შავ ბურუსში შთანთქმული სიცოცხლე - კვირის პალიტრა

შავ ბურუსში შთანთქმული სიცოცხლე

ჭიათურის მარგანეცი - სიკვდილის საბადო

ზესტაფონში, სადაც ჭიათურის მარგანეცი მუშავდება,  სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ მესამე დღეს თითო ონკოლოგიური ავადმყოფი იღუპება(!!!)

ჭიათურიდან სოფელ ითხვისში ტაქსით ავედი. ითხვისის ხსენებაზე მძღოლს სახე დაემანჭა, - მაგრამ იქ ისეთ საქმეზე მივდიოდი,  სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა წავეყვანე. გზას პაპანაქებაში დავადექით, დროდადრო "კამაზების" ნაკვალევზე ავარდნილ შავ მტვერში ვჩერდებით... როგორც იქნა, ავაღწიეთ. მანქანიდან ფეხი  ჩამოდგმული არ მქონდა, რომ  მძღოლი თავქუდმოგლეჯილი გავარდა - მარგანეცის შხამიან მტვერს გაექცა. მე კი ერთი დღით მათ შევუერთდი, ვინც მარგანეცის ტოქსინებით წლებია, იწამლება. ასეთი კი თითქმის მთელი ჭიათურაა, ანუ ის სოფლები, სადაც მარგანეცს მოიპოვებენ. მათ შორისაა ითხვისიც, სადაც შესვლისთანავე გგონია, რომ შავმა მტვერმა სიცოცხლე ჩაყლაპა და სოფელში აღარავინ ცხოვრობს. დიდხანს მარტო ვიარე. ბოლოს ერთი შაოსანი დედაბერი შევნიშნე, დაბზარულ ღობის ჩრდილში იჯდა და გაკვირვებული შემომცქეროდა. ალბათ ფიქრობდა, ვინ არის, თავი ასე რომ გაიმეტაო! - ვინა ხარ, დედაო?! მკითხა მიახლოებისას. ვუთხარი... - ნეტაი, ისეთ ფეხზე მოსულიყავი, რამე გვშველებოდესო და ღობეს მიადგა, - თინა, ელენე, გამოდით, აქანა ჟურნალისტი მოვიდაო! ისინიც გამოვიდნენ და ღობის ჩრდილში ჩამოსხდნენ...

- ამხელა სოფელი ჩამოვიარე და გზაზე ვერავინ დავინახე, არც სახლებიდან ისმის ხმა. რა ხდება?

- პირველად ხარ აქანა და იმიტომ კითხულობ მაგას. გეივლის ახლა კამაზი და მიხვდები, რაც ხდება. ე, ხეებს რო უყურებ, რავარი მტვერიც ფოთლებზეა დადებული, იმნაირი შემოგვდის ფილტვებში და სახლებში. იმიტომ გვაქვს გამოკეტილი კარები, გარეთ რა გვინდა, დევიხრჩოთ?!  - მიპასუხა ელენემ. ამასობაში მართლაც გამოჩნდა "კამაზი". მას უკან მტვრის უზარმაზარი კუდი მოჰყვებოდა.

- ამისთანა მარგანეცით დატვირთული მანქანა ამ გზაზე, მთელი დღე საათში ხუთი-ექვსი მაინც გეივლის და გვახრჩობს. ქვემოდან მაღაროებს გვითხრიან და საძირკველი გამოგვაცალეს, ზემოდან კი ეგ კამაზები არყევენ და ანგრევენ აქაურობას.

სახლები ხო დანგრევის პირასაა, მიწასაც არ გვიტოვებენ, რომ რამე მოვიყვანოთ. აქამდე ორჯერ აგვყარეს და გადაგვასახლეს, აწი მესამედ გადასახლება მოგვიწევს და სად წაგვიყვანენ, როცა მიწა აღარ გვაქვს! ასე გათავდა ჩვენი ცხოვრება. ადრე ამდენ შხამიან მტვერს მაინც არ ვყლაპავდით, მარგანეცი საბაგირო გზებით ჩადიოდა ქარხნებში. ახლა კამაზებით მიაქვთ და იმდენ მტვერს ყრიან, მთელ ახალგაზრდობას წამლავენ. კაცი არ უნდა დაწყევლოო, მაგრამ რავა გინდა, არ დაწყევლო, -  გაშავდეს იმის წუთისოფელი, ვისაც ჩვენი შვილები არ ეცოდება და ამ ჯოჯოხეთისთვის იმეტებს...

ან  მარგანეცი დაასოვლონ წყლით, ან მანქანებს გადააფარონ ზემოდან რამე, ან  გზები მოგვირეცხონ. რო გოდოვუდექით შოფრებს, - თუ გზას არ მოგვირეცხავთ, არ გაგიშვებთო, მეიტანეს ერთი-ორი მანქანა წყალი და მოასხეს.

ეს უშველის ჩვენს უბედურებას? კვდება ჭიათურის სოფლები, საქმე ისეა მისული, გზაზე ერთი ბოვში რო დეინახო გამოსული, ასე გგონია, აღდგომა დადგა... ან აქ ბოვში რავა უნდა გააჩერო, დაგვიჭლექდა შვილები მარგანეცის ავადმყოფობით. ფილტვები გამოვსებული გვაქვს მტვრით, რომელიც ათას უბედურებას იწვევს... საავადმყოფოები მაინც იყოს შეღავათით.

სააკაშვილმა ერთი 25-ადგილიანი საავადმყოფო გახსნა და წეიღო ტვინი, - ვაშენებო. ფულიც რომ გქონდეს, რამდენი კაცი გინდა დეიტიოს 25-ადგილიანმა საავადმყოფომ?! მეზობელმა კაცმა ფეხი მეიტეხა, ოპერაცია გოუკეთეს და ადგილი რომ არ ქონოდათ, მშობიარეებთან შეიყვანეს პალატაში. გამოფხიზლდა და აყვირდა, - აქ რა მინდა, თქვენი ასე და ისეო.

კერძო საავადმყოფოებია და იმდენს ითხოვენ, საიდან მევიტანოთ ეგ ფული. ამიტომ ხელი რო მევიტეხე და თაბაშირი მქონდა შემოსახსნელი, მოვატანინე შვილიშვილს მაკრატელი, შემოვიჭერი და გადავაგდე იქით, ხალხი

ამისთანა შავ დღეში ვართ ჩაყრილი, ჩვენი პრეზიდენტი კი დადის და იკოცნება. ჩამოუცდეს ერთი ფეხი ითხვისში, მაგას ვაჩვენებთ კოცნაობას!

- ნაიარევ ხელს მაჩვენებს თინა.

- თქვენზე ითქმის, სიმდიდრე შხამად ერგებათო.

- რუსმა, ვიყიდე ჭიათურა, ერთ გრამს არ დავტოვებ არაფერს, რაც არის წასაღები წევიღებ და წავალო!

- რუსმა თუ უკრაინელმა? მარგანეცი ხომ უკრაინელების მფლობელობაშია?

- ვინც არის, ამხელა სიმდიდრეს გვართმევს, ჩვენ კი პური და წამალი გვენატრება. ჰაერი ჩვენ აღარ დაგვიტოვეს და მიწა, - ძირი რო გამოაცალეს, დაგვიხმა ხილი და ვენახი, სოფლის წყაროები მაღაროებმა დაკარგა. წყალი თითო საათით მოგვდის და ისიც თუ არ დადგი, ჩვენმა მტერმა დალია, იმისთანა ტალახიანია. თავს ისევ მაყვლით და ეკალათი ვირჩენთ, რავარც შემოდგომის აზნაურები, მარა, მთელი დღე რომ მაყვალზე დეიხევ ხელებს, გაყიდი და სამყოფ პურს ვერ იყიდი, ეს არი ცხოვრება?! რახან ამხელა გზა გამოგივლია, პატარა კიდევ ჩაყევი მაღაროსკენ და ქე ნახავ მუშები რავარც არიან, მტრისას! მარა, ოღონდ ვინმემ სამუშაოდ მიიღოს, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული, - ხელი ჩაიქნიეს ქალებმა...

მეც გზას გავყევი და მაღაროდან გამომავალ მუშებს წავაწყდი. - თქვენ რაღა გჭირთ-მეთქი? - თუ ჩვენს ვინაობას არ გაამხელთ, გეტყვითო. დავპირდი. მოშორებით ბოდიშით გამიყვანეს, - ჭიათურაში სხვა სამსახური არ არსებობს, აქაც ნაცნობობით ვართ მიღებულები და სამსახურს ვერ დავკარგავთო და მომიყვნენ: როცა ცოლ-შვილი მშიერი გყავს, რა სამუშაოზე იტყვი უარს?! ავად რო გავხდეთ, ზესტაფონში უნდა ჩავიდეთ ექიმთან, იქ უნდა მოგვცენ ცნობა, რომ ბიულეტენი გვეკუთვნის. რომელ კომპენსაციაზეა ლაპარაკი, ვინც სამუდამოდ დაშავდა, იმათთვისაც კი არ გადაუხდია ერთი თეთრი ინვესტორს. ისე, ეს ინვესტორი მართლა არსებობს თუ არა, ისიც არ ვიცით, - ჩვენ მარტო ერთ რუსს ვხედავთ, რომელიც გამალებული დარბის, იქნებ სადმე ხარისხიანი საბადო იპოვოს და წაიღოს. აქაურობას ჩვენები მართავენ, რაც უნდათ, იმას აკეთებენ. მიწა მიწად ვერანდება,  მიწა 70 სანტიმეტრზეა ნაყოფიერი, მერე შხამიანი მარგანეცის მადანი იწყება.

როცა მარგანეცი ამოგაქვს, ნაყოფიერი ფენა უნდა მოხსნა, დაასაწყობო და როცა კარიერი ამოიწურება, თავიდან დააყარო, საცხოვრებლად ვარგისი გახადო და ისევ მოსავლი მოიყვანო. მაგრამ ესენი ყველაფერს ერთმანეთში ურევენ და ნიადაგს უვარგისს ხდიან. სოფლის მეურნეობა ნულზეა, კარიერებში მსხვილფეხა პირუტყვიც იჩეხება და იღუპება.

სახლები ისეა დაბზარული,  ხალხი ისევ გასასახლებელი ხდება. ეს ყველაფერი ჩვენების დამსახურებაა - ხელისუფლება აკონტროლებს ყველაფერს... მარგანეცის გადამტანი მანქანა დღეში ქრთამად 150 ლარს იხდის, რომ გარემოს დაცვის ყველა სამსახურმა თვალი დახუჭოს. სულ არ ანაღვლებთ ხალხის ჯანმრთელობა, მთავარია, ფული ჩაიჯიბონ და ყველა უბედურებაზე აწერენ ხელს... რა საჭირო იყო ითხვისიდან მარგანეცის მანქანებით გატანა და ამით გზების დაზიანება - რაც ითხვისში მარგანეცი მოიპოვება, ყოველთვის მოკლე გზით, მთიდან საბაგიროთი ჩაჰქონდათ ქალაქში. ეს საბაგირო და მარგანეცის გადამტანი კომპლექსი ისევ არსებობს, მაგრამ მისი გამოყენების ნაცვლად, მარგანეცი სოფელზე გამავალი გზით გააქვთ და ხალხს წამლავენ.

- რატომ, რა ინტერესი აქვთ?!

- ფულის. ეს არის ყველაფერი, - ეს კომპლექსი სრულიად რკინის კონსტრუქციაა. დაჭრიან, ფოთში ჩაიტანენ და ჯართში მილიონებს აიღებენ. უკვე გავარდა ხმა, ითხვისის მარგანეცის გადამტანი კოპლექსი მხოლოდ პირველ სექტემბრამდე იმუშავებსო, - მითხრეს მუშებმა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად წავიდნენ. მათი ცვლა დამთავრდა...

მეც გულგახეთქილი დავადექი შავ ბურუსში გახვეული სოფლის გზას. უკანაც ის ხალხი დავტოვე, რომლის მომავალიც შავ ბურუსშია გახვეული...