აფხაზურ ციტრუსზე რუსულ წნეხი იწყება - კვირის პალიტრა

აფხაზურ ციტრუსზე რუსულ წნეხი იწყება

რუსეთი ე.წ. დამოუკიდებელ აფხაზეთს ეკონომიკურ აკრძალვებს უწესებს, -  ციტრუსის ერთ ადამიანს საზღვარზე მხოლოდ 50 კილოგრამამდე ციტრუსის გადატანის უფლება ექნება.

კრასნოდარის მხარეში ოკუპირებული აფხაზეთიდან ციტრუსების შეტანა შეზღუდეს - სოჭის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, აკრძალვა უკვე ძალაშია. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების თქმით, საბაჟო სამსახურში გააფრთხილეს, რომ ამიერიდან ერთ ადამიანს მხოლოდ 50 კილოგრამი ციტრუსის გადატანის უფლება ექნება და ვინც მეტი რაოდენობის გადატანას მოინდომებს, საბაჟო მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. ამასთან ერთად, სავალდებულო იქნება  ფიტოსანიტარული სერტიფიკატისა და საქონლის უვნებლობის დეკლარაციის წარმოდგენა.

ჩვენ დავუკავშირდით კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებს, რომლებიც ციტრუსის  რეალიზაციისთვის ემზადებიან და იქაურ ვითარებაზე ვკითხეთ.

ჟანა ბერიძე, გალის რაიონის მკვიდრი:

- თუ რუსეთში 50 კილოგრამზე მეტი ციტრუსის შეტანა გადავწყვიტეთ, ამისთვის სპეციალური დოკუმენტი გვჭირდება, რომლის მისაღებადაც კერძო მეწარმედ, ან იურიდიულ პირებად დარეგისტრირებაა საჭირო. ბიუროკრატიულ პროცედურებს რომ თავი დავანებოთ, ამის გაკეთება ჩვენთვის, ქართველებისთვის საკმაოდ ძვირი ჯდება. დარეგისტრირებასა და შემდგომში ადრინდელი რაოდენობით (ადრე 500 კილოგრამიდან 1 ტონამდე რაოდენობის ციტრუსი მიგვქონდა და იქაურ გადამყიდველებს ერთდროულად ვაბარებდით) გასაყიდად წაღებას აფხაზი თუ გარისკავს, რომელსაც ჩვენ მოსავალი მიზერულ ფასში უნდა ჩავაბაროთ. ამასთან რისკი დიდია, - არავინ იცის, იქ რუსეთში ამ "ოფიციალურ ბიზნესმენს" რა ფასად მოუწევს ციტრუსის ჩაბარება, რადგან ფასს ბაზარი არეგულირებს და ის ჩვენ მას შემდეგ გვიხდის თანხას, რაც საქონელს საზღვარს მიღმა დააბინავებს. ამიტომ ჩვენამდე საბოლოოდ რა თანხა მოაღწევს, არავინ იცის.

და კიდევ, იქ ყველა ერთმანეთს იცნობს, მაგრამ მაინც სულაც არ არის გამორიცხული, რომ კერძო მეწარმემ თქვას, გზაში რაღაც რაოდენობით ციტრუსი გამიფუჭდა და გადაყრა მომიწიაო. მის ინტერესებშიც შედის პროდუქტი კარგ ფასად გაყიდოს, მაგრამ თავს მაინც არ მოიკლავს, ნიორიდან ქერქი რომ მოგიგდოს მაინც მადლობელი უნდა ვიყოთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს.

- ზუგდიდის ბაზარი თქვენთვის მიუწვდომელია?

- დიახ, "კანონის" თანახმად, შემოვლით გზებზეც კი, მკაცრი კონტროლი ხორციელდება. დამრღვევებს ფულადი ჯარიმის გადახდა უწევთ და ჩამორთმეულ საქონელს "სახელმწიფოს" გადასცემენ. ბევრად უფრო მძიმე ვითარებაა, თუ აფხაზებს ჩაუვარდი ხელში, რუსები შედარებით ნეიტრალურები არიან.

ზურაბ ჯამდელიანი:

- ერთხელ უკვე ვიყავი ამ სეზონზე. გამოცდილებმა მითხრეს,  სოჭში არის დიდი ბაზარი, რომელსაც "კაზაჩიი რინოკს" ეძახიან და იქ დილით, ხილის ბაზრის გახსნისთანავე თუ მიაღწიე, ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა: საპასპორტო და საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ, ფსოუს სასაზღვროNპუნქტიდან ადლერამდე ტაქსით მგზავრობა 250 რუბლი დამიჯდა, იქიდან კი, შუადღისთვის როგორღაც ჩავაღწიე ბაზრამდე...…კიდევ კარგი, ცოტა რაოდენობის ციტრუსი მქონდა წაღებული, მაგრამ მის გაყიდვას დღის ბოლომდე მოვუნდი. ამ ნახევრადდევნილობის წლებში დამცირების მეტი რა მინახავს, მაგრამ ის დღე მაინც ძალიან მძიმედ მახსოვს.…სახლში უკაპიკოდ დავბუნდი. გაყიდული 50 კილო ციტრუსში აღებული თანხა კი, გზის ფულად არ მეყო.

მევლუდ კვარაცხელია, ჭუბურხინჯის მკვიდრი:

- გალის კომისარიატის უფროსის მოადგილე - კირთაძე, ხარკის სახით, ერთი ოჯახისგან 30 კილოგრამ თხილსა და გარკვეული ოდენობის თანხას ითხოვდა... თუმცა, ანქვაბის მოსვლის შემდეგ, ვითარება შედარებით გამოსწორდა. უფრო მშვიდად ვცხოვრობთ. ძველებურად სახლებში აღარ გვივარდებიან...…მაგრამ სხვანაირი ტერორი მიდის: მუქარითა და დაშინებით გვაიძულეს და ამ სეზონზე თხილი 2,50, მაქსიმუმ 3 ლარად ჩაგვაბარებინეს.Aარადა, ზუგდიდში, 3,80 თეთრი იყო. ახლა ციტრუსის სეზონი იწყება. საკმაოდ კარგად ასხია მანდარინს, მაგრამ  დაკრეფის მეშინია, სად წავიღო, აფხაზებს მივცე კაპიკებში? ქართული ვალუტით 40-50 თეთრს იხდიან და ამის გამო უბრალოდ წვალება არ მიღირს.

- შარშან რა ღირდა?

- შარშან აფხაზები სახლებში მოვიდნენ და მანდარინი 12 რუბლად (დაახლოებით 40-45 ცენტი) ჩაიბარეს. არც ის არის დიდი ბედენა, მაგრამ ასეთი მკაცრი კონტროლი არ ყოფილა, ჩუმად გვქონდა გადანახული და ზუგდიდის ბაზარში გადმოტანა მოვახერხეთ.

ამ დღეში ვართ მხოლოდ გალელები კი არა, მთელი აფხაზეთის მოსახლეობა. წინა წლებში ზუგდიდის ბაზარში აფხაზებსაც გამოქჰონდათ ციტრუსი, ახლა ეს თითქმის წარმოუდგენელია, რადგან რუსი სამხედროები ყოველ მეორე სოფელში აშენებენ სამხედრო ბაზას. მხოლოდ გალის რაიონში ამ დროისთვის შვიდი სამხედრო ბაზაა აშენებული. გამალებული მუშაობა მიმდინარეობს სოფელ ჭუბურხინჯშიც, სადაც სამშენებლო სამუშაოებს ჩეჩნები ახორციელებენ, რომლებსაც მიმდებარე ტერიტორიების კონტროლიც ევალებათ. მიმდინარეობს რუსი სამხედროებისთვის საერთო საცხოვრებელი სახლების აგება, მათი შვილებისთვის გახსნილია რუსული ბაგა-ბაღიც, სადაც ვიცი, რომ ადგილობრივებსაც მოუწევთ შვილების მიყვანა.

როგორც დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის, დავით ირადიანის წარმომადგენელი გალის რაიონში, სპეციალური პროექტ "გალის ბაზრის შემსწავლელი კომისიის" ხელმძღვანელი, ერთ-ერთ აფხაზურ გამოცემასთან აცხადებს, რომ აფხაზეთიდან სოფლის პროდუქტების "კაზაჩიი რინოკში" გადაქაჩვა ხანგრძლივი პროცესია, რომელმაც ე.წ. აფხაზურ ეკონომიკას განვითარების ცივილური ფორმები უნდა შესძინოს: "აფხაზეთიდან სხვადასხვა გზებითა და საშუალებებით რუსულ ბაზარზე გატანილი პროდუქცია არასანიტარულ პირობებში ინახება და იყიდება, რაც ხშირად მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის საშიშია. არადა, შესაძლებელია, ყველაფერი უფრო ცივილიზებული ფორმით მოხდეს. თუ ბიზნესმენი ან იურიდიული პირი აფხაზეთიდან წაღებულ ციტრუსს რუსულ ბაზარში ამ ფორმით წარმოადგნეს, შესაძლოა, მისი რეალიზაცია გაიზარდოს" - ამ სიტყვების მიუხედავად, ცხადია, სეპარატისტულ ადმინისტრაციას ახალი აკრზალვით "ბიზნესმენებისთვის" ხელშეწყობა კი არა, ენგურის გაღმა-გამოღმა ნაპირებს შორის შერჩენილი სუსტი ეკონომიკური კავშირების საბოლოოდ მოსპობა, გალის ქართული მოსახლეობის გაღატაკება და აფხაზეთიდან მათი "ნებაყოფლობით" გამოსახლება უნდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)