ტელევიზორების საქართველოს გაუმარჯოს! - კვირის პალიტრა

ტელევიზორების საქართველოს გაუმარჯოს!

ალბათ იცით, როგორ მოიკიდა ჩვენში ფეხი გამოთქმამ: ”აღარაფერი მიკვირს!” ახლა იმაზე კამათს აზრი არ აქვს, ასე რატომ არის, მაგრამ წესით, ცუდიც არ უნდა იყოს, - ჩვენ გარშემო ისეთი ამბები ხდება, თუ ყველაფერი გავიკვირვეთ, ”ავფეთქდებით”. ამისგან კი თავს ვინ როგორ შველის. მაგალითად, კახეთში, კერძოდ, სოფელ კოლაგში, უცქირეს ტელევიზორებში აყვავებულ საქართველოს და კიდევ ერთი სადღეგრძელო დაიმატეს: იმ ღვთისმშობლის წილხვედრ, ევროპული დემოკრატიის მედროშე სამშობლოს გაუმარჯოს, ტელევიზორებში რომ არისო. გამოფხიზლებულები კი ტვინს იღრღნიან - თუ მთელი ქვეყანა ასეა აყვავებული, ჩვენ რაღა დავაშავეთო. ამ სადღეგრძელოს ამბავი და კიდევ ბევრი რამ კოლაგელმა თამარ მინდორაშვილმა მიამბო, მისი მეზობელი მუნჯიშვილები და მექერიშვილები (ღმერთმა ყველა სოფელში ამრავლოს ქართული გვარები) კი თანხმობის ნიშნად თავს უქნევდნენ. მეც იმ განცდით ვუსმენდი, რომ ჩვენში ახლა, საუბედუროდ, სოფელიც ისეთივე შეჭირვებულია, როგორც ერთი კაცი. თუმცა, ამ შეჭირვებული ხალხის სიამაყე და ჩუმი კახური იუმორი მაინც იმის იმედს მაძლევდა, რომ ცოტა ბიძგი უნდა და ჩვენი გლეხი ფეხზე დადგომას მაინც ადვილად შეძლებს.

- კახელები სულ იმედად უდგეხართ საქართველოს, ახლა უნდა ვიწუწუნოთ?

- წუწუნი და წაქცევა არა, მაგრამ რაც სათქმელია, იმას ვიტყვით, თორემ მარტო ჩვენი წინაპრების ხათრით არ წავექცევინებით ხელისუფლებას. მაგათ არც დაესიზმრებათ ჩვენს სოფელში რა ხალხია გაზრდილი.

- არ დამძრახავთ თუ გკითხავთ, ვისზე ლაპარაკობთ?

- ხათრით არ დაგძრახავთ. ისე, წესით, კი უნდა იცოდეთ, - ჩვენებური იყო ყაფლან ვაჩნაძე, - ასპინძის ომში მეფე ერეკლემ საკუთარი ხელით მიართვა ოქროს ხმალი; რუსეთ-თურქეთის ომის დიდი გმირი ილია ვაჩნაძე, მერაბ ვაჩნაძე - მეცხრამეტე საუკუნის პირველი 20 წელიწადი კავკასიის ფალავანობა ხელიდან არ გაუგდია, შალვა მუნჯიშვილი, - იტალიის გმირი, ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლი, ჩვენი სოფლელელები არიან ნატო ვაჩნაძე, გივი ბერიკაშვილი, როსტომ საგინაშვილი (რომლის ”ჩაკრულო” კოსმოსში ტრიალებს), ერთიც კიდევ ოლიმპიური ჩემპიონი, რეზო მინდორაშვილი. აი, ამ ხალხიდან ლევან ვაჩნაძემ სოფელს XX საუკუნის 20-იან წლებში ოქროზე ნაყიდი 700 ჰექტარი ტყე აჩუქა. იქედან მოყოლებული, 80 წლის განმავლობაში, ეს ტყე იყო ჩვენი მარჩენალი, მის გარშემო 1200 ჰექტარზე მოგვყავდა ხორბალი, რომელიც მთელ სოფელს გვყოფნიდა და სახელმწიფოსაც ვაბარებდით. ახლა კი ამ ტყემ ”გული დახურა”, - მას შემდეგ რაც ტყეცა და სახნავ-სათესიც აუქციონზე გაიყიდა, ჩვენ ამ ტყეში არათუ პირუტყვის შეყვანის უფლება არ გვაქვს, ფიჩხის გამოტანაც არ შეგვიძლია. ღმერთმა ყველას თავისი ქონება მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ ვინც ჩვენს ტყეებს აუქციონზე ჰყიდის, რატომ ერთხელ არ დაფიქრდება იმაზე, რომ ამ ტყეების გარშემო მცხოვრებ გლეხობას დანას უყრის ყელში? აბა, სად ყოფილა გლეხს ტყის გარეშე ესუნთქოს?!

- გული დამიმძიმეთ...

- ეგ რა არის, ალზნის არხი და წყალი სულაც ცალ-ცალკე გაიყიდა, ასე რომ, ჩვენს სარწყავს ორი პატრონი ჰყავს, ერთმანეთთან თხა და მგელივით გადაკიდებული. წყლის მესაკუთრე წყალს არ გამოუშვებს არხში, თუ არხის პატრონი წყლის ფულს არ გადაუხდის, არხის პატრონი კი თუ გლეხებისგან არ აკრეფავს მორწყვის ფულს ჰექტარზე 70 ლარს, ისე რა გადაუხადოს? ასე მიდის მთელი ზაფხული და ჩვენი მოსავალი მზეზე იხრუკება. ასეთ ბოროტებას ხომ თვის შაჰ-აბასიც კი არ ჩაიდენდა. მწარე კურიოზებითაა სავსე ჩვენი განათების საკითხიც. ხალხი წლების განმავლობაში იხდიდა დენის ფულს და შესაბამის ქვითარსაც იღებდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ეს თანხა სადღაც გაქრა. ამიტომაც რაიონის ხელმძღვანელობამ ”ჭკუა იხმარა” და დავალიანება ასე გაგვინაწილა: შედარებით შეძლებულ ოჯახმა შვიდასიდან ცხრაას ლარამდე უნდა გადაიხადოს, შედარებით ღარიბმა, - სამასიდან ხუთას ლარამდე. თანაც, ე მანდ არაფერი იხმაუროთო და დავალიანება რამდენიმე წელზე გადაგვინაწილეს. ანუ თუ თვეში ხარჯავ 10 ლარის დენს, 15 ლარი უნდა გადაიხადო. ესეც ჩვენი სამართალი! ჰოდა, დენის საქმე ხომ შავად გვაქვს, ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორ თუ ზოგიერთი კოლაგელი ”ქართული ოცნების” წევრი გახდაო, ადგა და გაზზეც სამუდამოდ ჩამოგვასმევინა გულზე ხელი.

- ეს რაღას ნიშნავს?

- რასა და ჩვენი სოფელი, ბაკურციხესა და ვეჯინს შორის მდებარეობს და როცა მთავრობამ ამ სოფლებში გაზი გაიყვანა და ჩვენთანაც დაყარეს პლასტმასის მილები სოფლის ცენტრში, - ვალდებულება გვაქვს, რომ გაზი ყველა სოფელს გავუყვანოთო, სიხარულით ცას ვეწიეთ. მაგრამ მერე დაეზარათ, თუ რა იყო, აღარ ვიცით, არ დაიწყეს ჩვენთან გაზის გამოყვანა. ბოლოს, აქაოდა, კოლაგელები ”ქართული ოცნების” წევრები გახდნენო, მოვიდნენ, აკრიფეს ის პლასტმასის მილები, დაიხურეს ქუდი, წაიღეს და წავიდნენ! ახლა ჩვენა 1 კუბამეტრი შეშა 170 ლარად უნდა ვიყიდოთ.

- მერე გაქვთ ეგ ფული?

- არა გვაქვს და უნდა ვიშოვოთ. რომ დავიხოცოთ, რა ხეირია? სასაფლაომდე გზაც არ გვაქვს, - ხალხს ჩვენი სოფლიდან 5-6 კილომეტრზე კუბო ხელით მიაქვს და ჩვენს ჭირისუფლებს ჩვენ თავსაც ვერ ვათრევინებთ!

გულდამძიმებული დავშორდი კოლაგელებს. მკითხველმა იქნებ მისაყვედუროს, - ერთი სოფლის გასაჭირი მთლიანად ქვეყანაში არსებულ სურათს, შესაძლოა, არც ასახავდესო, მაგრამ სამწუხაროდ, ქართული სოფლების პრობლემები ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს...

(სპეციალურად საიტისთვის)