გურია არჩევნების შემდეგ - კვირის პალიტრა

გურია არჩევნების შემდეგ

არჩევნების დასრულებიდან ათიოდე დღე გავიდა, ემოციებიც ჯერ არ დამცხრალა. უფრო პირიქით, - არჩევნებმა ქართული ხასიათის რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო თვისება წამოსწია და ღირსების შეგრძნებასთან ერთად ჩვენთვის დამახასიათებელი იმპულსურობის შიშიც გაგვიჩინა.

ეს განსაკუთრებით რეგიონებში შეინიშნება - მათ ვინც ხმა არჩევნებში აწგამარჯვებულ ძალას მისცა, დამარცხებულები საკუთარი ტელევიზიებით არწმუნებენ, რომ ქვეყნის უფროსობა კვლავ მათ უნდა აიღონ ხელში და რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ხალხის გაკეთებული არჩევანი ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. ეს ეხება გურიასაც, სადაც არჩევნების შემდგომი ვითარებითხალხი სრულ დეპრესიამდეა მისული.

ეს არც არის გასაკვირი - რეგიონში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 10%-საც არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ინტერნეტით ან ობიექტური ინფორმაცია მიიღოს, წინა სახელისუფლო ტელეარხებს უსმენს. იქ კი თითქმის ყოველ გადაცემაში საუბარია იმაზე, "ქართული ოცნება" საბოლოოდ როგორ დაასამარებს ჩვენი დაკარგული ტერიტორიების შემოერთებისა და საქართველოს გამთლიანების ოცნებას, რა კატასტროფული სიწრაფით მოიმატა ძარცვა-ყაჩაღობისა და უცხოეთში გახიზნული კრიმინალების შემოდინების ტალღამ. ეს "დინამიტები", რომლებსაც ასე გულმოდგინედ აწყობენ ხალხში ხსენებული ტელევიზიები, განსაკუთრებულად პენსიონრებზე, ანუ მოსახლეობის იმ ნაწილზე მოქმედებს, რომელმაც "ქართული ოცნების" ხმის მიცემით, ხმა მისცა თავის უკანასკნელ ოცნებასაც, - ისეთივე ღირსეული პენსია მიეღო, რა ღირსებითაც საკუთარ ქვეყანას ემსახურა და ამით სიცოცხლის დარჩენილი წლები მშვიდად გაატაროს.

- ნენა, აი, ტელევიზიები კი გვეუბებიან, რასაც ივანიშვილი დაგპირდათ, სულ ტყუილია, მაგას ბიუჯეტი რომ არ ექნება, პენსიას რაფერ მოგიმატებთო, მარა მე მაინც არ მჯერა! შენ რაფერ იტყვი, მართლა ხომ არ გვატყვილებს აი კაცი, ხომ მივიღებ მომავალი თვიდან 230 ლარ პენსიას?! - მეკითხება იზოლდა ცენტერაძე და გულმოდგინედ მისმენს.

რასაკვირველია, ამაზე უარყოფითი პასუხი მაქვს, - როგორ შეიძლება ახლადმოსულმა მთავრობამ ყველაფერი და მათ შორის, პენსიებიც ერთ თვეში მოაწესრიგოს! ამით იმედს ვუცრუებ იზოლდა ცენტერაძესა და იმ მრავალ ადამიანს, ყოველ საღამოს ტელევიზორებს გაფაციცებით რომ უყურებენ და მერე ოჯახის წევრებთან ისეთ დავა-კამათს მართავენ, რომ ბოლოს რომელიღაცა "კაპლით" მოსაბრუნებელი ხდება.

- ოჯახში ყველამ "ქართული ოცნება" ავირჩიეთ, ჩემი ქმრის გარდა. გაიძახოდა, - ბრმები ხართ, ვერ ხვდებით, პოლიტიკურ კურსს რომ შეგვაცვლევინებენ და რაც მოვიპოვეთ, ყველაფერს დავკარგავთო. ჩვენდა ჭირად, ახლა ტელევიზიებიც აცხადებენ, - "ქართულ ოცნებას" აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტურ მხარედ აღიარება აქვს გადაწყვეტილიო. ეს ჩემი ქმარიც სულ გაგიჟდა, - აი, რას გეუბნეოდით, ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას ვაღიარებთ და სამუდამოდ დავკარგავთო. გამაგებინეთ, მართლა დავიღუპეთ?! - შეშფოთებით მეკითხება ნათია გირკელიძე და არც ამაზე მაქვს პასუხი, გარდა იმისა, რომ როცა ერთი მხარე ხალხს ისეთ ინფორმაციას აწვდის, რომელმაც შეიძლება მოსახლეობა დეპრესიაში ჩააგდოს, მეორე მხარემ დაუყოვნებლივ უნდა მონახოს საშუალებები ამის აღსაკვეთად.

ამასობაში ისე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, გურიაშიც, შვებულებიდან დაბრუნებული გამგებლები გამგეობის თანამშრომლებთან თათბირებს ატარებენ. ადგილობრივებს ეჩვენებათ, რომ საკითხებს, რომლებიც ამ თათბირებზე განიხილება, ადგილობრივი ხელისუფლება საკმაოდ ბუნდოვნად განმარტავს. სინამდვილეში კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს თათბირები რეგიონში ნაციონალური მოძრაობის პოზიციების გამყარებას ემსახურება. როგორც "გურია ნიუსის" კორესპონდენტმა გიორგი გირკელიძემ მითხრა, ასეთივე თათბირი გამართა ოზურგეთის გამგებელმა ილია ვაშაყმაძემაც.

- გიორგი, რატომ გეჩვენებათ, რომ ამ თათბირების შესახებ გამგებლები ბუნდოვან განმარტებებს იძლევიან?

- დასახელებული საკთხების აბსურდულობის გამო. მაგალითად, ოზურგეთის გამგეობაში თათბირის შემდეგ განგვიცხადეს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე თათბირობდნენ. აბსურდია, აბა, რა არის, - სოფლის პროგრამა აქამდე არავის გახსენებია. სრულიად წარმოუდგენელია, ის წელიწადის იმ დროს გახსენებოდა ვინმეს, როცა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სეზონისთვის მზადებაც არ დაწყებულა. იგივე ხდება ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ხალხი ფიქრობს, რომ საკრებულოებთან ერთად პრეზიდენტი ძველ გამგებლებსაც ადგილზე ტოვებს და ამით პოზიციებს იძლიერებს.

- მომავალი მთავრობის წარმომადგენლებიც ასე ფიქრობენ?

- "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი მოწესრიგდება, მაგრამ ხალხს ეშინია, ვიდრე ყველაფერი რეალურად არ შეიცვლება.

... ვუსმენ გიორგი გირკელიძეს და მეც სხვებივით განვიცდი... თუმცა ვიცი, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და ამ ხალხის ნერვიულობასა და გაურკვევლობასაც დაესმება წერტილი. მთავარია, იმ გზამ მოგვცეს ის რეალური ნაყოფი, რომელსაც ერის უმრავლესობა თავისი არჩევანით დაადგა. ეს გზა კი ახლა ისე მოშიშვლებულია, როგორც ოზურგეთის ცენტრალური ოდესღაც ჭადრებით დაბურული "1905" წლის ქუჩა და რომელზეც ჭადრები ბოლო წლებში სრულიად უმიზეზოდ გაიჩეხა. იმედია, ამ ქუჩაზე კვლავაც დაირგვება ჭადრები და ერის ახლად არჩეული გზაც "მწვანით" მოსილი იქნება, რათა ამჯერად მაინც ვისუნთქოთ ლაღად და თავისუფლად.

(სპეციალურად საიტისთვის)