"გადარეული" გურული "მკვდრეთით აღდგება"? - კვირის პალიტრა

"გადარეული" გურული "მკვდრეთით აღდგება"?

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლანჩხუთელებმა ცხარე ცრემლებით დაიტირეს ქურდულად აღებული და სანაგვეზე გადაგდებული "აჯანყებული გურულის" ძეგლი (გურულები "გადარეულს" ეძახდნენ).

ნეკროლოგები დაიწერა, თუმცა "ორმოცი" არავის გადაუხდია.

ამაზე მოგვიანებით, მანამდე, ყველაზე მეტად, გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ძეგლის აღების ფაქტი დღემდე არავის გაუპროტესტებია.

გურულების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ისტორიული მემკვიდრეობა, შეურაცხყვეს, წაბილწეს და უსინდისოდ დაასამარეს. "წესიერი საფლავიც არ აღირსეს", არც "გაპატიოსნება" ეღირსა. მიაგდეს, როგორც უვარგისი, მოძულებული ნივთი.

მოპარული "გადარეული გურულის" "ცხედარი" წელსქვემოთ შემოხვეული ბრეზენტით, ყოფილი აგრარული ბაზრის უკანა მხარეს დააგდეს, თავქვეშ ღორღის "ბალიში" ამოუდეს.…

შევრცხვით გურულებო,… ბრძოლის ველზე მეთაურდაკარგული მეომრებივით დავიბენით და გავიფანტეთ.…

იდგნენ ლანჩხუთელები და "გადარეული გურულის" დაკარგვით გამოწვეულ დიდ სევდას გულში არ იკლავდნენ - მამაკაცები კაი ლაზათიანად იგინებოდნენ, ქალები წყევლა-კრულვას არ იშურებდნენ, ზოგი საერთოდ დუმდა, მაგრამ ვაი, ამ დუმილს...

მოგეხსენებათ გურულების ამბავი და უმეტესობა დიდი წუხილის გადასაფარად ხუმრობდა კიდეც: "დეიღალა ამ მთავრობის ყურებით, ვერ გაჩერდა ერთ ადგილზე და ახალი აჯანყებისთვის ემზადებაო". იმასაც ამბობდნენ, ეს რომ გაიგეს მავანთ-მავნებმა, შეშინებიათ და იმიტომაც მოუპარავთ ღამის 3 საათზე. ვაითუ მართლა "ადგეს" და რევოლუცია მოგვიწყოსო.

კარგად თქვა, ვინც თქვა, როცა ყველა იძინებს, ამ დროს გადარეული ღამურები თავიანთი ცხოვრების აზრის ძებნას იწყებენო. ან კიდევ, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო... ხოდა ასე მოუვიდა ძეგლის აღების იდეის ავტორსაც. რაც დღისით ვერ გაბედა, ღამის წყვდიადში მოახერხა ფოთიდან ჩამოყვანილი ტექნიკის საშუალებით (ისე, რა ტექნიკა იყო ასეთი, რომ ხმაურიც ვერ გაიგეს ლანჩხუთელებმა?)

ისე ყველაფერი კარგად აგიხდეთ, როგორც ეს ერთი წლის წინ ნათქვამი ხუმრობა ახდა. როგორც ჩანს, ჩვენი "გადარეული რევოლუციონერი გურულის" გადაადგილება მართლა რევოლუციის წინაპირობა გახდა. მერე რა, რომ დააპატიმრეს. მაინც მოახერხა და მოაწყო მშვიდობიანი რევოლუცია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არჩევნები რევოლუცია არ იყო, აგერ მე და აგერ გურულები.

რამდენი წელი იდგა გადარეული გურული და ხმას ვერ იღებდა პირანია ხელისუფლების წინააღმდეგ - გადახრეს მთელი გურია, გზა აღარ გვივარგა და სახელმწიფო შენობა არ დატოვეს არც ერთ სოფელში. მაგრამ ერთ შეცდომას ყველა უშვებსო - ნათქვამია და აი, ნაციონალების მთავარი შეცდომა - არ გააჩერეს "აჯანყებული გურული", ძალად აადგმევინეს ფეხი და მოხდა სასწაული - ასრულდა ოცნება!

ახლა ველოდებით ოცნებაახდენილი გურულები, რომ ჩვენი "აჯანყებული გურული" ისევ ამაყად დადგება ჩვენს ქალაქში. სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებს ცხოვრებისგან დაღლილ გურულებს და ტურისტებს ერთი "ისტორიული ფოტოთი" მეტი კიდევ ექნებათ თავიანთ ალბომში.

ამ თემაზე დღეს არა მარტო "ბირჟაზე", არამედ ტელევიზიების ვიდეოკამერების წინ აქტურად ალაპარაკდნენ ერთი წლის წინ ენაჩავარდნილი ლანჩხუთელები. იმ იმედით, რომ ახალი მთავრობა ღირსეულ ადგილს მიუჩენს ჩვენს "თანამოქალაქეს".

ნანა ჩხაიძე (ლანჩხუთიდან, სპეციალურად საიტისთვის)