კახეთის ვარამი - კვირის პალიტრა

კახეთის ვარამი

ტრაგედია კადრებად

კახეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნახვა ვამჯობინე და თელავის და გურჯაანის რაიონებს ვესტუმრე. სტიქიის გამანადგურებელი შემოტევიდან კვირაზე მეტი გავიდა. მეგონა, ამ დროში ხალხი ზარალის შედეგად გაჩენილ იარებს მეტ-ნაკლებად მოიშუშებდა და კატასტროფის შედეგებიც პირვანდელივით თვალსაჩინო არ იქნებოდა...

იქაურობა ჯერაც ნაომარს ჰგავს. გადატეხილი ან მიწიდან ფესვებიანად ამოგლეჯილი ხეები, სახურავებახდილი და კედლებგანგრეული სახლები, ნანგრევებქვეშ მოყოლილი ავტომობილები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ცაში ბომბდამშენები ტრიალებდნენ და გააფთრებული ბომბავდნენ და ცხრილავდნენ ყველაფერს.

კახელები ჯერაც უმძიმესი შთაბეჭდილების ქვეშ არიან, მიამბობენ, რა მოხდა იმ ღამით, გამთენიის ხანს და მერე უცებ გამოფხიზლებულებივით იწყებენ მომავალზე გოდებას, რა გვეშველება, როგორ უნდა გავიმართოთ წელშიო?

კახელები მთხოვენ, ვენახსა და ბაღებში გავყვე, სადაც წარმოუდგენელი ტრაგედია ტრიალებს. ფოტომასალისა და კომენტარების თანხლებით გთავაზობთ იმას, რაც საკუთარი ყურით მოვისმინე და ვნახე თელავსა და გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში.

ირინე სახელაშვილი სამსახურებრივი მივლინებით იყო თელავში.

-“ტორნადოზე გადაღებული ამერიკული ფილმის გმირი მეგონა თავი. იმ დღით ჩახჩახა მზე იყო, ვერც კი იფიქრებდი, თუ რამე მსგავსი მოხდებოდა. ღამით კი ჯოჯოხეთი დატრიალდა - გამაყრუებელი, უწყვეტი ჭექა-ქუხილი, ელვა... სეტყვის რახარუხი, ჭექა-ქუხილი ჰაუბიცების სროლის ხმას ჰგავდა... წრეზე მბრუნავი ქარბორბალა დამთრგუნველი და ამაზრზენი იყო...

დილით დაგვხვდა ასანთის ღერებივით დატეხილი ნაძვები, სახურავებგადახდილი და შუაზე გაპობილი სახლები, ჭიშკრები წაქცეულიყო, სეტყვის გროვები ძლივს დაადნო მზემ - რიყის ქვისოდენა სეტყვა ნახევარი საათის განმავლობაში ეხეთქებოდა კედლებს.

არც წყალი, არც გაზი, არც შუქი... კიდევ კარგი, თელავში მეორე დღესვე აღდგა წყლისა და გაზის მიწოდება. წარმოდგენაც კი მიჭირს, ამ ხალხმა როგორ უნდა იარსებოს ასეთი ზარალის შემდეგ. ბაზრის ტერიტორიაზე "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაა, დილით რომ ჩამსხვრეული ფანჯრები ვნახეთ, არ გაგვკვირვებია, მაგრამ გვითხრეს, თურმე მაროდიორებს ჩაუმსხვრევიათ და არა სეტყვას, დრო უხელთიათ და ტექნიკა გაუტანიათ(!).

ჩემი კოლეგა ნანა ქიბიშაური კატასტროფის შემდეგ ცხელ კვალზე გადაღებულ ფოტოებს მათვალიერებინებს, - მიწა კაკლისოდენა სეტყვის გორებითა და მკვდარი ჩიტებით იყო მოფენილი. მოგვიანებით ვნახეთ, სასაფლაოზე უზარმაზარი ხეები ამოეთხარა ქარიშხალს, ზოგიერთი რომ გადაწოლილა, მიწიდან ამოვარდნილი ფესვებით საფლავებიც ამოუნგრევია. სტიქიამ ცაში ფრინველი არ დატოვა და მიწიდან მკვდრები ამოყარა. ძაღლებს ბეწვი აღარ შერჩენოდათ ტანზე და შეშლილებივით დარბოდნენ.

ამბობენ, თელავში უფრო ალაზნისქუჩელები დაზარალდნენ, სხვაგან კანტიკუნტად შეეხო სტიქიაო. იმასაც ამბობენ, რომ ძირითადად, სოფლების მოსახლეობა ჩავარდა უმძიმეს მდგომარეობაში. ამიტომაც ხალხს უკვირს, რატომ დაურიგა ხელისუფლებამ ყველა თელაველ ოჯახს ფქვილი, ზეთი და შაქარი და რატომ გახდა პრობლემა სოფლებში გლეხების დაკმაყოფილება. თურმე იმის გამო, რომ ერთ ჭერქვეშ ორი მრავალსულიანი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ერთი ელექტრომრიცხველი აქვთ და დახმარება ერთ მრიცხველს მიაკუთვნეს.

სოფელ კალაურში ამ გაუგებრობის გარკვევა რომ ვცადე, სოფლის გამგებლის მოადგილემ პასუხის გაცემა არ ისურვა,  - აააპ, ახლა არ მცალიაო, სასწრაფოდ მანქანაში ჩახტა და ისე გაქუსლა, სურათის გადაღებაც ვერ მოვასწარი. მხოლოდ მანქანასღა მოვკარი თვალი და სერიას (AAP) რომ შევხედე, იმედი გადამეწურა, რომ მასთან გასაუბრებას ოდესმე მოვახერხებდი. სამწუხაროდ, პასუხისმგებელი პირის ძებნაში ამაოდ დავშვრი სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში. შესაბამისად, ჩემთან ერთად პასუხგაუცემელი დარჩნენ ნინო ბაწილაშვილის, ივანე ნანოშვილი, ვანო ზარდიაშვილისა და სხვათა ოჯახის წევრები. ჰუმანიტარული დახმარების არათანაბარი განაწილების შესახებ განმარტება ვერც მინისტრებისგან მიუღიათ კალაურელებს. - აქ იყო იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სხვებიც. მხრებს იჩეჩდნენ და მშვიდად იმეორებდნენ, - დედა, დედა, ეს რა უქნია სტიქიასო?! ჩვენ კი არ ვიცით, ორ-ორმა ოჯახმა როგორ უნდა გავიყოთ სამადლოდ მოცემული ორი ტომარა ფქვილი, სამი ლიტრი ზეთი და ათი კილო შაქარი ისე, რომ ერთ წელიწადს გვეყოს. ერთ ოჯახსაც კი მხოლოდ ერთი თვე ეყოფა ეს ყველაფერი, ის 1.500 ლარი კიდევ მთელი წლის პურის ფულია, რომ შიმშილით არ მოკვდე.”

ამბობენ, რომ სულიკო პაპიაშვილის სახლი პირველი მოჰყვა სტიქიის ეპიცენტრში და დიდი ზარალიც მიადგა ოჯახს, - ჭაღიანად წაიღო წყალმა ჭერი. მერე წვიმდა და სეტყვას ტყვიამფრქვევივით უშენდა კედლებს.

"ბავშვები სად წაგვეყვანა, არ ვიცოდით. ეს კოშმარი რომ დამთავრდა, მეორედ დაგვეცა თავზარი. ნუთუ ოდესმე დავდგებით ფეხზე? სახლს გვიხურავენ უსასყიდლოდ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ჩვენი ოჯახის საარსებოდ.

მიწაზე რაც მოგვყავდა, რითაც თავი უნდა გვერჩინა, აღარაფერი გაგვაჩნია. ერთი ტკივილი ვერ მოგვეშუშებინა, 8 თვის წინ შვილი დაგვეღუპა, ახლა, ალბათ, შიმშილით სიკვდილი გვიწერია", - მოთქვამს დიასახლისი.

კალაურელი პაპა ნიკა ქევხიშვილი 7 სექტემბერს 98 წლის ხდება. ასეთი არაფერი მინახავსო, ამბობს უმაღლესი განათლების მქონე აგრონომი, რომელიც თითქმის საუკუნეა მიწაზე მუშაობს.

- ასეთი სტიქია არ მახსოვს, ერთხელ, 1932 წელს მოვიდა სეტყვა, მაგრამ ქარიშხალი არ მოჰყოლია. მამაჩემმა იმ წელს გავერანებული ვენახი გასხლა, გაიზარდა და ივარგა. მე ყავარჯნებით დავდივარ და ზვარში ვერ გავედი. მითხრეს, რაღა ვენახი, ნავენახარიაო. კიდევ უფრო ცუდ რამეს მოველი, ბუნება ისეა არეული, უარესიც მოგვივა.

გადაირია მიწა და ცა, ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანია გადარეული.

ლერი ლეკიშვილის ეზოს დიასახლისი დღემდე ალაგებს, - მთელი მოსავალი ნაგვად მექცა, ნახეთ, რა ბაღჩა-ბოსტანი მქონდა, აღარც გოგრა, არც კიტრი, არც პამიდორი, კაკალი კი ერთიანად ჩამობერტყა ხიდან სტიქიამ და გამოუშუშარის აკრეფა და გაშრობაც არ ღირს, არაფრად ივარგებს. ნაკვეთიდან, საიდანაც 15 ტონა ატამი მომქონდა, ორი ვედრო ძლივს ავარჩიე...

ბოსტნეულის, ლობიოსა და სიმინდის მოსავალსაც თუ დაამატებთ განადგურებულ ყურძენს და ატამს, იოლი წარმოსადგენი იქნება, რომ გამოსაზამთრებლად არაფერი გვაბადიაო.”

ვენახებსა და ბაღებს მივუყვები. თვალწინ იშლება უზარმაზარი ატმების სასაფლაო. თანაგრძნობის ნიშნადაც ვერაფერს ვეუბნები გლეხს, რომელიც გახევებული დგას და უყურებს წყალში ჩაყრილ ნაშრომ-ნაამაგარს. სეტყვას და ქარიშხალს ძირს დაუფენია მთელი მოსავალი. რაც ხეზე შერჩენილა, ისეა დაბეჟილი, სიცხეს ხეზევე დაულპია და კანის ქვეშ ერთიანად გამოუშრია.

განსაკუთრებით მძიმე შესახედია ივლისის ბოლოსთვის უჩვეულო სანახავი ვენახის ზვრები. ერთი ფოთოლიც აღარ შერჩენია ვაზს, სადღაა მტევნები! მზის სხივები სავსე მარცვლებს ქარვისფრად ვეღარ დაფერავს,

სიკვდილი ჩამდგარა დაფშუტულ მტევნებში და იუწყება, რომ რამდენიმე თვეში ამ ზვარში რთველი არ იქნება.

კახელების თქმით, დაყადაღებას გადარჩენილი სატელიტური თეფშები ქარიშხალმაც არ დაინდო.

იხილეთ სიუჟეტი PalitraTV.ge-ზე