"რაც კარგია, იმას წყალს მარტო გიჟი ატანს" - კვირის პალიტრა

"რაც კარგია, იმას წყალს მარტო გიჟი ატანს"

"ბრმა ვარ და მე რატო უნდა ვასწავლო ჭკუაი პრეზიდენტს"

"გარედან შემოტანილ პურსა ვჭამთ და როცა მაეპრიანებათ, მაშინ გამოგვგლეჯენ პირიდანა - გაძვირდა,

მეტი უნდა გადაიხადოთო"

"ჰგონიათ, რომ კნეინასავით თუ შამინახავენ, უფრო ვიცოცხლებ"

ჩვენ ბევრს მოვითხოვთ ცხოვრებისაგან, ვკამათობთ მის მოწყობაზე, ვედავებით ახალგაზრდობას, - წინაპრებივით კარგები არ ხართო. ზოგჯერ მეც ასე ვფიქრობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოხუცებს ვხვდები. - ერთხელ იტყვიან და ისე იტყვიან, რომ შეიძლება ბევრად მეტი ისწავლო, ვიდრე მთელი განვლილი ცხოვრებისაგან. ზემო კაჭრეთში,  ას წელს მიტანებულ უსინათლო ბაბოს (კატო ორველაშვილს) შევხვდი და გამაოგნა - ყველაფერს თვალხილულზე უკეთ ხედავს.

კატო ბაბოს ახლაც ბევრს ედავება ცხოვრება, მაგრამ მორევაზე რა მოგახსენოთ - საწოლის  ქვეშ საკუთარი ხელით გამოსაშრობად შემოზიდული შეშა შეუწყვია და რადიოს გაფაციცებით უსმენს. როგორც კი ჩემი ფეხის ხმა გაიგო, მაშინვე შემომჩივლა, - სადღაცა ტელეფონი მიდგა, შვილო, ნომრების აკრეფაი არ ვიცი, თორემ ხო დავრეკავდი რადიოში, ჩემს ოჯახის წევრებ, კიდევა, ვეხვეწები და არ მარეკინებენ, - ეგა უჩვენოდაც კოხტად ლაპარაკობსო. ამასობაში კატო ბებოს ქალიშვილმაც მანიშნა, - ახლა რადიოზე ლაპარაკი არ დააწყებინოთ, თორემა ცუდად იქნება ჩვენი საქმეო და მიწით მოსვრილი ხელები გაიფერთხა, - ბოდიშს გიხდით, რო ასეთი ხელებით დაგხვდით, მაგრამ სოფელში  ტრაქტორი  გაფუჭდა, ჰოდა, ვდგავართ და სიმინდის ძირებს მიწიდან ხელებით ვიღებთ, რომ დაბარვისას ფეხზე არ წამოგვედოსო. ამის გაგონებაზე კი კატო ბებო ავიშვიშდა - დედაი მოუკვდეს. მე რომ არ დავბრმავებულიყავ, ხო წავეშველებოდი, ვეხვეწები, - ბარის პირთან დამაყენე, რო დავბარო-მეთქი, მაგრამ - არა, ან წინ გადავარდები, ან უკან, სირცხვილია, სოფელს როგო შევხედო თვალებშიო. უსაქმური ჩემ დღეში არა ვყოფილვარ. არ წამიყვანენ საბარავადა?

თავად დავიჭერ ჯოხსა და თუ მივაგენი ბარსა, ძალიანაც კარგად დავბარავ და მერე მიყურონ, საით გადავვარდები! სიმინდის მოწევაზეც ხო ეგრე იყო. ვუთხარი, მაიტა ეგ სიმინდი, უნდა ვფხვნა-მეთქი. ჯერ არ შეიძლება, ნედლიაო. მეც დავიჭირე ჯოხი, წავედი ყანაში, ტარო მოვტეხე და მაინც დავფხვენი. შეშაც ეგრე არ დავაწყვე?! შვილიშვილსაც პირი ჰქონდა აბმული - ადრეა, ბაბო, ამ შეშის დალაგება, იყოს ასე დაყრილი, მერე დროს ვიშოვით და თავად დავალაგებთო. არ დავიშალე. მერე ხო მითხრეს - ეს რა გიქნია, ბაბო, ეგრე კოხტად როგო დაგიწყვიაო! ეჰ, შვილო, ახალგაზრდობაშიც ეგრე ვიყავ, ქალები რო გავსხლავდით ვენახსა, გაფანტულად კი არ გადავყრიდი წალამსა, რაც არ უნდა დაღლილი ვყოფილიყავ, წალამი მაინც კოხტად უნდა დამელაგებინა. ჩემ შვილიშვილებს კიდევ ჰგონიათ, რომ კნეინასავით თუ შამინახავენ, უფრო ვიცოცხლებ. არადა, უსაქმურობასავით არაფერი აფუჭებს ადამიანსაც და წუთისოფელსაც. ხო შავი ბედი მქონდა, მაინც მადლობელი გავხდი წუთისოფლისა, რომ ჯანმრთელი ვიყავ და ჩემი შრომით მარჩენინებდა თავსა. 16 წლიდან ქვრივი ვიყავ. ჩემს შავ ბედს რომ ჩემი ქალიშვილის შავი ბედიც დაეტანა, 32 წლისა დამიქვრივდა, მაგრამ ერთხელ ჩემი ობოლი შვილიშვილებითვინ  რომ ეთქვათ სკოლაში, - დახმარებაი უნდა მოგცეთო, დავიხოცენით ტირილითა, - დახმარება რასა ჰქვიან, მაშ, ჩვენ ეგრე წყალწაღებულები ვართ, რომ გგონიათ ბალღებს შიმშილით ვხოცავთო!

- ამაყი ყოფილხართ.

- ეგ რა სიამაყეა, საღ-სალამათი კაცი სამათხოვროდ ხელს რომ გაიწვდის, ის ხელი უნდა დასძვრეს. მე ვინ დამაჯერებს, რო საკუთარი შრომით პურს ვერ იშოვი. ქმარი ხო 16 წლისას გამოგლიჯა ომმა, ზედაც 7 კვირის ბალღი შემატოვა საპატრონოდა, მაგრამ ერთხელაც ხელი არავისკენ გამიწვდია. მეხვეწებოდა ჩემი ძმა, - ადექ, დაო და, მაგ ბალღითა შინ დაბრუნდი, მე დეგეხმარებიო. ვერ ვიზამ მაგ საქმეს-მეთქი, ვერც დედამთილ დავტოვებ მარტოს და ვერც შენ დაგაწვები კისერზე სარჩენად, დასანიშნი ხარ, ცოლს რომ მაიყვან, ოჯახის შენახვაც გეყოფა-მეთქი. გათხოვების თქმას ვინ შემომკადრებდა - თქმა რო ვეღარ გაებედნა, ჩემ დას ქმარი გამოეგზავნა, - კატოს უთხარი გათხოვდესო. ვუყურე, ვუყურე და, -  მაგას რად მეუბნები, შენთან რომ მოვდივარ ერთ ნატეხ ჭადს რომ ვჭამ? აწი იმასაც აღარ შავჭამ-მეთქი! შევუძახე ჩემს სიძესა. გაგიჟდა კაცი, - ეს რა ვუთხარი, ნეტავ, აქ მოსვლამდე ფეხი მომტეხოდაო.

დედამთილი ისე მიყვარდა, სამივეს ერთად გვეძინა ტახტზედა, - მე, ჩემს შვილსა და იმას. მე სამუშაოდ დავდიოდი, ჩემი შვილი იმას ეძახდა დედასა. ვის წაუგია სიყვარულითა, მე რო წამეგო - ღმერთმა შვილთაშვილებს მომასწრო. თანაც როგორებსა - ზედ დამკანკალებენ. ერთიც ახლა გაგვითხოვდა და ე ბრმა არ ამაბლაცუნა და არ წამიყვანა სიძის სახლშია - შენაც ნახე, ბაბო, როგორ ოჯახში მოვხვდიო. ეგრე დაფასდა ჩემი ამაგი. ხო ქალი ვიყავ, მაგრამა მე და ჩემ ქმარს რო ერთი ოთახი გვედგა და იმაზედ ჩემი შრომითა სასახლე დავადგი, შიგაც შვილიშვილებს ისეთი ქორწილი გავუმართე, სოფელი დაგვნატროდა. მზითვიც ისეთი გავატანე, მანქანები იზნიქებოდა სიმძიმითა.

- მარტო ქალმა ამდენი შეძელით?

- სხვა რით ვერ შეძლებს?  რო გავიფიქრებდი, შრომაში იმდენს მომცემენ, შვილი გავზარდო-მეთქი, ძალას ვიათკეცებდი. იმ ძველ დროს ვინც აგინებს, ისე მოსდის, ბალღს რო ნაბან წყალს გადააყოლებენ. რაც კარგია, იმას წყალს მარტო გიჟი ატანს. შრომაში რომ იმდენს მოგცემენ, ოჯახი ფეხზე დააყენო, რით არის ცუდი? მაშინ აძლევდნენ. იმიტომაც ვზრდიდით. აი, მე ერთი გავზარდე, ჩემმა მულმა კიდევ - ხუთი. მის ქმარს სტალინი გეელანძღა და ეგრე კი არ იყო ახლა პირში რო ლანძღავენ ხელმწიფესა, დაავლეს ხელი და ხუთი შვილი ობლად დაუყარეს.

- ესე იგი, "ხელმწიფის" პირში გალანძღვა არ მოგწონთ!

- სადაც ხელმწიფეს ენას წააჩვევენ, იმ სახელმწიფოს საქმე კარგად ვერ არის. ენის წაჩვევა კიდევა, საკუთარი თავის ფასის დაკარგვამ იცის. ვინ ექაჩებოდა ამ ჩვენს დალოცვილ ხელმწიფესა ენაზედ, რო ტყუილებს გვეუბნებოდა, - არიქა და სოფლებს ტრაქტორები, გზები და წყალი მივეცითო. ერთხელ ამოსულიყო ჩვენი სოფლის წყლის სათავეზედ და ენახა, ნეხვიანი პირუტყვი შიგ როგო ჭყუმპალაობს და მერე თუ იმ წყალს  დალევდა, ხო თავადაც დაინახავდა! რაღა დროს სასმელი წყლის მანქანებით ტარებაა. ბრმა ვარ და მე რატო უნდა ვასწავლო ჭკუაი. მაგას რო ხელი შეეწყო სოფლითვინა, ხალხი ასე პური ჭამას ნატრულები აღარ ეყოლებოდა. მე ვხვდები ამდენსა და ეგ რათ ვერ მიხვდა, რამ შაუკრა ყური და თვალი?

- მაგიტომ გინდოდათ რადიოში დარეკვა, რომ ეგ გეთქვათ?

- ეგაც და სხვა რამეც. რად უნდა ეძებდეს ჩემი შვილიშვილი ამდენი ხანი სამუშაოსა და რათ უნდა იყოს ჯიბეგაფხეკილი, როცა ჩვენითა ჩვენ მიწაზედ შეიძლება სემიჩკაც მაიყვანოთ, ქერიც, სიმინდიც და ხორბალიცა? არ მოგვყავდა, რო? კოლექტივი რო დაიშალა, იმ წელიწადს ჩვენ სოფელში ოჯახებსა 5-5 ტონა ხორბალი დაურიგეს. ორი წელიწადი თავს ხო გვდიოდა და ზოგიერთმა მესამე წელიწადსაც შეინახა. ახლა ვითომ ჯანდაბა და დოზანა ეტაკება ჩვენ ხალხსა, რო ხელები შეეკრას და აღარ სთესონ? ჩემი აზრითა კიდევ, ჩვენი ჯანდაბა ის არის, რო გარედან შემოტანილ პურსა ვჭამთ და როცა მაეპრიანებათ, მაშინ გამოგვგლეჯენ - გაძვირდა, მეტი უნდა გადაიხადოთო. კაცს რო პური სავსედ აქვს, ამ პამპულაობას ვინღა გაუბედავს! მეც ეგ მინდა, პური სავსედ ჰქონდეს ხალხსა, რომ მომავალში არც ჩემი შვილი და შვილიშვილი პამპულაობდეს, არც თქვენი და არც მთავრობისა - ჩვენ სუყველანი ერთი მიწის შვილები ვართ და ამიტომაც.