განწყობა სამეგრელოში, - არის თუ არა ეს რეგიონი "ნაციონალების საყრდენი?!" - კვირის პალიტრა

განწყობა სამეგრელოში, - არის თუ არა ეს რეგიონი "ნაციონალების საყრდენი?!"

ციხის კადრები, რომელიც ლამის მთელმა მსოფლიომ იხილა, უკვე მერამდენე დღეა საქართველოს აზანზარებს. სამეგრელო, რეგიონი, რომელიც "ნაციონალების" მთავარ საყრდენად იყო მიჩნეული, საშინელმა ფაქტებმა ფეხზე დააყენა, თუმცა, დღემდე არიან ადამიანები, ვინც მიიჩნევენ, რომ ამის შესახებ პრეზიდენტისთვის არ იყო ცნობილი, "თორემ ის ამას არ დაუშვებდა!". ახალაიების სისასტიკეზე არაერთხელ დაგვიწერია და ამაზე აღარ შევჩერდი, უბრალოდ იმ განწყობის გადმოცემას შევეცდები, რაც ციხის კადრების გავრცელების შემდეგ იქ დამკვიდრდა; როგორ შეაგროვეს პრეზიდენტის დასახევდრად ხალხი და როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობები, ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტები ჰყვებიან.

ირაკლი 21 წლის, სტუდენტი:

- ადგილობრივ ხელმძღვანელობას ათვალწუნებული ვყავარ, - თბილისიდან ცუდი ამბები ჩამოგაქვს და აქაურ ახალაგზრდებს სულელური ზღაპრებით ტვინს უალყებო. ჩემს სოფელში არაერთი ახალგაზრდა ოჯახია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. ისინი ხელისუფლებაზე ცუდის საჯაროდ თქმა ერიდებიან, რადგან იციან, რომ სოფელში (ჯიხაშკარი ჰქვია ჩემს სოფელს) არაფერი იმალება და მათი აზრი აუცილებლად მიაღწევს გამგებლამდე... ჩვენი სოფლის გამგებელი მამაჩეთან ძმაკაცობს და ოჯახში მეც მიშლიან ამ მთავრობის რეალურ სახეზე ლაპარაკს. თავიდან, უფროსები არიან-მეთქი და ვჩუმდებოდი, ახლა მომბეზრდა, რადგან ვხედავ, რა გავლენა აქვს ბნელი გამგებლების აზრს სოფელში, როცა ლაპარაკობს ბიძინა რუსეთის აგენტიაო... ქალაქშიც გვაქვს სახლი და ოჯახთან კონფლიქტს რომ თავი ავარიდო, იქ ვრჩები ხოლმე.

"ქართული ოცნების" აქციაზე მე და ჩემი სამეგობრო სრული შემადგენლობით ვიყავით. იმავე საღამოს დედაჩემმა დამირეკა: გამგებელი ელაპარაკა მამაშენს, რა დღეშია ეს შენი ბიჭი, ვერ მოუგრეხ კისერს? სანამ "სხვანაირად" მიხედეს, შენ თვითონ მიხედე; ახალგაზრდებმა შეიძლება არ იცოდნენ და შენ მაინც უთხარი, რომ სამეგრელო ნაციონალების არისო!..

გავცოფდი. მაგას ვინ ეკითხება, მე ვის აქციაზე წავალ-მეთქი. დედაჩემი მეხვეწებოდა, - რა გინდა იმ კაცთან, რატომ უფუჭებ საქმეს? ასე თქვა, თუ მაინცდამაინც ოპოზიციონერობა უნდა, "ქრისტიან-დემოკრატების" აქციაზე მაინც იაროსო...

- არ ჰკითხეთ, იმათ აქციაზე დასწრების "ნებართვა" რატომ მოგცათ?

- არა, საბედნიეროდ, იმ გამგებლის აზრი არ მაინტერესებს.

თეო ბერაია, 22 წლის, სტუდენტი:

- სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მოვხვდი და მართლაც დამასაქმეს, მაგრამ ყველა აქციაზე ისეთ დღეში მაგდებენ, თავბედს ვიწყევლი, აღარც მათი სამსახური მინდა და არც ფული-მეთქი. ლაზიკის პროექტის გახსნაზე 10 ადამიანის წაყვანა დამავალეს. არადა, ციხის კადრების მნახველი მეზობლები და ახლობლები შოკში იყვნენ და ზოგმა ზრდილობიანი უარი მითხრა, ზოგმაც პირდაპირ მომახალა, - ლაზიკაში მიშას დასამარხად წამოვალ, თანაც თუკი ახალაიებს ფეხებთან ჩაუმარხავენო... ანუ ვინც აქამდე მიშისტი იყო, იმანაც შეიცვალა პოზიცია, ესენი რა სადისტები ყოფილანო. ძლივს 7 ადამიანი მოვაგროვე, ნათესავებს ვთხოვე. ახლა არჩევნებისთვისაც მაქვს დავალებები, 20 ადამიანის ხმა უნდა უნდა მოვაგროვო და როგორ მოვიქცე, არ ვიცი...

დათო 32 წლის, ზუგდიდის მკვიდრი:

- მეუღლე სკოლაში მუშაობს, მე ადგილობრივ ბანკ "ლაზიკაში". ორი შვილი მყავს და უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მაქვს, რომ არ ვიმუშაო. თორემ ამათი საქციელი ყელში მაქვს უკვე. ბოლოს მიშა რომ იყო ჩამოსული, აქციაზე მთელი სამსახური წაიყვანეს. მეუღლე დარჩა, მე წავედი, მკითხეს, რატომ არ მოვიდაო, ბაშვებთან დარჩა-მეთქი, ბავშვებიც წამოეყვანაო, ორივეს სიცხე აქვს-მეთქი. მიხვდა, რომ რომ ვატყუებდი, მაგრამ არაფერი უთქვამს. საკუთარი თვალით ვნახე, აქციაზე მთელი საქართველოს რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანები. 50-მდე სამარშრუტო ტაქსი იყო იმერეთიდან. სვანებიც ვნახე. ერთი კაცი წუხდა, იმდენი სათიბი მაქვს, ვფიქრობდი, ამინდებს გამოვიყენებ-მეთქი, მაგრამ ვინ მაცალა. შვილი და ძმისშვილი თავდაცვაში მუშაობენ კონტრაქტორად და რომ არ წამოვსულიყავი, არ შეიძლებოდაო...

მაკა ჭკადუა, ზუგდიდის მკვიდრი:

- იცით, რამდენი ხალხი იყო "ქართული ოცნების" აქციაზე? ნემსს ვერ ჩააგდებდი, ყველა მათგანი ადგილობრივი ხელისუფლებისგან და ჯალათი ახალაიებისგან გამწარებული. არადა, ვიცნობდი ადრე და მართლა "ბულკები" იყვნენ. გული მწყდება, როცა ამ რეგიონს მმართველი გუნდის საყრდენად მიიჩნევენ, სინამდვილეში არ არის ასე. ხალხი ახალაიებს ტერორში ჰყავდათ და იმიტომ იყვნენ ჩუმად. ახლა არ არის ასე... მეგის ქარდავას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი დოდო, მეც მასწავლიდა და უნდა ვიკითხო, თავი ხომ არ მოუკლავს ასეთი ჯალათის აღზრდისთვის?!.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)