ამოიღეთ ეგ მიცვალებული სიიდან, ამოიღეეეთ!!! - კვირის პალიტრა

ამოიღეთ ეგ მიცვალებული სიიდან, ამოიღეეეთ!!!

ახლახან სოფელ "საჭამიასერიდან" ონისე ხუნდაძე ტელეფონით დაგვიკავშირდა და უცნაური რამ გვიამბო.

-  თქვენთან გაჭირვებამ დამარეკვინა, თორემ რა მრჯიდა. ჯერ სადმე შემაღლებული ადგილი უნდა ვიპოვო, რომ  მობილურმა კავშირი დაიჭიროს და ლაპარაკი შევძლო.  ჰოდა, ახლა აქედან, საიდანაც მგლები ყმუიან, ვდგავარ და  საქვეყნოდ ვაცხადებ: - კი მჯერა სულის სიღრმეში იმქვეყნიური სიცოცხლის არსებობის, მაგრამ მაინც მაფიქრებს, - ჩემს მეზობლად მკვდარმა კარლო ხუნდაძემ ამდენი ელექტროენერგია რაფერ დახარჯა?! ნუთუ ჩოხატოურის ელექტროქსელებში ამ ღვთისპირიდან გადავარდნილებს მართლა სჯერათ, რომ მიცვალებული დადის და ელექტროენერგიას მოიხმარს?! საწყალ კარლოს სიკვდილამდე სამი წლით ადრე, ქარმა ჭიშკართან ბოძი წაუქცია და დაწყდა ელექტრომავთულები. საცოდავს მხოლოდ 5 ლარი ჰქონდა დავალიანება და ელექტროგაყვანილობის აღდგენამდე პრინციპულად არ იხდიდა! უბედურს აღარც პატრონი გამოუჩნდა და ასე უშუქობაში ამოხდა სული... მის ეზოსთან დღესაც წაქცეულია ბოძი და რაღა თქმა უნდა, ხაზიც დაზიანებულია.…მისი გარდაცვალებიდან კი უკვე სამი წელი გავიდა. როგორც უკვე მოგახსენეთ,  დავალიანება 5 ლარი ჰქონდა, მერე "იბარტყა" 5-მა ლარმა და 143 ლარი და 52 თეთრი გახდა. მოკლედ, გამოდის, რომ მიცვალებულმა სამ წელიწადში... 143 ლარი დახარჯა(?!).

ახლა გარდაცვლილის სახელით "ენერგოპროჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალის, ჩოხატოურის მომსახურების ცენტრს ელვადეპეშა უნდა გავუგზავნო და ვთხოვო, მისი გვარი აბონენტთა სიიდან ამოიღონ! წერილს ასე დავიწყებ: "მოკითხვა საიქიოდან ჩოხატოურის ელექტროქსელებს!

ნუ შეაწუხებთ ზეცაში მყოფ სულებს, რომელთაც გზას ნათელი  და სანთელი  უნათებთ  და ელექტროენერგია აღარ სჭირდებათ!.."

- სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს, მივეჩვიეთ კიდეც, რომ მიცვალებულებს ხან საარჩევნო სიებში სვამენ ხან დენის ქვითრებს უგზავნიან, მაგრამ თქვენ რა გიშლიდათ ხელს, გარდაცვლილი აბონენტის სიიდან ამოღება ადრე ვერ მოითხოვეთ?

- ასჯერ მაინც მივმართე ელექტროქსელის ხელმძღვანელობას, - ამოიღეთ მაგ მკვდარი სიიდან, ამოიღეთ-მეთქი, მაგრამ ვერაფერი შევასმინე... ისედაც საერთო მრიცხველის გამო ცოცხალი მეზობლები ლამის წაგვკიდეს ერთმანეთს და ახლა მიცვალებულიც გაიყვანეს საქმეში... Yყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ 2007 წლის  4 აპრილს, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, "ენერგოპროჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალის  ჩოხატოურის მომსახურების  ცენტრმა, რომლის მენეჯერიც ვინმე უჯმაჯურიძე იყო, დაგვირიგა ვითომ ჩვენ მიერ დაწერილი განცხადება, სადაც თითქოსდა ვაცხადებდით, ამდენი და ამდენი ელექტროენერგია გვაქვს დახარჯულიო... მოკლედ, მოგვაწერეს ზედმეტი თანხები. გაკვირვებულები ვუყურებდით ამ ქაღალდს და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მას მარტო ჩვენ (15 კომლი) კი არა, სამი წლის მკვდარიც აწერდა ხელს, წარმოგიდგენიათ?..  გავაპროტესტეთ, მაგრამ ყურიც არავინ გაიბარტყუნა. ამიტომაც თქვენი გაზეთის მეშვეობით საქვეყნოდ მინდა ჩოხატოურის ენერგოქსელებს შევუთვალო  "საიქიოდან მოკითხვა". თუმცა ცოცხლების არაფერი ეყურებათ და მიცვალებულებისას გაიგებენ რამეს?!"

პ.ს. "კვირის პალიტრა"  დიდხანს ცდილობდა "ენერგოპროჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალის ჩოხატაურის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელთან, ვალერი ბერძენიშვილთან დაკავშირებას, თუმცა ამაოდ. მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი ვალერის ტელეფონი "საჭამიასერის" ორღობეში უბრალოდ, არ იჭერდა და როცა ამ წერილს წაიკითხავს, გარდაცვლილი აბონენტის ამბავსაც მოიკითხავს და სულის შეწუხებისთვის ბოდიშსაც მოიხდის და შესანდობარსაც ეტყვის.