ქალაქი, რომელიც წარსულით ცხოვრობს - კვირის პალიტრა

ქალაქი, რომელიც წარსულით ცხოვრობს

თბილისიდან ავტობუსს სულ 45 წუთი სჭირდება, რომ დუშეთში მოხვდე. ამ პატარა ქალაქმა წარსულის მოსაგონებლად საუკუნოვანი არქიტექტურა შემოინახა. რამაც ევროკავშირი და ევროსაბჭო იმდენად მოხიბლა, - ჩვენ აღვადგენთო! - განაცხადეს.  ახლა დუშელები ევროკავშირს ელიან, თვით ევროკავშირი კი ალბათ საქართველოში პოლიტიკური ამინდის დამშვიდებას ელის.

დუშელებმა დღევანდელობის ვნებათაღელვაში თავიანთი ადგილი დიდად ვერ მოძებნეს - მთებიდან ძუნწად აკვირდებიან ყველაფერს. თანაც ვნებათაღელვის შექმნის ოსტატები ხომ უფრო ქალები არიან, დუშეთი კი ფაქტობრივად, დაცლილია ქალებისგან - ხელმოკლეობის გამო უცხოეთში არიან სამუშაოდ გაკრეფილი. იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან გამოგზავნილი ფულით გადახურულ და გალამაზებულ მათ საცხოვრებლებს თვალის შევლებით ამოიცნობ, თუმცაღა შეიძლება ამ სახლებში ვეღარც იცხოვრონ - "უშანგას გოგო ესპანეთში გათხოვდა", "გოჩას გოგო იტალიაში დარჩა", "გურამას ცოლმა საფრანგეთში შვილიც წაიყვანა", - ჩამოჰყვებიან გულდაწყვეტილი დუშელები.

- თავს რითი ირჩენთ-მეთქი ვეკითხები აქაურებს, რადგან უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულის გარდა, ვერ ვხვდები, როგორ უნდა გაიტანოს თავი მთიელმა კაცმა, რომელსაც მიწის მოსავლელად შეძლება არ აქვს. - რითა? - მძიმედ მპასუხობენ, - რითაც სხვა. პირუტყვი გვყავს, ზოგიერთს კურდღლებიც ჰყავს, - კარგი ნამატი იცის, ვერ აგაშენებს, მაგრამ შეიძლება პურის ფული დაგიტოვოს; მთის პირობაზე ცოტა პომიდორიც მოგვყავს, კიტრიც და მწვანილიც, ხილიც გვაქვს.

- ხის ტოტები რომ ნაყოფით არის დახუნძლული, რატომ არ კრეფთ?

- რომ დავკრიფოთ, სად წავიღოთ? - კითხვასვე მიბრუნებენ დუშელები, - ამის გატანა იმდენი დაგვიჯდება, ფული სასესხებელი გაგვიხდება. ტრანსპორტს ცალკე ხარჯები აქვს და თბილისში ქუჩაშიც რომ ვივაჭროთ, გადასახადს მაინც მოგვთხოვენ. ვინც წაიღო, თავში ხელი ირტყა - დაუყარეს სპეკულანტებს კილო 30 თეთრად და გამოიქცნენ! გვახსენდება დუშეთის საკონსერვო ქარხნები და გული გვიდუღს, მაგრამ ჩვენი დუღილი ვის რა გულს უხარშავს?! კარაქის წარმოებაც გვქონდა, პირუტყვის სასაკლაოც, მეფრინველეობის ფაბრიკაც, ხალიჩებიც იქსოვებოდა. ყველაფერი გავერანდა, - მეუბნება დაღონებული ქალბატონი.

- ლამაზი ქალაქი კი გაქვთ, ასეთი ძველი არქიტექტურა იშვიათია!

- მაგას მართალს ამბობ, - სახე უნათდება ვალიკო ბუჩაშვილს, - რაც ორი საუკუნე ჩვენს ქალაქში ფული და ოსტატობა ჩაიყარა, ასეც უნდა იყოს. აგე, კეზელების სახლი, - მაჩვენებს ამაყად, - მაგათი წინაპარი, ნიკო კეზელი მექარხნე იყო, წერა-კითხვის საზოგადოება რომ დაარსდა, პირველი შეწირულობა მაგან გაიღო. აქ სხვა სახლებიც ააშენებინა იტალიელებს, საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი ნერგების ბაღიც მოაწყო. ახლა კი მის სახელზე არავინ დარჩა.

- მაგაზე ალბათ ბოლშევიკებმა იზრუნეს.

- ჰო, მაგათ მოსპეს და განა მარტო ეგ, დუშეთის მდიდარი სომხობაც - სამხედრო და სავაჭრო გზას რომ შემოჰყვნენ. სადაც ვაჭრობაა, სომეხიც იქ არის. ჯერ დუქნები გახსნეს, ვაჭრობა რომ გააფართოეს, ქარხნებიც ააშენეს და თითომაც სამი-ოთხი სახლი დაიდგა. ილია რომ მოვიდა დუშეთის მოსამართლედ, მაგაზე გადაირია, - სომხები თუ მდიდრდებიან და მიწას ყიდულობენ, ქართველები რაღას ვაკეთებთო!

- მართლა რაღას ვაკეთებდით?

- "შევარცხვინე ქართველის დუქანი და სომხის გუთანიო!" ქართველებს დუქნების მოწყობა არ გვქონდა ჭკუაში. თუმცა დუქნებით ნაშოვნი მაშინ სომხობამაც წააგო - დაერივნენ და ყველაფერი წაართვეს, თანაც ციმბირში უკრეს თავი. ერთი შაბაგულოვი იყო, დიდი ხნის მერე დაბრუნდა დაბერებული. სახლის დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ვინ მისცემდა... ვაჭარ მირაქოვს ოთხი სახლი ჰქონდა, ერთი ჩეკას ისე მოეწონა, ციხედ გადააკეთა - სარდაფში ხალხს აწამებდნენ. იმათი ტანჯვა-ყვირილი მთელ დუშეთს ესმოდა; მეორე სართულზე კი მილიცია იყო. მახსოვს, პატარა ბიჭი ვიყავი, შავი მანქანით ხელგაკოჭილი ხალხი რომ მოჰყავდათ მილიციელებს. იქ ახლა ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მაინც დაწყევლილ სახლს ეძახიან.

- როგორც ცნობილია, დუშეთში შემოსვლას მარტო სომხობა კი არა, კავკასიაში ჩამოსული რუსი და უცხოელი არისტოკრატიაც ვერ ასცდებოდა.

- ჰო მასე იყო, ჩვენთან ღამეს ათევდნენ. რუსების იმპერატორმა ამისთვის ააშენა სტანციები. მაგ სტანციებში ალექსანდრე დიუმას და ალექსანდრე პუშკინსაც ჰქონდათ ღამე გათეული. ბოგირებიც მაგიტომ გააკეთეს რუსებმა, - თანაც ჯარი შემოჰყავდათ, თან ეგ ხალხი შემოდიოდა. ეს შენობები ისეთი ნაშენია, აგურს ცემენტისგან ვერ გამოხსნი, - მიყვება ვახტანგ თანიაშვილი და ამასობაში დუშელი არისტოკრატების, ყარანგოზიშვილების საგვარეულო სასაფლაოსთანაც მივდივართ. ამბობენ, აქ დიდი რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ბებიაა დაკრძალულიო. მისი ქვა ზედ სასაფლაოს შესასვლელთან დევს, ყარანგოზიშვილების საფლავები კი ბალახს წაუღია, - უკანასკნელი ყარანგოზიშვილი ქერჩთან დაიღუპა 22 წლისა.

- პუშკინის ბებიის საფლავის ქვა რომ გაიბზარა, აგე, ამ ხელებით მაქვს შედუღებული, მერე სარეცხი ფხვნილით ვრეცხე, რომ რუსეთიდან ჩამოსულ ხალხს ზედ წარწერა წაეკითხათ, - ეგ ხომ გახსოვს, გიგუშა, - ხელებს უჩვენებს ვახტანგი გიგუშა კახურაშვილს.

მერე ხის სკამზე ვსხდებით და დუშეთს გავყურებთ - იქ კი სიცოცხლე დუღს ვნებებით, ტკივილით, სიხარულით და მომავლით.

- შენ ხომ არ იცი, როგორ იქნება ჩვენი საქმე მომავალში? - მეკითხება გიგუშა ძია და მოლოდინით შემომყურებს, -

მართალი ახალი ამბები რომ გავიგო, ორშაბათს გაუთენებელზე ველოდები "კვირის პალიტრის" ჯიხურის გახსნას. "რა უთენია წამოხტები ხოლმე გიგუშა ძია, ნუ გეშინია, შეგინახავ მაგ შენს "კვირის პალიტრასო", - მეტყვის ხოლმე გამყიდველი, - მაგრამ მაინც რომ გაგეყიდოს, მერე რა ვქნა-მეთქი?

აი, ასეთი ამბავია, ჩაფიქრებული ამთავრებს ის და მერე ისევ მეკითხება: როგორ იქნება ჩვენი საქმე, არ იციო? მეც ვპასუხობ, - კარგად იქნება, გიგუშა ძია, კარგად-მეთქი! და შინისკენაც მოვდივარ. ისინიც შინ მიდიან. და როცა ათასი შეცდომის მიუხედავად ყოველთვის გაქვს გზა შინისაკენ, რომელიც სხვა გზებში არასოდეს გერევა, როცა ყოველთვის ბრუნდები იქ, სადაც უნდა იყო, ყველაფერი მართლაც კარგად იქნება.

დუშეთში დღემდე დგას ალმასხან ერისთავის სახლი

დუშეთი არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. არაგვის საერისთაოს, რომელიც XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა, საკმაოდ მძლავრი გავლენა ჰქონდა იმდროინდელ საქართველოზე. როგორც დადებითი - არაგველებს მამაცობით ძნელად თუ შეედრებოდა ვინმე, ასევე უარყოფითი - XVII-XVIII სს-ში არაგვის ერისთავები ისე გააქტიურდნენ, რომ მეფეთა დასმა-ჩამოგდების საკითხსაც წყვეტდნენ. სასტიკად ეპყრობოდნენ ქვეშევრდომთ, რომლებიც საპასუხოდ ამბოხებებს აწყობდნენ და ერისთავებს ხოცავდნენ. ასე მოკლეს 1743 წელს ბეჟან ერისთავი და მისი ბიძაშვილი ოტია და თეიმურაზ II-ს შეუთვალეს, - ჩამოდი, შენს მეტი ბატონი არ გვინდაო. თუმცა არც თეიმურაზ მეფის დანიშნული ჯიმშერ ჩოლოყაშვილი აღმოჩნდა სხვა ერისთავებზე ნაკლებ სასტიკი და ისიც მის კვალს გააყოლეს. ერეკლე მეფემ არაგვის საერისთავოს გამგებლად ჯერ თავისი ვაჟი ლევანი დანიშნა, რომელიც ადრე გარდაიცვალა, ხოლო მას შემდეგ მეორე ვაჟი ვახტანგი (ალმასხანი), რომელიც საერისთავოს 1803 წლამდე მართავდა, ვიდრე იქ რუსებმა საბოლოდ არ მოიკიდეს ფეხი. 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში ალმასხანი თავისი რაზმით იბრძოდა. მისი დროშით იბრძოდა ის სამასი მამაცი მეომარი, რომლებმაც ერეკლეს ერთგულების ფიცი მისცეს...