ვის ინტერესებში შედიოდა ნიგვზიანში ვითარების დაძაბვა - კვირის პალიტრა

ვის ინტერესებში შედიოდა ნიგვზიანში ვითარების დაძაბვა

ლანჩხუთის რაიონის სოფელი ნიგვზიანში მომხდარი ინციდენტი ამუწურულია, თუმცა ადგილობრივების თქმით, დაპისპირების საფრთხე ისევ არსებობს. 1500-ზე მეტი კომლის, ანუ მოსახლეობის უმრავლესობისთვის, აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების მიერ კერძო სახლში სამლოცველოს გახსნა მიუღებელია და აცხადებენ, რომ მეჩეთის მშენებლობის უფლება არ უნდა გაიცეს.

მათი თქმით, აჭარიდან გურიაში საცხოვრებლად ჩასული არჩილ კახაძის სახლში მუსლიმანი მლოცველები პარასკეობით იკრიბებიან და ერთი შეხედვით, ხელს არავის უშლიან, მაგრამ სინამდვილეში კახაძის ოჯახს თურქი ბიზნესმენი აფინანსებს და თუ ადრე მუსლიმანები სალოცავად ქობულეთში დადიოდნენ, ბოლო დროს სოფელში მოიწყვეს სამლოცველო.

ანზორი, 53 წლის, ნიგვზიანის მკვიდრი:

- უამრავი ჩემი თანასოფლელი წავიდა თურქეთში სამუშაოდ, მათ შორის ჩემი ძმიშვილიც. სწორედ მათგან ვიცი, ქართველებს ჯვრები მოხსნეს და გააფრთხილეს, სანამ აქ ხართ, ჯვრის ტარება არ შეგიძლიათ, თორემ სამსახურს დატოვებთო. კი ბატონო, ვიცი, რომ თურქეთი ახლა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ ეს მეგობრობა ცალმხრივია?.. ჩვენებს იქ ჯვრის ტარებას უშლიან და საქართველოში კი მეჩეთებს აშენებენ, თან გვეუბნებიან, ჩვენც ადგილობრივები ვართო.Mლოცვას მათ არავინ უკრძალავს, კი ბატონო, ილოცონ თავიანთ სახლებში და რიტუალებიც შეასრულონ, ოღონდ ამას ჯგუფურად ნუ გააკეთებენ, ეს საქართველოა, მართლმადიდებელი ქვეყანა და ამით ჩვენს უფლებებს არღვევენ.

ვიცნობ ამ ხალხს და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ როგორც კი ეს ყველაფერი მიჩუმათდება, ისევ გააქტიურდებიან. ოღონდ იქამდე იმდენს იზამენ, რამდენიმე არასამთავრობოს მხარდაჭერას მოიპოვებენ.

შორენა ღლონტი, ჟურნალისტი, გურიის მკვიდრი:

- იმ დღეს მართლმადიდებელი მრევლი უფრო აგრესიული იყო, ვიდრე მუსლიმანები. ორივე მხარეს ვესაუბრე, მართლმადიდებლები ამბობდნენ, რომ აჭარლები მეჩეთის აგებას აპირებდნენ, რასაც უარობდნენ მუსლიმანები. მათი თქმით, აქვთ სამლოცველო, სადაც კვირაში ერთხელ, პარასკეობით 150-მდე ადამიანი იკრიბება და 15 წუთის განმავლობაში ლოცულობს. ადრე, რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ტრანსპორტირებას ადგილობრივი სასულიერო პირები აფინანსებდნენ და ისინი თავიანთ სამლოცველოში მიჰყვადათ. ახლა ამაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ მათ საქართველოს კონსტიტუცია აძლევს უფლებას, რომ აქაურ მიწაზე ილოცონ და ამით კანონი არ ირღვევა. როგორც აღნიშნეს, არც მინარეთის აშენებას გეგმავენ და არც მეჩეთის... სინოდმა ურჩია მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდონ და ამჟამად სიმშვიდეა.

მერი ბერიტაშვილი, ლანჩხუთის რაიონის მკვიდრი:

- საკამათო არავისთან არაფერი გვაქვს. მართლმადიდებლები გვეუბნებიან, თქვენი გააქტიურება ჩვენი ახალგაზრდებისთვის საშიშია. ეს არასერიოზული არგუმენტია, მით უმეტეს მართლმადიდებელ სახელმწიფოში. რატომ უნდა დაირღვეს მათი უფლებები, თუ ადამიანები მხოლოდ კვირაში ერთხელ შევიკრიბებით და ერთად აღვავლენთ ლოცვას იმ შენობაში, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის. მას მეჩეთისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკაც კი არ აქვს. მიმაჩნია, რომ ეს ვიღაცის მიერ პროვოცირებული გამოსვლა იყო, რომელსაც სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აყვა. ჩვენ მზად ვართ, ძველებურად კარგი უერთიერთობა გვქონდეს მოძმე ქართველებთან და ასეც იქნება.

ჯემალ პაქსაძე, მუსლიმანთა მუფთი:

- თქვენს სახლში ილოცეთო, გვითხრეს. არადა, წლების განმავლობაში ჩვენ გვერდიგვერდ ვცხოვრობდით. ისე მოგვმართავდნენ, როგორც უცხო ტომელებს.

ადგილობრივი მუსლიმების მტკიცებით, მათი უფლებები იზღუდება, რადგან ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. მსგავსი ინციდენტი არასდროს მომხდარა და გაოცებული ვარ, ახლა რატომ გახდნენ ასეთი აგრესიულები... კიდევ კარგი, ყველაფერი მოგვარდა და გადაწყდა, რომ სოფელ ნიგვზიანში სამლოცველო ისევე დარჩება, როგორც ადრე იყო და მუსლიმანი თემი თავის სალოცავში ილოცებს, ქრისტიანები კი საკუთარ სალოცავში. გულითა და სულით ვლოცავ მთელი საქართველოს ქრისტიანებსა და მუსლიმანებს, მშვიდობას ვუსურვებ.

არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც, ინციდენტი წინა ხელისუფლების მიერ იყო პროვიცირებული და სინამდვილეში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება არც მომხდარა.

მურმან დუმბაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

- ეს დაპირისპირება ხელოვნურად იყო შექმნილი. ვიღაცას აწყობდა ხმაურის ატეხვა, თორემ ის ადამიანები 23 წელია გვერდიგვერდ ცხოვრობენ და პრობლემა არ ჰქონიათ. სავარაუდოდ, საქართველოს ნარჩენმა ხელისუფლებამ კუდი მოიქნია, თორემ ყველასთვის ცხადია, რომ იქ მინარეთების მიშენება და ახალი ჯამეების მშენებლობა არ მოხდება. საქართველოს კონსტიტუციით საქართველოში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებაა და ამის გარანტიები გვაქვს, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ჩვენს ისტორიაში, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი უჭირავს.

- ეს სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ?

- ჩემი აზრით, ეს საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს ისტორიაში ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს.

ბექა მინდიაშვილი, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი:

- ნიგვზიანელების ნაწილი სასულიერო პირების ხელმძღვანელობით მოქმედებდა და მუსლიმანებისგან მოითხოვდა, რომ პარასკეობით ტრადიციული ლოცვა არ შეასრულონ. ასეა ახლაც. 30-კაციან ჯგუფთან ერთად სასულიერო პირი მივიდა მუსლიმანებთან, და დაემუქრა, რომ ლოცვის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ.

სამწუხაროა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სამართალდამცავები არ მოქმედებენ ადეკვატურად. იმის მაგივრად, რომ მუსლიმ მოსახლეობას გზა გაუხსნან, დამკვირვებლის როლში არიან და ადამიანებს მხოლოდ სიტყვიერად ამშვიდებენ. თუ რეალურად შევაფასებთ, ეს არის მუსლიმანი მოსახლეობის რწმენის თავისუფლების შელახვა, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებაა და კანონით ისჯება. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება თუ, სამართალდამცავები მოკვლევას დაიწყებენ. ეს იქნება საუკეთესო პრევენცია, რათა მომავალში არავის გაუჩნდეს სურვილი, სხვისი რწმენის თავისუფლება შელახოს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)