გურიამ სიღარიბეს თხილის ტომრები დაახვედრა - კვირის პალიტრა

გურიამ სიღარიბეს თხილის ტომრები დაახვედრა

"აი სიმწრით აკრეფილი თხილი ამხელა გზაზე ჩამოვიტანე და ორმოცი ლარი გულის წამალში უნდა გადავიხადო, ორი ლარიც კიდო "მარშრუტკით" უკან წასვლაში. ჩემი ცოდვა იმას მოეკითხოს, ვინც ამფერ დღეში ჩაგვყარა"

რომი ბატებმა გადაარჩინეს, გურიას თხილი გადაარჩენს! თავის დროზე ხუმრობით ნათქვამი ეს ფრაზა, ჰა და ჰა, ლამის უკვე  სინამდვილედ გადაიქცეს გურიაში. სხვა ხეირი და პატრონი გურულებს მაინც არც ჰყავთ, - აღარც "მანდარინას" იმედი აქვთ და აღარც დაპირებებისა.

- კაცი კატას რომ გაზრდის, ბიძია, იმას ვერ გეიმეტებს გადასაგდებად, ამიზაა, რომე ჩვენც ვერ ვიმეტებთ მანდარინას ასაჭრელად და ვუვლით, მარა, რათ გინდა, რაფერც კედელზე შეყრილი ცერცვის საქმეა, ისეა მანდარინასიც. ვაკლავთ თავს პატრონობით, დავკრეფთ და დაგვილპება, ვინაა პატრონი, რომ გასაყიდად გაგვატანინოს! იმიზაა, რომე ახლა თხილს დევეძალეთ გურიაში, მანდარინასავით მაინც არ დალპება და თან მაინცდამაინც საჩქაროზე წამლის ფულიზა თუ არ გეიმეტე გასაყიდად, ეგება პატარა ფასმომატებულზეც კი მოარტყა გაყიდვა! - ისე ლექსივით ჩამოარაკრაკა ოზურგეთის თხილის ჩასაბარებელ პუნქტთან ერთმა გურულმა, რომ შევცბი კიდეც, - შუბლზე ნამდვილად არ მეწერა და არ ვიცი, როგორ მიხვდა, თხილის ჩაბარების საქმე რომ მაინტერესებდა, მაგრამ გურულებს რომ ვერაფერს გამოაპარებ, ცნობილი ამბავია... სალაპარაკოდ მოვემზადე და პირდაპირ ხის ძირას გახსნილ პუნქტში ერთ-ერთ თხილიან ტომარაზე ჩამოვჯექი.

- ჯერ ხომ არსად წახვალ, ნენა? თუ კლიენტი მევიდა, უთხარი, რომე ერთ წუთში აქანე გავჩნდები! - საგულდაგულოდ ჩამაბარა "პოსტი" პუნქტის პატრონმა და თავად მეზობელ პუნქტებში იმის გასაგებად წავიდა, - თხილის ფასმა აიწია თუ დაიწია. არ გამკვირვებია, - ჯერ ერთი, დღეს თხილის "საფონდო ბირჟის" ფასებში და კანონებში, როგორც ამბობენ, სოლომონ ბრძენიც ვერ გაიგნებს გზას; მეორეც - მაინც აქ ვზივარ და რა მოხდა, იმ პატიოსან ქალს კლიენტს თუ შევუნარჩუნებ-მეთქი. მართალია, ეს ვერ მოვახერხე, რადგან მეზობელი პუნქტიდან წამში ამაცალეს კლიენტი და "მასპინძელიც" გადამერია, - უყურე შენ, ჩემ ხის ძირში, ჩემ სასწორთან რავა ხელათ დაავლეს ხელი და წამართვესო! - მომაყარა ქოქოლა... "იმ მინუტში" ლიხაურიდან ჩამოსული "მარშრუტკიდან" ლიხაურელი ბებოც ჩამოვიდა და როგორც კი ოც კილო თხილში ორმოცდაორი ლარი აიღო და ჩემს კალამსა და ბლოკნოტს შეხედა, დაბარებულივით მომაშურა.

- ნენა, მაქანე პირდაპირ დაწერე, ეთერი ვარ გორდელაძე მე და არავისი არ მეშინია, ამას რომ ვამბობ: აი სიმწრით აკრეფილი თხილი ამხელა გზაზე რომ ჩამოვიტანე, ორმოცი ლარი გულის წამალში უნდა გადავიხადო, ორი ლარიც კიდო "მარშრუტკით" უკან წასვლაში. ჩემი ცოდვა იმას მოეკითხოს, ვინც ამფერ დღეში ჩაგვყარა.

მეც დავწერე და ისიც ვუთხარი, - რას იზამ, ყველანი ასე ვწვალობთ-მეთქი, - შეეტყო, არ დამიჯერა.

ამასობაში, თხინვალელების "მარშრუტკაც" მოვიდა, - ოქროსავით "ბერძნულა" (გურიაში უმაღლესი ხარისხის თხილია) ჩამოვიტანეთო! მაგრამ მერე რა, ჩააბარეს და, - ნეტა, არ ჩამოგვეტანა, კილოში 2 ლარი და 60 თეთრი ავიღეთ, შარშან ამ დროს კილოში 4 ლარს გვაძლევდნენ. თქვეს, - მეტს ის ბიზნესმენი არ იძლევა, ვინც თხილს იბარებსო!

მეტი არაფერი უთქვამთ, მაგრამ თქმა რად უნდოდა, ისედაც იგულისხმებოდა - წადი და თვითონ იმას ჰკითხეო (ნამდვილად წავიდოდი, რომ არ ვიცოდე, ამ მისამართიდან პასუხი ჯერ არავის წამოუღია და ისიც, რომ ყოველთვის ასე არ იქნება... დანამდვილებით იმას გეტყვით, რომ თხილი, რომელშიც ჩვენს გლეხებს 2 ლარსა და 60 თეთრს უხდიან, მსოფლიოს თხილის მთავარ ექსპორტიორ ქვეყანაში, თურქეთში, დაახლოებით 6 დოლარი ღირს, ევროპის ქვეყნებში კი ქართულ თხილზე ფასმა აიწია და 7 დოლარს მიუახლოვდა).

თხინვალელები კი ასე მოკლედ აპირებდნენ დამშვიდობებას, მე რომ არ გამეჩერებინა, - არ მითხრათ, თხილზე ფასმა რომ დაიწია, ხალხმა ხელი ჩაიქნია და გურიაში თხილს აღარ რგავენ-მეთქი.

- აბდალი ხომ არ გგონივართ, ქალბატონო, - მიპასუხეს, - სხვა საშველი მაინც აფერი გვაქვს და თხილს რაფერ გოვუშვებთ ხელს. იცის მაი ამბავი იმ ბიზნესმენმა, ჩვენი თხილი რომ მიაქვს და იმიზა გვიბრიყვებს, მარა, მადლობა ღმერთს, ესეც რომ გამოგვიჩნდა. თხილი რომ არ გვქონოდა, ბაღნებს სასკოლოდ წიგნებსაც ვერ ვუყიდდით. მაი კი არა, აგი ბაღნებმაც იციან და იხვეწებიან, - თხილი დავრგოთ, მაგაშია ფულიო!..

ამ ლაპარაკს თხილის ტომრებზე წამოწოლილი პატარა ბიჭიც ისმენდა და ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდა. მეც "ჩემი" თხილის ჩამბარებელი პუნქტი დავტოვე და მეორეში გადავედი, - ოზურგეთში ასეთი ათეულობით არის გახსნილი, იქაც თხილით სავსე სატვირთო მანქანა იყო ჩამომდგარი, მძღოლმა, - ვისაც მოსავალი თვითონ ვერ ჩამოაქვს, იმათ სოფლებში თავად დავდივართ და ვიბარებთო! ცოტა მოშორებით "ადინოჩკა" ჩამბარებელიც იყო ჩასაფრებული, - ქოლგით ხელში მოფარებულ ადგილზე დარაჯობდა სოფლებიდან ჩამოსულ კლიენტებს, რომ სხვაზე ადრე "გამოეჭირა".

როგორც თხილის ჩამბარებლები ამბობენ, ოზურგეთში, სადაც თხილი ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდანაც ჩააქვთ, დღეში დაახლოებით 100 ტონამდე თხილს იბარებენ.

ირგვლივ თხილით სავსე ტომრები იყო მოფენილი. ასე  რომ, ვისაც წარსულში გადახედვა უყვარს, იმას უსათუოდ გაახსენდებოდა ბარიკადები, რომლებსაც შუა საუკუნეებში სწორედ სავსე ტომრებით აგებდნენ მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. მეც გამახსენდა და მაშინვე ვიფიქრე, - დღეს სიღარიბეზე დიდი მტერი არ არსებობს და მას გურიამ თხილით სავსე ტომრები დაახვედრა-მეთქი.