კახელები შველას ითხოვენ - კვირის პალიტრა

კახელები შველას ითხოვენ

”იქნებ მიაწვდინოთ მთავრობას ხმა - ვიცით, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი არსებობს!”

”ჯერ კიდევ გვიან შემოდგომაზე დავიწყეთ მიწის დამუშავება, რომ წესიერი მოსავალი მიგვეღო. წელს შვილიშვილი აბარებს და თავი არ დამიზოგავს, მისი ერთი წელის სწავლის ქირას მაინც გადავიხდი-მეთქი... როგორც კი სეტყვა დაუშვა მაშინვე მინდორში გავედი, თავი არ დამიზოგავს, ჩემს მტერს არ ვუსურვებ ისეთი ამბავი დამხდვა... იქ თუ ვინმე მომკლავდა, ის კაცი ცოდვას კი არა მადლს მოიკიდებდა.

შვილივით ვუვლიდი ბაღსა და ბოსტანს, მაგრამ რად გინდა, მიწასთან იყო ყველაფერი გასწორებული. იქიდან გამობრუნებულს სახლი გაოხრებული დამხვდა. ჯანდაბას მოსავალი, ოჯახზე წევრები მყავდნენ ცოცხალი-მეთქი, ისინი კიდევ ჩემზე დარდობდნენ თურმე...” - გაბზარული ხმით მიყვება 65 წლის ჯემალი გურჯაანიდან. ძნელია მის ნაუბარს ემოციის გარეშე მოუსმინო. წვრილშვილთან ერთად, იმ ღამეს მეზობელმა შეიფარა. როგორც ამიხსნეს, გრიგალს მისი სახლის სახურავი მხოლოდ ერთი მხარე გადაურჩა და სტიქიურ უბედურებას გადარჩენილები, ახლა იქ აფარებენ თავს.

სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონები დაზარალდნენ. ყველაზე რთული ვითარებაა კახეთში, სადაც სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, ტრავმა მიიღო 25-მა ადამიანმა.

თელავში და კახეთის რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში ასობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი, დაზიანებულია ენერგო და წყალმომარაგების სისტემები, დანგრეულია გზები და განადგურებულია მოსავალი.

მერაბ შალიკაშვილი, თელავის მკივიდრი:

- ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა გამთენიისას, 4 საათისთვის დაიწყო და თითქმის ნახევარი საათი გრძელდებოდა... მოსავალი მთლიანად განადგურდა. დაიხოცა შინაური ფრინველიც. თელავში პურის, წყლისა და სანთლების დეფიციტია, რადგან მთლიანად განადგურებულია ელექტროსადენები და დენის, გაზისა და წყლის გარეშე დავრჩით. სანამ ეს უბედურება დაიწყებოდა, მიწისძვრის მსგავსი ბიძგები ვიგრძენით. უხუცესები ამბობენ, რომ ასეთი ძლიერი სეტყვა არ ახსოვთ...

ნინო კაპანაძე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანის გამგებელი:

- მილიონობით ლარის ზარალი გვაქვს. წელს ძალიან ღარიბი შემოდგომა გვექნება, არადა გვიხაროდა, ისე მიდის ყველაფერი, მგონი გადავრჩებითო. ვაზი, ხეხილი, ბოსტანი - ყველაფერი განადგურდა, დანგრეული სახლები და ათეულობით საცხოვრებელი სახურავახდილია... არც კი ვიცი რა გითხრათ, დაზაფრული ვარ. მთელი წლის ნაშრომი წყალში ჩაგვეყარა. უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა...

მერაბ ღვინიაშვილი, კახეთის მკვიდრი:

- კი, ძალიან მადლობლები ვართ ამ ჩვენი ხელისუფლების, ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ კეთდება, მაგრამ პირველი წელი ხომ არ არის, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ?! ამდენ ფულს კარუსელებში რომ ხარჯავს ეს დალოცვილი მთავრობა, არ შეიძლება ამ რეგიონისთვის სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარია, თუ რაც არის, იყიდოს?!. აღარ მინდა ეს ასფალტი და შადრევანი, დავიხოცეთ ხალხი შრომაში და მაინც არაფერი გვეტყობა, მაინც ვეღარ მოვითქვით სული, ცოდვები არ ვართ?! იქნებ როგორმე მიაწვდინოთ ხმა ჩვენს მთავრობას, რომ იფიქრონ ამაზე, ან აქედან აგვყარონ საერთოდ. ჩემს ახალგაზრდობაში მახსოვს, მსგავსი დანადგარი გვქონდა კახეთში, მაგრამ 90-იანი წლების არეულობას გაყვა თან, ამბობნენ სომხეთს მიჰყიდესო...

დანადგარი, რაზეც ჩვენი კახელი რესპონდენტი საუბრობს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში უკვე გამოიყენეს და მას სეტყვის საწინააღმდეგო არტილერია - ”ზენიტი” ჰქვია. აღნიშნული სისტემას ახლო-მახლო 200 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის დაცვა შეუძლია. ამასთან სისტემა ”ზენიტი”, დაახლოებით 7-ჯერ ამცირებს დანაკარგებს და თითქმის 100%-იან გარანტიას იძლევა, რომ სეტყვა არ წარმოიქმნება, უამინდობის დროს კი, მხოლოდ წვიმა წამოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შემდეგ, ეს სისტემა საქართველოსაც უნდა შეესყიდა, მაგრამ საკითხი ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხის განხილვით დაიწყო, ხოლო თუ რა გაგრძელება მოჰყვა, ან რატომ ვერ მივიდა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე, დღემდე გაურკვეველია...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)