"რისთვის გავიარო პიაცაზე, როცა კუჭი შიმშილისგან მიწრიალებს" - კვირის პალიტრა

"რისთვის გავიარო პიაცაზე, როცა კუჭი შიმშილისგან მიწრიალებს"

"ზღვისპირეთში ცხოვრება ისეთი არ არის, როგორიც კლიპებში ჩანს"

"რატომ არაფერი თქვა იმაზე, გიორგი კარბელაშვილი და მთავრობის სხვა წევრები შუახევში ფეშენებელურ ვილას რომ იშენებენ?"

"ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!" - ამ სიტყვების შემდეგ "ვარდების რევოლუციის" ავტორმა საქართველოს შავი ზღვისპირეთის აღმშენებლობის პირობა დადო. მას შემდეგ 9 წელი გავიდა... ბათუმში ახალი შენობების აშენების შემდეგ ხელისუფლებამ ქობულეთის აყვავებაც გადაწყვიტა და ორი წლის წინ ქობულეთში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, - ვინც ე.წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასტუმროს ააშენებდა და 1 მილიონ დოლარს დააბანდებდა, 15 წლის განმავლობაში მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებოდა. ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ სწორედ ეს იქნებოდა ქობულეთის გადარჩენის გზა, რადგან ამ შეთავაზების შემდეგ ინვესტორები პატარა ზღვისპირა ქალაქს ბუზებივით შეესეოდნენ და ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდებოდა. არადა, ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სულ სამმა ინვესტორმა წამოიწყო სასტუმროს მშენებლობა და ისიც შუა გზაზე მიატოვეს.

ქობულეთში წელს ტურისტების სიმცირე თვალში საცემი იყო. ამას ადასტურებდა სახლებზე გამოკრული აბრების სიმრავლეც, სადაც ეწერა, რომ ბინას ან ოთახს აქირავებდნენ. ტურისტული სეზონის ჩავარდნას უამინდობამაც შეუწყო ხელი და რადგან აჭარაში ჩასვლისას მეც წვიმიანი დღე დამხვდა, ბათუმისკენ ავიღე გეზი. ანბანის კოშკი, სკულპტურა "ალი და ნინო", პიაცა - რევოლუციის შემდგომი მონაპოვარია ბათუმისთვის, მაგრამ მე უფრო ის მაინტერესებდა, რამდენად იგრძნო თანამედროვე არქიტექტურის სიკეთე ადგილობრივმა მოსახლეობამ, რა შეიცვალა მათთვის ამ 9 წლის განმავლობაში.

ნაზი ცივაძე, ბათუმის მკვიდრი: "არ იფიქროთ, ასლანის დროებას მივტირი, მაგრამ როგორც ვცხოვრობდით "ვარდების რევოლუციამდე", ისე გაჭირვებულად ვცხოვრობთ ახლაც. ბათუმის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა კი გაალამაზეს, მაგრამ ამ ქუჩებზე ისევ თვითონ, მთავრობის წევრები დადიან და სასტუმროებშიც ისინი ისვენებენ. რისთვის გავიარო პიაცასა და ევროპის მოედანზე, როცა შიმშილისგან კუჭი მიწრიალებს. ჩემი ქმარი "მორვაგზალზე" თევზაობს და რასაც დაიჭერს, რესტორანს აბარებს. აქ თევზაობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. გამდიდრებით კი ბათუმში მხოლოდ თურქები და ხელისუფლების წევრები გამდიდრდნენ".

თამაზ ჩელებაძე, ბათუმის მკვიდრი: "კაზინოების ქალაქად გადააქციეს ბათუმი და დაღუპეს აქაური ახალგაზრდობა. სხვათა შორის, ბოლო დროს ისევ გახშირდა ქურდობა. რამდენიმე დღის წინ ჩემს მეზობლად დაბინავებულ დამსვენებლებს ლეპტოპები და მობილური ტელეფონები მოჰპარეს. აჭარაში ტოტალური ტერორია. რამდენიმე დღის წინ მეზობელს მთავრობიდან შემოუთვალეს; "ქართულ ოცნებას" ნუ ახსენებ, თორემ შენს მაღაზიას შემოსავლების სამსახური დაბომბავსო. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა აჭარაში ყოფნისას ამაყად თქვა, იმდენად არაკორუმპირებული ხალხი მყავს მთავრობაში, ლევან ვარშალომიძეს სახლიც კი არა აქვსო. რატომ არაფერი თქვა იმაზე, გიორგი კარბელაშვილი და მთავრობის სხვა წევრები შუახევში ფეშენებელურ ვილას რომ იშენებენ? მიშამ კი ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენცია არ იკმარა და კლდეში, ეგზოტიკურ გარემოში იშენებს აგარაკს, ჩვენ კი პურის ფული გვენატრება".

ოლგა, დამსვენებელი: "მინსკიდან ჩამოვედი. მეგობრებმა მირჩიეს საქართველოს ნახვა. არ გეწყინოთ და, თქვენთან სიძვირე და მდარე მომსახურებაა. წყალიც ძალიან ჭუჭყიანია. სამაგიეროდ, სამზარეულო გაქვთ ძალიან გემრიელი და ულამაზესი ბუნება, მაგრამ ბულგარეთში უფრო იაფად და კომფორტულად დავისვენებდი"...

ბათუმიდან ისევ ქობულეთში ვბრუნდები. ქარმა ღრუბლები გადაყარა, მზემ გამოანათა და ხალხმაც კანტიკუნტად დაიწყო სანაპიროზე გამოსვლა. პლაჟის მოვაჭრეებიც შეუდგნენ ცხელი სიმინდის, ბანანისა და ცივი სასმელების დატარებას. ბულვარში კი მოვაჭრეებმა ჭრელაჭრულა საქონელი გამოფინეს და სომხურ-რუსულად ეპატიჟებიან გამვლელ-გამომვლელს.

"საჭიროებამ მოიტანა და სომხურიც ვისწავლეთ. ჩვენთან დასასვენებლად, ძირითადად, სომხეთიდან ჩამოდიან და ხომ უნდა გვესმოდეს მათი, მათ კი ჩვენი", - მითხრა ნაყინის გამყიდველმა, რომელმაც მეც სომხურად მომმართა და რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, აჭარული კილოკავით დამელაპარაკა. სომეხ დამსვენებლებთან გასაუბრებაც ვცადე, მაგრამ ისეთ წინააღმდეგობას წავაწყდი, რომ თავი საკურორტო ქალაქში კი არა, საიდუმლო ობიექტზე მეგონა. რესპონდენტმა, ქალაქ გიუმრიში (ყოფილი ლენინაკანი) საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვმუშაობ და გვარ-სახელს ვერ გეტყვიო(?!). მოკლედ კი მიპასუხა, რომ ქობულეთში შვილიშვილებთან ერთად ისვენებს და მიუხედავად იმისა, რომ ფასები წლიდან წლამდე იზრდება, დასასვენებლად სხვაგან წასვლას არ აპირებს.

სამაგიეროდ, ქობულეთელები გულახდილად მიზიარებდნენ თავიანთ სატკივარს.

მერაბ მეტონიძე: "თურქების გადამკიდე ბათუმში სომეხ დამსვენებელს სანთლით ვერ იპოვი. სასტუმრო, რესტორანი, კაფე-ბარი და მაღაზია თურქების ხელშია. სომხეთსა და თურქეთს კი, მოგეხსენებათ, ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. ამიტომაც აწყდებიან ქობულეთს სომხები. აქაურობას ეგენი აკონტროლებენ. ჩვენ კი ქუჩა-ქუჩა წანწალით კაპიკებს დავდევთ. ვდგავარ ამხელა კაცი და სამაჯურებსა და საყურეს ვყიდი, რომ საღამოს სახლში პური მივიტანო. ყველას ხომ არა აქვს იმხელა ბინა, რომ გააქირაოს. ვინც აქირავებს, იმათაც წილში ჩაუჯდა მთავრობა და მოგების გადასახადს ახდევინებს.".

ირინა მახარაძე, სოფელ ხუცუბნის მკვიდრი: "სკოლაში რელიგიასა და ისტორიას ვასწავლიდი. მერე ეს საგანი ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და დავრჩი უმუშევარი. ყოველდღე ჩამოვდივარ სოფლიდან ქობულეთში იმ იმედით, რომ ნიჟარებისა და ზღვის ქვებისგან დამზადებული სამკაულები გავყიდო. როგორც ხედავთ, ზღვისპირეთში ცხოვრება ისეთი არ არის, როგორიც კლიპებში ჩანს".

შოთა ქათამაძე, ქობულეთის მკვიდრი: "ვტაქსაობ და პურის ფულს ასე ვშოულობ, ისიც ტურისტულ სეზონზე, რადგან წლის სხვა დროს აქაურობა მკვდარია. საწყალი ხალხისთვის საშველი არასოდეს ყოფილა. მახსოვს, სააკაშვილი შევარდნაძეს აკრიტიკებდა, რამდენს ხარჯავს თვითმფრინავით რომ დაფრინავსო. ახლა კიდევ თვითონ ორ-ორი ვერტმფრენით ჩამოფრინდება ხოლმე ბათუმში... ერთში თავად ზის და მეორე აცილებს. ხალხი კი მშიერი ჰყავს".

ქობულეთელების პრობლემებით გულდამძიმებული წამოსვლას ვაპირებდი, რომ სანაპიროზე ხალხმრავლობა შევნიშნე. რამდენიმე პოლიციელი და სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ჩქარი ნაბიჯით მიმოდიოდნენ, - 6 წლის გოგონა დაკარგულიყო. უამინდობის გამო ზღვა ღელავდა და ყველა შიშობდა, ბავშვი ტალღამ ხომ არ გაიტაცაო. გოგონა კი არსად ჩანდა... ამასობაში პოლიციელმა მოირბინა და დედას აცნობა: გოგონამ სანაპიროზე რომ ვერ მოგაგნოთ, გზა აერია და ქალაქში ამოყო თავიო. ცოტა ხანში ატირებული სალომეც მოიყვანეს. დედა-შვილის შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი იყო. მე, რა თქმა უნდა, პროფესიულმა ინსტინქტმა მძლია და ეს შეხვედრა ჩემი მკითხველისთვის ფოტოზე აღვბეჭდე.