი კი არ არისო.

- შენ ეს მითხარი, აქ რომ  ჩოკინა ვირი დგას, შენია?

- არა, - მეზობლისა. მაგით შეშა ჩამოგვაქვს აგე იმ ტყიდან! პატარამ ხელი გამეჩხერებული გორებისკენ გაიშვირა და თან გამიღიმა, რა იცოდა, რას ამბობდა... სამაგიეროდ, წყაროზე დამხვდა გულმოსული ხალხი, - არც ჩვენ გვინდა ტყის გაჩეხა, მაგრამა გაზის "ტრუბები" ჩვენ სოფლამდე მოიყვანეს და ჩვენკენ აღარ წამოვიდნენ, - აი, ეგრე უყურეთ შორითა, თვალადელები გაზის ღირსები არა ხართო!.. ვიბრძოლეთ, ვიბრძოლეთ და დავიღალენით...

ერთი მაგათიო, გულმოსულებმა კინაღამ გინებაც მოაყოლეს, მაგრამ... ეტყობა, ჩემი ხათრით გაჩერდნენ.

მეც ვეღარაფერი ვთქვი, - რამდენჯერ გამომიცდია, - მივადგები კომენტარისთვის რომელიმე ჩინოვნიკს მსგავს საკითხებზე და როგორც წესი, დაპირებას ვიღებ, პირობის შესრულებაზე კი ნურას უკაცრავად! ისე, ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, - ბედნიერებაა, ყველაფრის მიუხედავად, ასეთი სოფლები რომ შემოგვრჩა, ეს იმედია. განგებაც ალბათ მათთვის იმიტომ იმეტებს წყალობას, რომ სოფელი ხალხისგან არ დაიცალოს და ეს იმედი არ გაგვიქრეს.