აფხაზეთში რუსულ ავტონომიაზე საუბრობენ - კვირის პალიტრა

აფხაზეთში რუსულ ავტონომიაზე საუბრობენ

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 19 წელი შესრულდა... როგორ ცხოვრობს აფხაზეთი უქართველებოდ?.. რას ფიქრობენ იქაურები?..

სეპარატისტულ აფხაზეთში, სექტემბრის ბოლომდე თითქმის ყველა მცირე თუ დიდი კერძო სასტუმრო და სანატორიუმი დაჯავშნილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით, დამსვენებელთა რაოდენობამ იმატა. რუსულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ შარშანდელთან შედარებით აფხაზეთში ტურისტთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. აფხაზეთის ე.წ. ტურისტული კომიტეტის თავმჯდომარე თენგიზ ლაკერბაია ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში სიამაყით აღნიშნავს: ყველა "სახელმწიფო სტრუქტურამ თავდაუზოგავად იმუშავა, რათა ქვეყნის მთავარი რესურსის პოპულარიზაცია მომხდარიყო და გამოგვივიდა კიდეც..."

მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, იქ მისი გავლენა გაიზარდა და გაძლიერდა. რუსეთის კალთას შეფარებული აფხაზები თავს ბედნიერად ნამვილად არ გრძნობენ, მეტი თავისუფლება უნდათ, მაგრამ რუსეთი შავი ზღვისპირა რეგიონის განვითარებას იმ მიმართულებით ცდილობს, რაც მას ხეირს მოუტანს. ეს აფხაზეთის მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ წლებია გაჭირვება და უსაფრთხოების დაუცველობაც სტანჯავთ. ამიტომ, ჯერჯერობით ითმენენ.

კირილი, 36 წლის, სოხუმელი აფხაზი:

- წლებია დანის წვერზე დავდივართ და ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდება... რუსულ სახელმწიფო და კერძო კომპანიებს სურსათი და საწვავი შემოაქვთ, რუსეთის მთავრობა ჩვენს პენსიონერებს პენსიებს უხდის. თანდათან ტურიზმიც ვითარდება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ დამოუკიდებლები არ ვართ. რუსეთი ეკონომიურად გვიპყრობს და თანდათან მისი ავტონომია ვხდებით... საკურორტო სეზონი ამ დრომდე გრძელდება. უჩვეულოდ ბევრი დამსვენებელი გვყავდა და ხალხი როგორც კი წელში ოდნავ გაიმართა, რუსების ქებას მოუხშირა და თავისუფლების სურვილმა თანდათან უკანა პლანზე გადაიწია. სამწუხაროდ, არავინ იცის, ჩვენი ავტონომიურობა როდემდე გაგრძელდება.

ტურისტების რაოდენობის გაზრდის პარალელურად, შენდება ახალი, დიდი სასტუმროები, რასაც აფხაზეთის "მწვანე ფილტვები" ეწირება. ადგილობრივთა თქმით, იქ ძირითიდად რუსული და სომხური ინვესტიცია შემოდის, რომლებიც მიზერულ ფასად, ტყიან ადგილებში ყიდულობენ ან ხანგრძლივი დროით, არენდით იღებენ მიწის ნაკვეთებს, რადგან ასეთი ადგილი ბიზნესის თვალსაზრისით უფრო მომგებიანია.

"განსაკუთრებით ძველ გაგრასა და ბიჭვინთაში მრავლად არის ისეთი ადგილები, სადაც ორიოდე ნაბიჯზეა ზღვაც და ტყეც. რუსები და სომხები ასეთ ტერიტორიებს იღებენ, იქ ტყეებს ჩეხავენ და ევროპული და აზიური ტიპის სასტუმროებს აშენებენ. განადგურების პირას არის მისული ბზიფში ბზების ტყე. საუკუნოვანი ბზის ხეები ძირიანად ამოთხარეს და სოჭსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გაზიდეს, ნაწილი კი, უბრალოდ გაჩეხეს და ისე გაყიდეს. გამკითხავი და პატრონი არავინ არის. გვითხრეს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის მცირე დათმობაზე უნდა წავიდეთ..." - ამბობს ბიჭვინთელი ელისო ალექსანდრიდი, რომლის თქმითაც ბიჭვინთაში ტურიზმი რუსული და სომხური კაპიტალით ვითარდება.

ფერიდე კიუტი, გაგრის მკვიდრი:

- ადრე უსაფრთხოებვის თვალსაზრისით, სასტუმროები და სანატორიუმები უფრო დაცული იყო. ახლა საოჯახო ტიპის დასასვენებელი სახლში უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, რადგან გაგრა პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს და ასეა თუ ისე, ანგარიშს უწევენ და პატივს სცემენ ერთმანეთს. როცა ჩემმა მეზობელმა იცის, რომ ის ჩემი მდგმურია, მის დაყაჩაღებას მოერიდება. გარდა ამისა, ყოფილა შემთხვევა, როცა "ავტორიტეტი" ჩავრიეთ და მოპარული ნივთი დააბრუნეს. იმას, რასაც სამართალდამცველები ვერ აკეთებენ, სხვები აკეთებენ... ბიჭები ოჯახის შექმნის შემდეგ, რუსეთში მიდიან და იქიდან არჩენენ ოჯახებს. ზოგს ოჯახიც თან მიჰყავს. ბევრიც უსაქმურობს და მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობს. სოფლიდან ჩამოსული გოგონები და ქალები მაღაზიებში, მარკეტებში, სავაჭრო ჯიხურებსა და სწრაფი კვების ობიექტებში მუშაობენ. ქალაქის მოსახლეობა კი, ამაზე უარს ამბობს...

- თქვენ გაქვთ სამსახური?

- კი, ჩემს ნათესავს ღვინის ქარხანა აქვს და ლაბორატორიაში ვმუშაობ. მეღვინეობა მაქვს დამთავრებული და პროფესია გამომადგა... გარდა ამისა, მცირე ტიპის საოჯახო სასტუმრო მაქვს მოწყობილი. ჩემს გვერდით ჩემი ქართველი ნათესავი ცხოვრობდა, ჩვენი სახლები, მასთან შეთანხმებით, ხელახლა დავაპროექტე, შუაში მანსარდით გავაერთიანე და ოთახებიც შემოვიმატე. მე და ჩემმა მეუღლემ შევთავაზეთ, მისი სახლი ოფიციალურად, ნოტარიალურად შეგვეძინა. მისაღებ თანხას ვთავაზობდი, მაგრამ უარი თქვა. ახლა წელიწადში ერთხელ, რაღაც თანხას ვუგზავნი, ეს არ არის დახმარება, უბრალოდ, ადამიანური, ნათესაური ურთიერთობის გამოხატულებაა.

- თქვენი შვილები სოხუმში სწავლობენ?

- არა, მოსკოვში. პოლიტიკურმა ვითარებამ იქონია გავლენა... ქართულად წერა-კითხვა ორივე შვილმა იცის. მათი კლასი ბოლო გამოშვება იყო, ვისაც სკოლაში ქართულს ასწავლიდნენ, შემდეგ უკვე სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს. სოხუმში მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი ბევრს არ ნიშნავს, ამიტომ მინდოდა სხვაგან გაეგრძელებინათ სწავლა... ჯერჯერობით აფხაზეთში სამუშაოს დეფიციტია, ამიტომ მირჩევნია, მოსკოვში იყვნენ.

- კი მაგრამ ვიცი, რომ მოსკოვში მაღაზიაში მუშაობენ...

- მოსკოვში სწავლაც ძვირია და ცხოვრებაც. ამიტომ საიუველირო მაღაზიაში მუშაობენ და ნორმალური ანაზღაურება აქვთ... აქ ჯერჯერობით უმუშევრობის პრობლემა მწვავედ დგას. ნებისმიერი დაწესებულების ადმინისტრაციულ სამსახურში მოხვედრა ჩაწყობითა და ნაცნობით არის, თუ ხელმძღვანელობაში ახლობელი არ გყავს, მიმტანად ან სამზარეულოში გაგამწესებენ.

მერი, 53 წლის, ბიჭვინთის მკვიდრი ქართველი:

- წინა წლებთან შედარებით ბევრი დამსვენებელი ჩამოვიდა, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილოა. უნდათ ომის დროს დანგრეული სახლები მთავრობამ გაურემონტოს. აფხაზებს მუშაობა არ უყვართ და როცა ჩვენ რამეს ვაკეთებთ, თუნდაც კოსმეტიკურ რემონტს, ეჭვის თვალით გვიყურებენ, ჰგონიათ, რომ საჭირო თანხით ქართული მხრიდან გვეხმარებიან.

- რატომ უჩნდებათ ასეთი ეჭვი?

- მათ ეშინიათ, რომ აფხაზეთში ქართული ფული არ "შემოიპაროს". ამის შიში მხოლოდ ხელმძღვანელობას კი არა, უბრალო ადამიანებსაც აქვთ, რადგან იციან, თუ რისი გაკეთება შეუძლია ფულს... ბოლო დროს ცხოვრება გაძვირდა. ამბობენ, რომ მომავალი წლიდან ელექტროენერგიის ფასიც მოიმატებს და ერთი კილოვატი 60 კაპიკი გახდება.

შარშან ჩემმა რუსმა მდგმურებმა მისაყვედურეს, აბაზანაში შესვლა გვეზარება, არც დუში გივარგათ, არც კარები იკეტება. ძველისძველ კაფელზე კი, ფეხები დაგვესერაო. ამ გაზაფხულზე ქუთაისში ჩემს ნათესავებთან ვიყავი ჩასული და ზოგი ნისიად, ზოგიც ნაღდ ფულზე, რემონტისთვის საჭირო ნივთები ვიყიდე. ზაფხულის სეზონს მომზადებული შევხვდი და არც მდგმურების პოვნა გამჭირვებია. მეზობლებმა ჩემი რემონტი რომ ნახეს, ზოგმა ზუგდიდში გაყოლა მთხოვა, ზოგმაც ფული გამატანა და ჩამომატანინა. რუსეთიდან შემოტანა ორმაგი ხარჯი ჯდება, თუმცა არჩევანი უფრო დიდია... წელს ერთი პარტია რომ წავიდა, ჩემი მისამართი და ტელეფონის მისამართი თავიანთ ახლობლებს მისცეს. ისინი დამიკავშრდნენ და ფასზე შემითანხმდნენ. რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმაც დამირეკეს და პირობები იკითხეს. ერთი ქართული ოჯახი ჩამოვიდა, ორი პატარა შვილით. ოჯახშიც რუსულად საუბრობდნენ და მეზობლებიც კი ვერ მიხვდნენ, რომ ქართველები იყვნენ. სექტემბრის ბოლომდე კიდევ სამი ოჯახი უნდა ჩამოვიდეს. ცოტა კი ამოვისუნთქეთ, მაგრამ დრო, ჩვენი, ქართველების საწინააღმდეგოდ მუშაობს, - აფხაზები რუსული ფულით ცხოვრებას ეჩვევიან.

ლაურა ჩაჩბა, სოხუმის მკვიდრი:

- ცოტაც და აფხაზეთი ისეთი პოპულარული გახდება, საერთაშორისო აეროპორტიც გაიხსნება. გასულ წლებში თუ მხოლოდ რუსეთიდან ჩამოდიოდნენ, წელს ესტონელები და ფინელებიც გვყავდა. ექსკურსიამძღოლი ვარ და პირადად წავიყვანე მათი ჯგუფი ახალ ათონში. გაგიჟებული იყვნენ, რა ლამაზი მხარე ყოფილაო, თუმცა ბევრი რამ დღემდე დანგრეული და მოუვლელია. ეს ჩვენც, ადგილობრივებსაც ძალიან გვაწუხებს. ალბათ ნელ-ნელა უკეთესობიკენ შეიცვლება. წლეულს სოხუმის ბოტანიკური ბაღის რემონტი დაიწყო.

ალექსანდრე ანქვაბი ძლიერი პოლიტიკოსია და მისი ხელი დაეტყო ქვეყანას(?!). კარგი იქნება, თუ ასე გაგრძელდება... ცოტა ხელის შევლება უნდა აფხაზეთს, თორემ ბუნება ყველანაირად გვიწყობს ხელს. ისეთი ამინდები იყო, სხვაგან ქვეყანა რომ იქცეოდა, აქ წვეთი არ ჩამოვარდნილა. ტურისტები აღტაცებული მიყვებოდნენ, რომ რამდენიმე დღე აფხაზეთის მთებში, მწყემსებთან ერთად გაატარეს, მათ მიერ, ნახევრად ველურ პირობებში მომზადებული საჭმელი და უგემრიელესი თაფლი უჭამიათ. სიხარულით იხსენებდნენ, ფაფახებიც გვაჩუქესო...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)