ქუთაისი ძვირდება? - კვირის პალიტრა

ქუთაისი ძვირდება?

ახალ საპარლამენტო ქალაქში უძრავი ქონების ფასები მკვეთრად გაიზარდა. ქუთათურები ამბობენ, რომ განსაკუთრებით გაძვირდა ბინები ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილობრივების თქმით, გაიზარდა როგორც ქირის, ისე უძრავი ქონების შესასყიდი ფასი. მაგალითად, თუ უწინ ქუთაისში ბინის დაქირავება 50 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 250 ლარადაც ძლივს იშოვი თურმე. ექსპერტების შეფასებით, ეს ფასი არარეალურად მაღალია, რადგან ქუთაისის ბევრ რაიონში ჯერაც არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მაგალითად, ქალაქის ბევრ რაიონს არ აქვს 24-საათიანი წყალმომარაგება და შესაბამისად, არსებული საყოფაცხოვრებო პირობები მოთხოვნებს ვერ პასუხობს. პარლამენტარების გარდა ქუთაისში ბინის დაქირავების სურვილს ბოლო დროს თურქი მოქალაქეებიც გამოთქვამენ, რადგან იქ ბიზნესინტერესები აქვთ. ექსპერტების შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქუთაისში გასაყიდი ბინების ფასი 20-50%-ით გაიზარდა და ეს იმის მიუხედავად, რომ ზოგადად ქვეყანაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ჯერ ისევ მცირეა.

გურამ ფალავანდიშვილი, უძრავი ქონების ბროკერი: "ხომ არ შეიძლება, რომ მხოლოდ ქირაზე მოიმატოს ფასმა? როცა ბინის ქირის ფასი ძვირდება ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს უჩნდება სურვილი, იყიდოს უძრავი ქონება და შემდეგ ძვირად გააქირავოს. პარლამენტის გადატანა ქუთაისში მცირე და უმნიშვნელო აქტივობა არ ყოფილა, ამიტომ არც ფასების ზრდა უნდა გვიკვირდეს. ზოგადად, როცა ხელისუფლება რომელიმე რეგიონის ინფრასტრუქურაში ხელოვნურად ერევა და რაღაცას მნიშვნელოვნად ცვლის, იქ ყოველთვის იმატებს ფასები უძრავ ქონებაზე. მაგალითისთვის ბათუმი გავიხსენოთ, სადაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო ფასები უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. არც ის არის გამორიცხული, რომ თუ მთავრობა კიდევ გააჩაღებს მშენებლობას საქართველოს რომელიმე კუთხეში, იქაც მოიმატებს ფასები, სულ რომ ტყეში იყოს. მაგალითად, მოსკოვში, როცა ქალაქის მერია ქალაქგარეთ რაიმე მშენებლობას წამოიწყებდა, შემოგარენში მყისიერად ძვირდებოდა უძრავი ქონება. თუ ქუთაისის განვითარება კიდევ მოხდება, ფასები კიდევ გაიზრდება. თუმცა, მხოლოდ პარლამენტის გადატანის გამო ამაზე მეტად, რაც ახლა არის გაზრდილი, ფასი აღარ მოიმატებს. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ პარლამენტის გარდა, ბოლო დროს ქუთაისში სხვა სამშენებლო სამუშაოებიც წარმოებდა და ამანაც იმოქმედა ფასებზე.

დღეს საქართველოში უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ბათუმში ღირს. მაგალითად, ბოლო დროს ბათუმში საცხოვრებელი ბინები 3500 დოლარად გაიყიდა კვადრატული მეტრი და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, თურქულმა კომპანიებმა იყიდეს. თბილისის ცენტრალურ უბანში კი ყველაზე მაღალი კლასის ბინები 2500 დოლარი ღირს კვადრატული მეტრი. ჩვენი პროგნოზით, საქართველოში უძრავი ქონების ფასები კიდევ გაიზრდება, რადგან ვფიქრობ, რომ ფასები ხელოვნურად არის დაცემული. ახლა ქვეყანაში ცხოვრების დონე დაბალია. თუ ცხოვრების დონე მოიმატებს, ფასები უძრავ ქონებაზე მყისიერად გაიზრდება. უძრავი ქონება მეორადი მოთხოვნის პროდუქტია. როცა ქვეყანაში გაჭირვება და ომია, პური და ყველი ძვირდება და უძრავი ქონება იაფდება. საბჭოთა პერიოდშიც კი საქართველოში უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ღირდა საბჭოთა სივრცეში. თბილისის ცენტრში არსებულ 3-ოთახიან ბინას, მოსკოვის ცენტრში 4-ოთახიანზე გადაცვლიდი. საქართველო კავკასიის მეგაპოლისია, კარგი კლიმატია ჩვენთან და აქ ბინის ყიდვა და ცხოვრება მოდური იყო. გარდამავალმა პერიოდმა კი ბევრი რამ შეცვალა. როცა ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მეტად სტაბილური იქნება, დამიჯერეთ, საქართველოში უძრავი ქონების ფასები ევროპულ ფასებს გაუტოლდება. დღეს თბილისში უძრავ ქონებაზე არსებული მაქსიმალური ფასი, ევროპის ნებისმიერ სოფელში არსებულ ფასებს უტოლდება. ევროპის დედაქალაქებში საცხოვრებელი ბინების ფასი კვადრატულ მეტრზე 10-15 ათასი ევროდან იწყება. საქართველოს უძრავი ქონების და მიწის ფასებს ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია, მაგრამ დინამიკა განვითარებისკენ მიდის. რა თქმა უნდა, თუ გარკვეული პოლიტიკური არასტაბილურობა არ შეუშლის ხელს ამ ყველაფერს."

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკნომიკურ საკითხებში: "ფასების ზრდა ქუთაისში უძრავ ქონებაზე ვფიქრობ, ბუნებრივი პროცესია. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ არ არის მაღალი მოთხოვნა, მაგრამ არის მოლოდინი, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანის შემდეგ მაღალი იქნება მოთხოვნა, როგორც ბინების გაქირავებაზე, ასევე შესყიდვაზე. თუმცა, რამდენად გავრცელდება ეს მთელ ქუთაისზე რთული სათქმელია. ეს ალბათ იმ აქტივობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ინტენსიური იქნება ქუთაისში საპარლამენტო ცხოვრება.

რაც შეეხება ფასებს სხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლოკალურად ფასები ამ მიმართულებითაც გაიზრდება. ალბათ სხვა ბიზნესებიც აეწყობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს იქნება შედარებით მაღალი კლასის და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი კაფე-ბარები, მაღაზიები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს გარკვეულწილად ფასებზე მართლაც იმოქმედებს, მაგრამ ზოგადად ქუთაისის მასშტაბითY ერთი პარლამენტის გადატანა სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის."

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დიდ ქალაქებს შორის, მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასები ქუთაისში გაიზარდა. მარტში, 2011 წლის დეკემბერთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ზრდამ მთლიანად ქვეყანაში 0,5% შეადგინა, ხოლო ქუთაისში - 1,5%. თბილისსა და ბათუმში ამ პერიოდში ფასები ერთნაირად, 0,5%-ით გაიზარდა, თელავში - 0,3%-ით, ხოლო გორში ფასების კლება დაფიქსირდა - 0,3%-ით. 2003 წლის დეკემბერთან შედარებით, 2012 წლის მარტში, ქუთაისში ფასები 87,3%-ით არის გაზრდილი (მთლიანად ქვეყნისთვის - 70,9%), ხოლო 2000 წლის დეკემბერთან შედარებით - 112,1%-ით (მთლიანად ქვეყნისთვის - 106,1%).

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)