”გამოცოცხლებული” აფხაზეთის სანაპირო - კვირის პალიტრა

”გამოცოცხლებული” აფხაზეთის სანაპირო

”გასულ წლებთან შედარებით, წელს ცოტათი ამოვისუნთქეთ. იმაზე მეტი დამსვენებელი ჩამოვიდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ქვეყანას (?!) ალექსანდრე ანქვაბის მმართველობა დაეტყო. ადრე თუ თითოოროლა დამსვენებელი გვსტუმრობდა, წელს მათ მიღებას ვერ ავუდიოდით. რამდენიმეს უარიც კი ვუთხარი. მომავალი წლისთვის უფრო კარგად მოვემზადები, რემონტს გავაკეთებ და ალბათ ამოვისუნთქებ”, - მიყვება გაგრელი რუსი ოლია შელკინა, რომელიც ზუგდიდში რემონტისთვის საჭირო ნივთების შესაძენად მეზობელთან ერთად იყო გადმოსული.

კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები არ მალავენ, რომ გაგრაში, ბიჭვინთასა და სოხუმში სულ რამდენიმე ქუჩაა გარემონტებული. ტურისტები ინფრასტრუქტურის არარსებობას აპროტესტებენ, თუმცა ზღვა ძალიან მოსწონთ...

- გვეჩხუბებიან, რომ წყალი სტაბილურად არ მოდის და მომარაგება უწევთ. ისეთი დაბალი ძაბვაა, ტელევიზორის ყურებასაც ვერ ახერხებენ; მაცივარიც თითქმის არასდროს მუშაობს და მალფუჭებადი საკვებით რამდენჯერმე მოიწამლნენ კიდეც. რა ვქნთ?რა ჩვენი ბრალია? უსაფრთხოების პრობლემაც მწვავედ დგას. მდიდარი დამსვენებელი მეტი თავსატეხია, რადგან დაყაჩაღებისა და გაძარცვის საფრთხე მეტია.

- ასეთი ფაქტები ხშირია?

- სამწუხაროდ, კი. თითქმის ყოველ მეორე დღეს მაინც ვიგებთ, რომ პლაჟზე ან სულაც სახლის ტიპის სასტურმოში, დღისით-მზისით ვიღაც დააყაჩაღეს... ეს ჩვენც ძალიან გვაწუხებს, მაგრამ გვპირდებიან, რომ თანდათან ყველაფერი გამოსწორდება. ამის იმედი უკვე რეალურად გვაქვს. ახალი სასტუმროები შენდება, სადაც ყველაფერი მაღალ დონეზეა. ვისაც სახლის ტიპის სასტუმრო არ მოსწონს, იქ ისვენებს, მაგრამ მაინც კარგია ჩვენთვის. ჩემი მეუღლე ტაქსიზე მუშაობს და დღის განმავლობაში კლიენტის სიმცირეს არ უჩივის. საწვავი ჩვენთან გაცილებით იაფია და ცოტა მოგებაც რჩება. ასე თუ გაგრძელდა, დაცლილი ქალაქი თანდათან გამოცოცხლდება.

- რატომ არის ქალაქი დაცლილი?

- ახალგაზრდები და მამაკაცების უმეტესობა რუსეთში არიან სამუშაოდ წასული. როგორც ვიცი, პრივილეგიებით სარგებლობენ. ბევრმა ბინა იყიდა და აქეთ წამოსვლაზე არც ფიქრობს. ამასობაში კი აქაურობა სომხებითა და ჩრდილოეთ კავკასიელებით აივსო, რაც ჩვენ არ მოგვწონს...

მარიანა ცეკვავა, გაგრის მკვიდრი:

- ხანდახან, ზაფხულის სეზონზე, საცურაო კოსტიუმებისა და ათასი წვრილმანისთვის, ”ლილოს ბაზრობაზეც” მივდივარ და აფხაზეთში ვყიდი. წელს სასექტემბროდაც ვიყავი წასული. აქეთ უფრო დაბალი ფასებია, ვიდრე რუსეთში, თუმცა ჩვენი ხელმძღვანელობა გვაიძულებს, სავაჭროდაც იქით გადავიდეთ, მაგრამ ხალხს უჭირს და იაფად ცდილობს, ფონს გავიდეს. რუსეთიდან შემოტანილი სურსათიც ძვირია, ამიტომ ვცდილობ, ზუგდიდიდან ჩატანილი თურქული პროდუქციით ჩავანაცვლოთ.

-თქვენ არ გყავთ დამსვენებლები?

- მე პატარა სახლი მაქვს. სხვებისგან განსხვავებით, ქართველების მიტოვებული სახლით არ მისარგებლია. ამიტომ სულ ორი ოთახის გაქირავებას ვახერხებ. სასურველია ოჯახი თუ იქნება.

- რამდენად აქირავებთ?

- ერთ კვირაში 150 დოლარად. ზედ ზღვის პირზე ვცხოვრობ, რამდენიმე მეტრშია დიდი სუპერარმარკეტი, კლუბი, პარკი და გასართობი ცენტრი.

- ამ თანხაში კვება შედის?

- არა. ეს მხოლოდ ღამისთევის თანხაა. ჩემი შვილები სოხუმში სწავლობენ, სტუდენტები არიან და იქ ქირით ცხოვრობენ. ამბობენ, წელს იქაც ბევრი ტურისტი ჩამოვიდაო. არადა, აქამდე, ბიჭვინთასა და გაგრაში ყოველთვის მეტი დამსვენებელი იყო.

- სად შეიძლება დასაქმდეს უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა?

- სამწუხაროდ, ჯერჯერობით დიდი არჩევანი არ არის. გააჩნია, რა განათლება აქვს. ჩემი ქალიშვილი სამედიცინოზე სწავლობს და გაგრის პოლიკლინიკაში ექთნად აპირებს მუშაობას. სხვათა შორის, ამას წინათ საქართველოდან (?!) ჩამოსულმა ექიმებმა ჩაუტარეს სემინარები.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)