"ბახვი-3" - კვირის პალიტრა

"ბახვი-3"

პრეზიდენტის ინიციატივას საქართველოში 17 ჰესის აშენების შესახებ საზოგადოება და ექსპერტები უარყოფითად შეხვდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, პროექტის ინიციატორი ამას არ შეუფერხებია და ჰესების მშენებლობაც დაჩქარებული ტემპით დაიწყო. მათგან ერთ-ერთი პირველი ოზურგეთის სოფელ მთისპირში, უკანავას თემში, მდინარე ბახვზე წამოწყებული "ბახვი 3-ის" მშენებლობა იყო, რომელიც როგორც იტყვიან, "ცუდ ფეხზე" დაიწყო.

ჰესის მშენებლობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2009 წელს გააფორმა კონტრაქტი კერძო, გასაიდუმლოებულ კომპანიასთან. ყოველ შემთხვევაში სამინისტროს ამ კომპანიის შესახებ მონაცემები არსად გამოუქვეყნებია. თუმცა სოფელ მთისპირის მოსახლეობას მშვენივრად ახსოვს, რომ მშენებლობისათვის გარემოს შესათვალიერებლად სოფელში ჯერ ესტონელები გამოჩნდნენ, მერე ყაზახები. მაგრამ ორივემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ "ქუდი დაიხურა" და იქაურობა მიატოვა - სოფელში ბეტონიტური თიხის, ანუ იგივე ასკანიტის საბადოა. ეს რბილი თიხა კი მეწყერის წარმოსაქმნელად "საუკეთესო საშუალებაა", რასაც აქაური მოსახლეობა უკვე ათეული წელია საკუთარ თავზე იწვნევს. მას შემდეგ სოფელში ბეტონიტური თიხის მოპოვება და გატანა დაიწყო, მთისპირში მიწა განუწყვეტლივ "მოძრაობს", რაც საცხოვრებელი სახლების ნგრევას და მოსახლეობის აყრას იწვევს. თუმცა, ესტონელებისა და ყაზახების მსგავსად ჰესის აშენებაზე უარი არ უთქვამს თურქულ კომპანია კგმ-ს. კომპანიის გადაწყვეტილებით, მდინარე ბახვზე ჰესის ხუთი კასკადის მშენებლობა დაპროექტდა, რომლებიც დაახლოებით 7-8 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

მშენებლობის დაწყებას კვლავ ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკოლოგიური ექსპერტების აღშფოთება მოჰყვა. ეს უკანასკნელნი წერდნენ, რომ ჰესების მშენებლობით საქართველო ფიზიკურ და სულიერ სხეულს დაკარგავს, მოიმატებს ტენიანობა, გაიზრდება მიწისძვრების, ღვარცოფებისა და მეწყერების საშიშროება, სანაცვლოდ კი საქართველო და მათ შორის გურია, განადგურებული ბუნების გარდა არაფერს მიიღებს, ეს ჰესები მხოლოდ თურქულ კომპანიას გამოადგება, რომელსაც ისინი მუდმივ სარგებლობაში აქვს გადაცემული და თურქეთში გაიაფებული ელექტროენერგიის გაყიდვით მოგებასაც მიიღებს. თურქულმა კომპანიამ ჰესის მშენებლობა ფასდაუდებელი მწვანე საფარის გაკაფვით დაიწყო, შემდეგ სამანქანე დანადგარების კორპუსის ასაგებად უკანავაში მთა გადაჭრა და შიგ კორპუსი შედგა.

პარალელურად იმატა სოფელ მთისპირში შემოდინებულმა თურქმა მუშახელმაც (თურქები მოსახლეობისაგან დღე-ღამეში 2 ლარად ქირაობენ ბინას, მშენებლობაზე დასაქმებულ ადგილობრივებს კი დღეში 7 ლარად ამუშავებენ). მოიმატა თურქული კომპანიის ტექნიკის რაოდენობამაც. საპასუხოდ, კატასტროფულად დაზიანდა ისედაც დაზიანებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და სოფელ მთისპირის შემაერთებელი გზა და ხიდი.

მთავარი უბედურება კი ექსპერტებისაგან ნაწინასწარმეტყველები მეწყერი გახდა, რომელიც სოფელ უკანავაში 30 სექტემბერს ჩამოწვა და სრულიად გაანადგურა სამანქანე დანადგარების კორპუსი. როგორც "გურიანიუსის" კორესპონდენტი გიორგი გირკელიძე ამბობს, უკანავაში შემაძრწუნებელი სურათი დახვდა, - ჰესის სამანქანე კორპუსის უკან აღმართული მთა მოწყდა, კორპუსს დაეჯახა და ნანგრევებად აქცია. საბედნიეროდ, ამ ყველაფერს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აპირებს თუ არა თურქული კომპანია მშენებლობის გაგრძელებას, ჯერჯერობით უცნობია, ზარალი კი როგორც ექსპერტები ამბობენ, დაახლოებით 2000000 ლარია. ჩვენი აზრით, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კომპანია ჰესის მშენებლობის პერსპექტივაზე დაფიქრდეს.

ეკოლოგიის ქსპერტი ოთარ ტყემალაძე: "ეს პროექტი იმდენ შეუსაბამობას შეიცავს, რომ მისი მშენებლობის დასრულება დანაშაულად მიმაჩნია. საქმე ის არის, რომ ეს დაახლოებით 20-მილიონიანი პროექტია. ყოფილმა ხელისუფლებამ კი ოღონდ თანხა აეღო და მშენებლობა დაეწყო, სრული იგნორირება გაუკეთა ჰესის გარემოზე ზემოქმედების პროექტს (არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში). წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროექტის ამოქმედება როგორ შეიძლებოდა! უპირველესად ადგილზე ბურღი უნდა დაეკრათ და ადგილობრივი ქანები გეოლოგიურად უნდა შეესწავლათ. ცხადია, ამაზე არავინ დაფიქრებულა, თორემ ჭკუათმყოფელი იქ ჰესის მშენებლობას როგორ დაიწყებდა. გარდა ამისა, ამ ისედაც ტენიან ადგილებში ტყეების ჭრამ მიწის დამაგრება სრულად შეუძლებელი გახადა, რის შედეგადაც უკვე პირველი ძლიერი მეწყერი წარმოიქმნა. მთავარი უბედურება კი ის არის, რომ ბახვიჰესის სათავე აუზის დაგუბება კურორტ ბახმაროს მთებში იგეგმება, რაც სრულიად შეცვლის არა მხოლოდ ამ კურორტის, არამედ გურიის კლიმატს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ბახვიჰესის საქმე აუცილებლად პროკურატურას უნდა გადაეცეს!"

(სპეციალურად საიტისთვის)